"არ მინდა, ჩემს შვილს დედინაცვალი ჰყავდეს" - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ჩემს შვილს დედინაცვალი ჰყავდეს"

ამბობენ, რომ ნაადრევად შექმნილი ოჯახები, ხშირ შემთხვევაში, ინგრევა, არადა, ამ მოსაზრების საპირისპიროდ, ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ მთავარი სიყვარულია!

თუ მოზარდი სიყვარულით, გაცნობიერებულად შექმნის ოჯახს, წყვილის გრძნობა სამუდამო იქნება და ასეთ ოჯახს არც დანგრევა ემუქრება...

გიო, 30 წლის:

- ასე მგონია, ადამიანს, რომელსაც თინეიჯერობის პერიოდში გულწრფელად შეუყვარდება, თუ წყვილი ოჯახს გაცნობიერებულად შექმნის და არა - უბრალოდ, გრძნობას აყოლილი, მაშინ მათი სიყვარული სამუდამო იქნება... ცოლი 19 წლისამ შევირთე. მაშინ ნინო სულ რაღაც 16 წლის იყო. მასზე ჭკუას ვკარგავდი და შეიძლება ითქვას, რომ მოვიტაცე, მიუხედავად იმისა, რომ მისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, სითბოს. უბრალოდ, მას გათხოვება ნაადრევად მიაჩნდა, ჭკვიანი გოგონა იყო და ჯერ სწავლას აპირებდა, მე კი, იურისტობაზე მეოცნებეს ყველანაირი ოცნება მოვუკალი...

- რას გულისხმობ?

- მისმა მშობლებმა რომ გაიგეს, მათი ქალიშვილი მოვიტაცე, დიდი ამბით მომადგნენ ნათესავის ოჯახში და ნინოს დაბრუნება მომთხოვეს. მითხრეს, - შენთან არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებთო! მერე ნინო ეზოში გამოვიდა და ყველას გასაგონად თქვა, - გიო მიყვარს. უბრალოდ, ჯერ არ მოვყვებოდი და ამიტომაც მომიტაცა. გთხოვთ, ოჯახს ნუ დამინგრევთ, საყვარელ ადამიანთან დამტოვეთო. მამამისმა ხელები ასწია, - ჩემს შვილსაც ნდომებია და რაღას ვიზამო? ამის თქმა და, შებრუნდნენ, ჩვენგან უსიტყვოდ წავიდნენ. მათ დავედევნე. ვემუდარებოდი: დაბრუნდით, ჩემს ცოლს გულს ნუ ატკენთ. იცოდეთ, ის ყოველთვის მეყვარება; ვეცდები, ბედნიერი იყოს და სწავლაშიც შევუწყობ ხელს-მეთქი, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდათ.

ნინომ ეს ამბავი განიცადა - მას გული აწუხებდა და გარკვეული პერიოდი, წამლებსაც სვამდა... ცოტა ხანში დაფეხმძიმდა. 3 თვის ორსული იყო, როცა გვითხრეს, რომ მისთვის მშობიარობა დიდი რისკი იყო. ვუთხარი: მუცელი მოიშალე. შვილი რომც ვერ მაჩუქო, მაინც მეყვარები. ჩემთვის პირველ რიგში, შენ ხარ მნიშვნელოვანი-მეთქი. - მერე, შვილიც რომ გვინდა? უშვილო ოჯახი რაღააო? - მითხრა. - ბავშვს ავიყვანთ, გავზრდით და შეგვიყვარდება კიდეც-მეთქი. გაჯიუტდა: მე შვილს აუცილებლად გაჩუქებო! ნინოს ბავშვის მოშორება არ სურდა, ექიმებმა კი მას წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს. მანუგეშებდნენ: იმედია, მისი გული მშობიარობას გაუძლებს და ცოლსაც გადაგირჩენთ და შვილსაცო. სამწუხაროდ, პირობა ვერ შემისრულეს - ნინომ ვაჟი მაჩუქა და იმ ქვეყნად გადაბარგდა. წავიდა, დამტოვა მარტო და ჩემი გული, ყველანაირი გრძნობა თან წაიღო. ახლა მხოლოდ ჩემი შვილისთვის ვცხოვრობ, რომლის ხათრითაც, ნინოს მშობლებმა ჩემთან შერიგება იკადრეს; რომლის ხათრითაც, უფლება მომცეს, ნინო იქ დამესაფლავებინა, სადაც თავად მსურდა... მათზე დღემდე გაბრაზებული ვარ. შვილს ასე ცუდად რომ არ მოჰქცეოდნენ, შეიძლება, ნინოს ამდენი არ ენერვიულა და მისი გული ემოციებით ასე არ დატვირთულიყო...

- ნინოს სიკვდილის შემდეგ, შენს ცხოვრებაში სიყვარულის ახალი ობიექტი არ გამოჩენილა?

- ქალებისკენ გახედვაც არ მინდა. ყველა ქალი ნინოს მახსენებს, მე კი მისი ღალატი არ შემიძლია. ნინო ის ქალია, რომელიც იმ ქვეყნად წავიდა, მაგრამ მაინც, ჩემი გული, სხეული და სული მას ეკუთვნის. არ მინდა, ჩემს შვილს დედინაცვალი ჰყავდეს, მე კი იმ ქვეყნად წასულს, ცოლისთვის თვალებში ჩახედვის შემრცხვეს...

“ოჯახი წელიწადნახევარში დამენგრა”

ქეთა, 20 წლის:

- 2 წელია, რაც ოჯახი შევქმენი. სხვათა შორის, ადამიანი, რომელსაც ცოლად გავყევი, არ მიყვარდა. მის მიმართ უბრალოდ, ლტოლვა მქონდა - ამას ახლა ვხვდები, აქამდე კი თავში მიქროდა და ჩემი მიზანი მხოლოდ გათხოვება, შვილის ყოლა იყო; აღარ მინდოდა მშობლების გარემოცვაში ცხოვრება, რადგანაც ისინი ყველაფერს მიკრძალავდნენ, არსად მიშვებდნენ, გამუდმებით იმას მეუბნებოდნენ: ჯერ გათხოვდი და მერე სადაც გინდა, იქ წადიო. მათმა ზედმეტმა კონტროლმა ოჯახის ნაადრევად შექმნისკენ მიბიძგა.

- და ახლა ამ ნაბიჯს ნანობ?

- ვნანობ იმიტომ, რომ მივხვდი, ადამიანი, რომლის გვერდითაც ვცხოვრობ, არ მიყვარს. გათხოვება ისეთი კარგი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. ჯერ ერთი, სხვა ოჯახში რომ შედიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო, კეთილი ინებო და საოჯახო საქმეებიც აკეთო, ჩემთვის კი ასეთი რაღაცები მეტად მიუღებელი გახლდათ. ხომ იცით, თინეიჯერების ძირითადი მიზანი გართობა, დროის კარგად გაყვანაა, მე კი ოჯახის მძიმე ტვირთი ნაადრევად ავიკიდე. ჩემი ქმარი, რომელსაც ჩემსავით, თავში უქროდა, შინიდან დილით გადიოდა, აქეთ-იქით უსაქმურად დაყიალებდა, კლუბებში გასართობად მიდიოდა, მე კი შინ ყოფნა მქონდა მოსჯილი. ამის გამო ოჯახის წევრებთან უსიამოვნება არაერთხელ მომიხდა. მერე დედამთილი დამიჯდა და ჭკუის დარიგება დამიწყო: შენ გათხოვილი ხარ, გათხოვილ ქალს კი კლუბებში სიარული არ შეეფერება. ქართულ ტრადიციულ ოჯახში შემოხვედი და ეს უნდა გაითვალისწინოო. მოკლედ, “ტვინი გაბურღა”. ჰოდა, სწორედ მაშინ ვინანე, რომ მშობლებისგან მოსჯილ ტყვეობას გათხოვებით “ვუწამლე”. ქმართან მხოლოდ წელიწად-ნახევარი ვიცხოვრე, მერე კი ოჯახი დაგვენგრა. ახლა ფეხმძიმედ ვარ. ის შერიგებას მთხოვს. მეუბნება, რომ შეცდომებს მიხვდა და ოჯახის კაცის იმიჯს მოირგებს, რომ მუშაობის დაწყებას აპირებს, რომ საცხოვრებლად ცალკე გადავალთ, რომ გასართობად მხოლოდ ჩემთან ერთად ივლის, მაგრამ მასთან დაბრუნება აღარ მინდა.

- რატომ? იქნებ მართლა შეიცვალა? იქნებ მეტი თავისუფლება მოგცეს და პირობა შეასრულოს?

- კი, მაგრამ მასთან დაბრუნება მაინც არ მინდა. წლების მატებასთან ერთად, ჭკუაც მომემატა, გემოვნებაც შემეცვალა და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ის არ მიყვარს!

- შვილს მამის გარეშე, დამოუკიდებლად როგორ გაზრდი - ამაზე თუ გიფიქრია?

- დედა მეუბნება, - შეცდომა აღარ დაუშვა. უსიყვარულოდ ცხოვრებას ყველაფერი ჯობია და იცო¬დე, თუ ჩვენთან დარჩენას გადაწყ¬ვეტ, მხარში ამოგიდგები, ბავშვის გაზრდაში დაგეხმარები, შენ კი სწავლა გააგრძელეო. ჰოდა, ახლა მშობლების იმედი მაქვს.

- სწავლის გაგრძელების სურვილი გაქვს?

- როგორ არა! მართალია, ძალიან მხიარული, ანცი და ცოტა არ იყოს, “დარტყმული” ბავშვი ვიყავი, მაგრამ სწავლით კარგად ვსწავლობდი. სხვათა შორის, ძალიან მინდა, თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარო. იმედია, მიზანს მივაღწევ, მაგრამ მანამდე, ჩემი პატარა უნდა მოევლინოს ქვეყნიერებას. იმედია, ის ჩემნაირ შეცდომებს არ დაუშვებს და ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც მის ცხოვრებას წაადგება. მე კი ვეცდები, მის პირადში უხეშად არ ჩავერიო, შვილის მიმართ ზედმეტი მზრუნველობა არ გამოვიჩინო და ამით სულელური გადაწყვეტილების მიღებისკენ არ ვუბიძგო...

“უმაღლესი განათლების გარეშე დავრჩი”

ეკა, 26 წლის:

- 17 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. მაშინ ჩემი ქმარი 19 წლის გახლდათ, მაგრამ მუშაობდა - მამამისს რამდენიმე მინიმარკეტი ჰქონდა და ეხმარებოდა. ვინაიდან იცოდა, რომ მატერიალური პრობლემა არ შეგვექმნებოდა, სკოლა დავამთავრე თუ არა, კობამ ცოლობა მთხოვა. რამდენიმე დღე ვფიქ¬რობ¬დი, ეს ნაბიჯი გადამედგა თუ არა, მაგრამ ბოლოს, სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა და კობასთან ერთად გავიპარე.

- კობა შენი ოჯახის წევრებისთვის მისაღები სასიძო არ იყო?

- როგორ არა, ის დედასაც მოსწონდა და მამასაც, მაგრამ ვინაიდან ასაკით პატარები ვიყავით, ვიცოდით, დაქორწინების ნებას არ მოგვცემდნენ. ჰოდა, ამიტომაც გავიპარეთ... კობამ მამიდის ოჯახში მი¬მიყვანა. რამდენიმე საათში დედამთილ-მამამთილი დამადგნენ თავს და მკითხეს: კობას ნებით გამოჰყევი თუ მოგიტაცაო? - ნებით წამოვყევი-მეთქი. - მაშინ, ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთსო, - მითხრა კობას დედამ და ჩამეხუ¬ტა. თუმცა, იქვე დასძინა: ერთმანეთი თუ გიყვარდათ, ჯობდა, ეს ჩემთვის ადრე გეთქვათ. გირჩევდი, რომ ცოტა ხანი მოგეცადა, უნივერსიტეტში ჩაგებარებინა და უკვე სტუდენტი შემოსულიყავი ჩვენს ოჯახში. ახლა შეიძლება, სწავლაში ხელი შეგეშალოსო...

- გათხოვების შემდეგ სწავლის გაგრძელების შანსი მოგცეს?

- სწავლის შანსი მქონდა, მაგრამ ვინაიდან მალევე დავფეხმძიმდი, უნივერსიტეტში ჩაბარება სამომავლოდ გადავდე. ბავშვი რომ გაჩნდა, მის მოვლა-პატრონობას დიდი დრო მიჰქონდა და ვიფიქრე, - კიდევ ერთი წლით გადავდებ უნივერსიტეტში სწავლას-მეთქი. ბოლოს, ისე დამემართა, როგორც დღემეხვალიე ადამიანებს ემართებათ, - უმაღლესი განათლების გარეშე დავრჩი. ამას ვდარდობ, ქმარი კი დამცინის: სწავლა არ გინდოდა და ახლა შენს უდიპლომობას ნუ მაბრალებო. მინდა, მუშაობა დავიწყო, მაგრამ მაღაზიის გარდა, ჩემი განათლებით ვეღარსად ვიმუშავებ და ამის გამო, გული მწყდება. არადა, თავის დროზე პედიატრობაზე ვოცნებობდი. მიყვარს ბავშვები და მათ სიამოვნებით ვუექიმებდი...

- ნაადრევად შექმნილ ოჯახს ალბათ, თავისებური ხიბლი აქვს...

- როგორ არა, მაგრამ ვიდრე ოჯახურ ცხოვრებას შევეჩვეოდი, არაერთი პრობლემის გადალახვა მომიხდა. წლების მანძილზე ბევრი რამ ვისწავლე და ვფიქრობ, ჩემი შვილებისთვის კარგი დედა ვარ. ისინი დამოუკიდებლად გავზარდე და ახლა თავს ასე ვიმშვიდებ: სასწავლებელში რომ მევლო, შვილებისთვის დრო არ დამრჩებოდა, ისინი ძიძისთვის უნდა მიმეგდო-მეთქი... მომწონს, რომ 26 წლის გოგოს უკვე 8 წლის ქალიშვილი და 7 წლის ვაჟი მყავს. ახლა ვცდილობ, მათ კარგი განათლება მივცე; შვილს აქედანვე ჩავჩიჩინებ: პედიატრობაზე უკეთესი პროფესია არ არსებობს-მეთქი. იმედია, ოცნებას ის მაინც ამიხდენს...

რამ შეიძლება დააბნიოს ახალგაზრდა წყვილი

ქეთი მაღრაძე, ფსიქოლოგი:

- როცა ადამიანი ოჯახს ქმნის, ის მომწიფებული უნდა იყოს როგორც ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, ასევე - სოციალურადაც. თუ ქორწინების მსურველი ადამიანი ჩამოყალიბებული, დამოუ¬კიდებელი არ არის, მაშინ არსებობს რისკი იმისა, რომ წყვილს შორის წარმოიშვას დისჰარმონია, თავი იჩინოს კონფლიქტებმა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეუღლეებს ტრადიცია აიძულებს, მთელი თავისუფალი დრო ერთად გაატარონ. ამან შეიძლება დააბნიოს ახალგაზრდა წყვილი, გამოიწვიოს გაუგებრობა, კამათი, რადგანაც ერთის სურვილი შესაძლოა, მეორისას არ ემთხვეოდეს. ისიც მართალია, რომ ბევრი ახალგაზრდა ოცნებობს, დროის დიდი ნაწილის საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებაზე. ამიტომაც, პირველ ხანებში მეუღლეებს ყველაფერი მიმზიდველი და რომანტიკული ეჩვენებათ, სულ უფრო მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს, მაგრამ მერე, ასეთი ყოფაც ჰბეზრდებათ და საყვარელი ადამიანებისგან დასვენების სურვილი უჩნდებათ, - ასეთ დროსაც ხშირად ხდება წყვილს შორის კონფლიქტი.

- ჩემმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა აღიარა, რომ ძალიან აშინებს შეყვარებულის ეჭვიანი ბუნება... მას რას ურჩევთ?

- ყველა ადამიანი, მეტ-ნაკლებად, ეჭვიანია. ზოგჯერ ადამიანი, რომელიც ქორწინებამდეც ეჭვიანობს, კანონიერი ქორწინების შემდეგ პათოლოგდება ანუ მისი ეჭვიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად იზრდება, ეჭვი კი ადრე თუ გვიან, ოჯახზე აუცილებლად, დამანგრევლად იმოქმედებს...

თუმცა, ბევრი ქალისგან მსმენია და ალბათ, თქვენც იცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ: ჩემი ქმარი ეჭვიანობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვუყვარვარო...

გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ თვითკმაყოფილ ადამიანს სიყვარულის უნარი საერთოდ არ შესწევს. მისთვის მეუღლე მხოლოდ სიამოვნების ობიექტია; მას არ შეუძლია პიროვნების პატივისცემა და მხოლოდ მისი დამორჩილებისკენ მიისწრაფვის... არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საკუთარ თავში დარწმუნებულები არ არიან, არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ და ამის გამო, აზვიადებენ ყველანაირ საფრთხეს, უსიამოვნებას. მეორე ნახევარმა ასეთი პიროვნების ეჭვიანობას შესაძლოა, თავიდან ყურადღებაც არ მიაქციოს, მაგრამ ნელ-ნელა, ესეც დამანგრევლად მოქმედებს ოჯახურ ბედნიერებაზე... ასე რომ, ჯობია, წყვილებმა, რომლებსაც პრობლემა აქვთ, გაბედონ და ფსიქოლოგს გაუზიარონ თავიანთი გასაჭირი. არც ქალმა უნდა მოითმინოს შეურაცხყოფა, დამცირება და არც - კაცმა. პირიქით, ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ თავადაც შევიკავოთ თავი სხვების შეურაცხყოფისგან და მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიმსახურებთ არა მარტო მეუღლის, არამედ გარშემო მყოფების პატივისცემასაც...

ლიკა ქაჯაია