"რძალი ამ სიბერეშიც არ მინდობს, ცდილობს, წურბელასავით გამომწოვოს სისხლი" - კვირის პალიტრა

"რძალი ამ სიბერეშიც არ მინდობს, ცდილობს, წურბელასავით გამომწოვოს სისხლი"

"გამარჯობა. მე ნინა ვარ და მინდა, ჩემ შესახებ გიამბოთ. რძალთან მაქვს პრობლემა. საოცარი ქალია: ოჯახში ისე მივიღე, როგორც ახალშეძენილი შვილი. ვეფოფინებოდი, თან ვყვებოდი და ბოლოს, ჩემი ეს ფერება უკან ცუდად დამიბრუნდა. საქვეყნოდ მლანძღავს, მთათხავს, ჩემი დანაშაული კი მხოლოდ ის არის, რომ თან ვყვებოდი და როგორც საკუთარ შვილს, ისე ვუფრთხილდებოდი, ზედმეტად ვიჩენდი მის მიმართ ყურადღებას. 69 წლის ქალი გახლავართ და ამ სიბერეშიც არ მინდობს; ცდილობს, წურბელასავით გამომწოვოს სისხლი. მომეცით უფლება, თქვენი ჟურნალის მკითხველს გავანდო ჩემი სატკივარი, რასაც საკუთარ ქალიშვილებსაც ვერ ვუმხელ. იქნებ ამით მაინც მოვიოხო გული..."

ქალბატონ ნინას პირადად შევხვდი. სათნო ქალბატონი ჩანს, თბილი, რომელმაც მეც ისე ჩამიხუტა გულში, როგორც დიდი ხნის ნაცნობი.

- ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, როცა ჩემს ოჯახში შემოვიდა ძალიან ლამაზი, ცქრიალა გოგო. ვიმედოვნებდი, რომ გულიც ისეთივე სუფთა ექნებოდა, როგორც გამოიყურებოდა, მაგრამ შევცდი. მას და ჩემს შვილს ერთმანეთი სკოლის მერხიდან უყვარდათ და როცა სკოლის დამთავრების შემდეგ ვაჟმა გამომიცხადა, ცოლად მარი უნდა შევირთოო, მისთვის უარი არ მითქვამს. ოჯახში მივიღე, ლამის ქალიშვილები დავივიწყდე და მისი მფარველობა ვიკისრე. როგორც საკუთარ შვილებს ვუვლიდი, ისე ვპატრონობდი მასაც. ქმრის ტანისამოსს კი არა, საკუთარსაც არ ვარეცხინებდი. ვცდილობდი, სტუდენტისთვის მაქსიმალურად შემეწყო ხელი, რათა კარგი განათლება მიეღო. მის სტუმრებსაც ვუმასპინძლებოდი. ბევრჯერ ცუდად ვყოფილვარ, მაგრამ მისი მეგობრებისთვის ეს არ მიგრძნობიანებია და ამაში იმედია, მისი სამეგობროც დამერწუნება (თუ ოდესმე საჭირო გახდება).

- ანუ თავიდან თქვენ მიმართ ისიც კეთილგანწყობილი იყო, არა? ვფიქრობ, სხვანაირად მის მოსამსახურეობას არ იკისრებდით...

- ასე ვფიქრობდი, მაგრამ თურმე, ზურგს უკან ყოველთვის დამცინოდა. სამწუხაროდ, ამას ძალიან გვიან მივხვდი. როცა ის და მისი დაქალები კარს მომიხურავდნენ, მორჩილად, უკან ვიხევდი. ამ დროს ეტყობა, ჩემზე ღადაობდნენ (როგორც ახალგაზრდები ამბობთ ხოლმე). რაღაც პერიოდის შემდეგ ან თავად გამომიძახებდა, - ესა და ეს მინდაო, ან მე ვუკაკუნებდი კარზე: რაიმე ხომ არ გჭირდებთ-მეთქი? როცა დაფეხმძიმდა, ასმაგად მობილიზებული ვიყავი, რომ მისთვის რაიმე არ მომეკლო. ჩემს ქმარს არ მოსწონდა, ასე რომ ვეფოფინებოდი და მეუბნებოდა: გაჩერდი, ზედმეტი ყურადღებაც არ ვარგაო, მაგრამ მე ჯიუტად განვაგრძობდი რძლის პატივისცემას. ის კი არა, ჩემმა ქალიშვილებმაც ეჭვიანობა დაიწყეს, - დედას ახალშემოსული ადამიანი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ჩვენო. გაგრძელება