"უსაქმური და ლოთი ქმარი არავის უნდა. ყოფილ ცოლს შვილის გამო ბინაც ვაჩუქე..."
"უსაქმური და ლოთი ქმარი არავის უნდა. ყოფილ ცოლს შვილის გამო ბინაც ვაჩუქე..."
ერთ დღესაც დამირეკა. მისი ხმის გაგონებამ ბავშვივით გამახარა, აბა, ერთ კვირაში გელოდები, ქორწილი მაქვს, მეჯვარე შენ უნდა იყოო

ძვირფასო რედაქცია, ერთი ძალიან კარგი ადამიანის შესახებ მინდა გიამბოთ.

ჩემი სამსახური ქალაქის ცენტრალურ უბანში იყო, მე კი გარეუბანში ვცხოვრობდი და სახლიდან სამსახურამდე ავტობუსით მგზავრობა მიწევდა. იმ დღეს სამსახურში ვაგვიანებდი, ამიტომ ტაქსით წასვლა ვამჯობინე. ქუჩის კუთხეში ტაქსისნიშნიანი ძველი მანქანა შევნიშნე, მძღოლი ახლოს სიგარეტს ზანტად ეწეოდა. მივუახლოვდი და მგზავრობის საფასურად ის თანხა დავუსახელე, რისი
საშუალებაც მქონდა."ჩაჯექი, წავიდეთო,–მითხრა და სიგარეტის ნამწვი გადააგდო. მძღოლი ორმოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა და ხანში შესულ პიერ რიშარს ჰგავდა, რამაც, ცოტა არ იყოს, გამახალისა.

მეორე დილას გაჩერებაზე გამოსული შორიახლოს მდგარმა "პიერ რიშარმა" შემნიშნა, მანქანიდან გადმოხტა და ხელის ქნევით მანიშნა,"მოდი, ჩაჯექიო. ჟესტითვე ვანიშნე, არ მინდა-მეთქი. მანქანაში ჩაჯდა და
მომიახლოვდა." ხუთ ლარად წაგიყვანო, არ მომეშვა. დავყაბულდი."კოკა მქვიაო,–მითხრა გზაში და ხელი გამომიწოდა. მეც გავეცანი.

- ამ გზას ყოველდღე გადიხარ?-მკითხა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
- მთელი კვირა ოც ლარად გატარებ!- შემომთავაზა უცებ.

ჭკუაში დამიჯდა და დავთანხმდი. ასე გახდა კოკა ჩემი პერსონალური მძღოლი. ყოველ დილით დათქმულ დროზე პირდაპირ ჩემი სახლის სადარბაზოსთან მხვდებოდა. თითქმის ექვსი თვის განმავლობაში მაკითხავდა და არც ერთხელ არ დაუგვიანია. დროთა განმავლობაში ერთმანეთი უკეთ გავიცანით. საცობში დგომისას თავის ცხოვრებაზე მიყვებოდა. კარგი ადამიანი იყო, უბრალოდ არ უმართლებდა. ბევრს ეწეოდა და ახველებდა. მიამბო, ფილტვების ანთება სამჯერ გადავიტანეო. ვუსაყვედურე, რატომღა ეწევი-მეთქი და ხელი ჩაიქნია.

თურმე ერთ პრესტიჟულ ფირმაში მძღოლად მუშაობდა და კარგი ხელფასიც ჰქონდა. ერთხელ აეროპორტში საზღვარგარეთიდან ჩამოფრენილ ხელმძღვანელობას უნდა დახვედროდა. დაგვიანება არც მაშინ უყვარდა და აეროპორტისკენ საათ-ნახევრით ადრე გასწია. ხომ ვთქვი, არ უმართლებს-მეთქი და გზაში ჯერ მანქანა გაუფუჭდა და როცა, როგორც იქნა, შეაკეთა, მერე უშველებელ საცობში მოხვდა. იქ მისულს დაღლილი და უკმაყოფილო ხელმძღვანელობა დახვდა. სამსახური მეორე დღესვე დაატოვებინეს, თანაც აიძულეს, განცხადება საკუთარი სურვილით გათავისუფლებაზე დაეწერა. შეურაცხყოფილი დეპრესიამ შეიპყრო, სასმელს მიეძალა. უმუშევრობამ ოჯახში ვითარება ნელ-ნელა დაძაბა. ბოლოს ცოლმა გამოუცხადა, ჩემი სარჩენი როდემდე უნდა იყოო და ერთ მშვენიერ დღეს სახლის კარი გაიხურა და მისი ცხოვრებიდან გაქრა. გვიან შეიტყო, რომ გათხოვილა.

