"ოჯახი წელიწადნახევარში დამენგრა" - კვირის პალიტრა

"ოჯახი წელიწადნახევარში დამენგრა"

ამბობენ, რომ ნაადრევად შექმნილი ოჯახები, ხშირ შემთხვევაში, ინგრევა, არადა, ამ მოსაზრების საპირისპიროდ, ბევრი იმასაც ამტკიცებს, რომ მთავარი სიყვარულია!

თუ მოზარდი სიყვარულით, გაცნობიერებულად შექმნის ოჯახს, წყვილის გრძნობა სამუდამო იქნება და ასეთ ოჯახს არც დანგრევა ემუქრება...

ქეთა, 20 წლის:

- 2 წელია, რაც ოჯახი შევქმენი. სხვათა შორის, ადამიანი, რომელსაც ცოლად გავყევი, არ მიყვარდა. მის მიმართ უბრალოდ, ლტოლვა მქონდა - ამას ახლა ვხვდები, აქამდე კი თავში მიქროდა და ჩემი მიზანი მხოლოდ გათხოვება, შვილის ყოლა იყო; აღარ მინდოდა მშობლების გარემოცვაში ცხოვრება, რადგანაც ისინი ყველაფერს მიკრძალავდნენ, არსად მიშვებდნენ, გამუდმებით იმას მეუბნებოდნენ: ჯერ გათხოვდი და მერე სადაც გინდა, იქ წადიო. მათმა ზედმეტმა კონტროლმა ოჯახის ნაადრევად შექმნისკენ მიბიძგა.

- და ახლა ამ ნაბიჯს ნანობ?

- ვნანობ იმიტომ, რომ მივხვდი, ადამიანი, რომლის გვერდითაც ვცხოვრობ, არ მიყვარს. გათხოვება ისეთი კარგი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა. ჯერ ერთი, სხვა ოჯახში რომ შედიხარ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო, კეთილი ინებო და საოჯახო საქმეებიც აკეთო, ჩემთვის კი ასეთი რაღაცები მეტად მიუღებელი გახლდათ. ხომ იცით, თინეიჯერების ძირითადი მიზანი გართობა, დროის კარგად გაყვანაა, მე კი ოჯახის მძიმე ტვირთი ნაადრევად ავიკიდე. ჩემი ქმარი, რომელსაც ჩემსავით, თავში უქროდა, შინიდან დილით გადიოდა, აქეთ-იქით უსაქმურად დაყიალებდა, კლუბებში გასართობად მიდიოდა, მე კი შინ ყოფნა მქონდა მოსჯილი. ამის გამო ოჯახის წევრებთან უსიამოვნება არაერთხელ მომიხდა. მერე დედამთილი დამიჯდა და ჭკუის დარიგება დამიწყო: შენ გათხოვილი ხარ, გათხოვილ ქალს კი კლუბებში სიარული არ შეეფერება. ქართულ ტრადიციულ ოჯახში შემოხვედი და ეს უნდა გაითვალისწინოო. მოკლედ, “ტვინი გაბურღა”. ჰოდა, სწორედ მაშინ ვინანე, რომ მშობლებისგან მოსჯილ ტყვეობას გათხოვებით “ვუწამლე”. ქმართან მხოლოდ წელიწად-ნახევარი ვიცხოვრე, მერე კი ოჯახი დაგვენგრა. ახლა ფეხმძიმედ ვარ. ის შერიგებას მთხოვს. მეუბნება, რომ შეცდომებს მიხვდა და ოჯახის კაცის იმიჯს მოირგებს, რომ მუშაობის დაწყებას აპირებს, რომ საცხოვრებლად ცალკე გადავალთ, რომ გასართობად მხოლოდ ჩემთან ერთად ივლის, მაგრამ მასთან დაბრუნება აღარ მინდა. გაგრძელება