"ჩვენი დაქორწინების ამბავი ჩემი მშობლებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო" - კვირის პალიტრა

"ჩვენი დაქორწინების ამბავი ჩემი მშობლებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო"

"გამბედაობა მომემატა და მივახალე - მიყვარხარ-მეთქი. მაკამ ჩემი დამშვიდება სცადა და როცა არ შევეპუე, ხმას აუწია, წადი, ცივი წყალი დალიე და გადაგივლისო"

"მაკა ჩემზე თხუთმეტი წლით უფროსი გახლდათ. რომ გავიცანი, თვრამეტი წლის ბიჭი ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ვემზადებოდი. ყველაზე მეტად ინგლისური ენის გამოცდის მეშინოდა და დედაჩემმაც გადაწყვიტა, მასწავლებელი სახლში აეყვანა, ის კი ჩემი ოცნების ქალი აღმოჩნდა.

პირველი მეცადინეობის შემდეგ დედა მაკას ნამცხვრით გაუმასპინძლდა. მეც იქვე ვიყავი და მაკას პირდაფჩენილი შევყურებდი. მოსაღამოებული იყო, წასვლა რომ დააპირა. წამოვხტი და გაცილება შევთავაზე. იუარა, მაგრამ მშობლებმა საქციელი მომიწონეს. მაკა სახლის ჭიშკრამდე მივაცილე და იმ დღიდან მოსვენება დავკარგე.

მაკა ჩვენთან კვირაში ორჯერ მოდიოდა. დანარჩენ დღეებს მასზე ოცნებასა და მონატრებაში ვატარებდი. ზოგჯერ განგებ იმ ქუჩაზე ჩავივლიდი, სადაც ცხოვრობდა, იქნებ ბედს გაეღიმა და მისთვის თვალი მომეკრა.

მოკლედ, უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები ჩავაბარე და მაკამაც შეწყვიტა ჩვენთან სიარული. ერთხელ, მოსაღამოებულზე, სახლთან დავუდარაჯდი, კარგა ხანს მომიწია ლოდინმა და, როგორც იქნა, გამოჩნდა. რომ დამინახა, გაუკვირდა, აქ საიდან მოხვდიო. რაღაცის თქმა მინდა და ორი წუთით შეგიძლიათ მომისმინოთ-მეთქი? გამიღიმა, რატომაც არაო, და მეც გამბედაობა მომემატა და მივახალე, მიყვარხართ, უთქვენოდ სიცოცხლე არ მინდა-მეთქი. ჯერ გაოცებისგან თვალები გაუდიდდა, რომ გააცნობიერა, რა ვუთხარი, მერე სახეზე ღიმილმა გადაურბინა, რას ამბობ, გადაირიეო? ჩემი დამშვიდება სცადა და როცა არ შევეპუე, ხმას აუწია, წადი, ცივი წყალი დალიე და გადაგივლისო.

ქუჩაში დიდხანს დავბორიალებდი და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. მაკას გარეშე ცხოვრება არ მინდოდა. ასე გავიდა ერთი თვე და მერე ნელ-ნელა მაკა მიმავიწყდა. ცხოვრება ძველებურად მიხაროდა. აი, სიყვარულით კი არც ერთი გოგო აღარ შემყვარებია. არა იმიტომ, რომ ძველებურად მაკაზე ვფიქრობდი. უბრალოდ, მოწონებითაც არავინ მომწონებია. ოთხმა წელიწადმა ჩაიარა. უნივერსიტეტი დავამთავრე და პრესტიჟულ სამსახურში კარგ პოზიციაზეც ვმუშაობდი.

ზამთარი იყო. სამსახურში მისვლისთანავე ყავის ჭიქით ხელში თანამშრომელი შემხვდა. ის ყოველთვის პირველი მოდიოდა და ოფისის კარს ის აღებდა.

- მოდი, გუდაურში წავიდეთ! - მითხრა უცებ. დათოს მუდარით სავსე თვალები ჰქონდა. ვიცოდი, თხილამურებზე სრიალი ძალიან უყვარდა.

- რატომაც არა-მეთქი, რომ ვუთხარი, გახარებული გადამეხვია.

გუდაურში დათოს მეგობრის სახლში დავბინავდით და შუადღისას სათხილამუროდ წავედით. ჩემი და მაკას საბედისწერო შეხვედრაც სწორედ იქ შედგა. დამინახა და ისე შემომცინა, 18 წლისას მის დანახვაზე გული რომ მიჩერდებოდა, მაშინაც ისე დამემართა. შევნიშნე, რომ მაკა დედობრივი მზერით არ მიყურებდა. ისე მათვალიერებდა, როგორც შეიძლება ქალმა სასურველ მამაკაცს შეხედოს. მალევე დავემშვიდობეთ, ეგ იყო, დავთქვით, საღამოს რესტორანში შევხდებოდით...

...ჩვენი დაქორწინების ამბავი ჩემი მშობლებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. დედა ჩემს ამ გადაწყვეტილებას საკუთარ თავს აბრალებდა. ამბობდა, საკმარისი ზრუნვა ვერ გამოვიჩინე, ამიტომაც დედობრივი სითბოს ძიებაში მაკას მიეკედლეო. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. მაკა გულწრფელად მიყვარს.

უკვე სამი წელიწადია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ამას წინათ ჩვენი ახალი ბინისთვის კრედიტის ასაღებად ბანკში ვიყავით. ბანკის თანამშრომელმა მოწიწებით მითხრა, დედათქვენს შეუძლია დაგველოდოსო. როდესაც გაიგო, რომ მაკა ჩემი მეუღლეა, მოგვიბოდიშა. მსგავსი შემთხვევა ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ჩვენ არ გვწყინს. მთავარია, რომ ბედნიერები ვართ.

გიო გ."