- ალბათ, როგორ გაბრაზდი? - ვკითხე მე.
- არა, არ ვადანაშაულებ. უსაქმური და ლოთი ქმარი არავის უნდა. შვილის გამო ბინაც ვაჩუქე...
გაოცებული ვუსმენდი. თურმე ერთადერთ ქალიშვილს თვეში ერთხელ ხედავდა და როგორც შეეძლო, ეხმარებოდა, თვითონ კი საცხოვრებელი არ ჰქონდა.

- ახლა ბინას ქირაობ? - ვკითხე.
- არა, მაგდენს ვერ ვშოულობ, ამიტომ კარგი გამოსავალი ვიპოვე, მანქანაში მძინავს.
კიდევ უფრო გავოცდი. ასეთი მოწესრიგებული უსახლკარო ადამიანი არ მენახა. ყოველთვის სუფთად ეცვა.

- ნათესავები არ გყავს?
- სოფელში დეიდა მყავს, მაგრამ დიდი ოჯახი აქვს, ჩემი პრობლემებით ვერ შევაწუხებ. გარდა ამისა, იქ სმის გარდა, რა უნდა ვაკეთო...
ერთხელ კოკას ელექტროსაპარსი ვაჩუქე. სიხარულისგან გადაირია,"რამდენი წელია ჩემთვის არავის არაფერი უჩუქებიაო. მისი სიხარული მეც მახარებდა.

ყველაზე მთავარი მერე მოხდა.
ერთხელ, მოსაღამოებულს, მობილური ტელეფონით დამირეკა. ძველი "ნოკია" ჰქონდა, რომელსაც გულის ჯიბით დაატარებდა.
- ავთო, შეგიძლია ჩამოხვიდე? კორპუსთან გელოდები...

ჩავედი. როგორღაც მორიდებით მიყურებდა და საუბრის დაწყება უჭირდა.
- ხვალ დილით ვერ გამოგივლი...

- რა პრობლემაა,- გავუღიმე, - ზეგ იყოს...
- ვერც ზეგ. მივდივარ.

- სად?- გამიკვირდა.
- ბათუმში...

- მერე რა, როცა ჩამოხვალ, ისევ ძველებურად მომაკითხავ.
- აბა, რა გითხრა, მგონი, სამუდამოდ მივდივარ. აქამდე არ გეუბნებოდი, იმიტომ, რომ თავადაც არ ვიცოდი, ჩემს თავს რა ხდებოდა... საქმე ის არის, რომ ერთი ქალი გავიცანი და... სადგურზე შემხვდა, ტაქსი სჭირდებოდა. მერე რაღაც საქმეებზე დავატარებდი. პატარა ბიზნესი აქვს... მოკლედ, მასთან ერთად მივემგზავრები...

გულწრფელად გამიხარდა და გადა­ვეხვიე.

- იცი, მგონი, ბედნიერებამ მეც მომიკაკუნა. წარმოიდგინე, სამი შვილი ჰყავს და საკუთარი სახლი აქვს, მეც ვიმუშავებ, მეტი რა მინდა?!.. თანაც ძალიან მომწონს, ახლა მაინც ავაწყობ ცხოვრებას. ერთი ეგ არის, გული მწყდება, შენ რომ ვეღარ გნახავ.

ძველი მეგობრებივით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. დავამშვიდე, სხვა ქვეყანაში ხომ არ მიდიხარ, ხან მე დაგირეკავ, ხანაც შენ, ბათუმში თუ მოვხვდი, აუცილებლად გნახავ-მეთქი. ბავშვივით ჰქონდა თვალები ცრემლით სავსე. გადამეხვია, მერე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
მე კი ჩვეული ცხოვრებით გავაგრძელე ცხოვრება. ეგ იყო, დილით ტაქსით აღარ მივდიოდი სამსახურში. კარგა ხანს კორპუსიდან გასულს, სადაც კოკა მხვდებოდა ხოლმე, მეჩვენებოდა, რომ თავისი ძველი მანქანით ისევ იდგა და მელოდა.

მერე და მერე მიმავიწყდა და ერთ დღესაც დამირეკა. მისი ხმის გაგონებამ ბავშვივით გამახარა, აბა, ერთ კვირაში გელოდები, ქორწილი მაქვს, მეჯვარე შენ უნდა იყოო.

ახლა ქორწილისთვის ვემზადები. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ კოკას, როდის გადავეხვევი და ბედნიერებას კიდევ ერთხელ ვუსურვებ.
Guram
28 მაისი 2018 06:51
ქორწილში სიმამოვნებით წამოვიდოდი.....
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები