"რა უფლება აქვთ მშობლებს საქმროს რომ მიწუნებენ?" - კვირის პალიტრა

"რა უფლება აქვთ მშობლებს საქმროს რომ მიწუნებენ?"

თუ ჩვენს რუბრიკას თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ ბევრი რესპონდენტი ჩივის, - მშობლებმა ჩემი საქმრო ან საცოლე დაიწუნესო...

მიზეზი ცხადია, სხვადასხვაგვარია, მაგრამ ძირითადად, მათ გარეგნობის ან ასაკის გამო იწუნებენ, დაწუნებული სასიძო-სარძლოების რიცხვი კი ალბათ დამეთანხმებით, არც ისე მცირეა, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ასაკოვანი ადამიანის შეყვარება თითქოს, მოდურ ტენდენციად იქცა.

მარიამი, 19 წლის:

- ჩემი მშობლები ისეთ სასიძოს ეძებენ, როგორსაც სანთლით რომ ეძებო, ვერ იპოვი. ალბათ, უნდათ, შინაბერა შვილი ჰყავდეთ, მე კი ეს არ მაწყობს და ამიტომაც, მათგან დამოუკიდებლად ვეძებ საქმროს. თუმცა, რაღას ვეძებ, უკვე ვიპოვე და მის გვერდით თავს ბედნიერად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, შეიძლება ამის გამო მშობლები დავკარგო.

- ანუ გაუთხოვრობას ვერ შეეგუები, მაგრამ მშობლებს იოლად შეელევი?

- არც მასეა საქმე, მაგრამ... უფროსებს ვერ შევაგნებინე, რომ ჩემს არჩევანს პატივი უნდა სცენ. ჯერ იყო და, ჩემს პროფესიულ არჩევანში უხეშად ჩაერივნენ - მათი წყალობით ახლა სტომატოლოგიურზე ვსწავლობ, ეს პროფესია კი საერთოდ არ მიზიდავს. მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, მაგრამ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს - ჩვენი შვილი არ შეიძლება, სცენაზე იდგეს და ხალხს ართობდესო; ახლა კიდევ, საქმროს მიწუნებენ. მითხარით, რა უფლება აქვთ? მხოლოდ იმიტომ, რომ ვაჟა სოფლიდანაა და ჩემზე ოდნავ დაბალია, მისი დაწუნება, აბუჩად აგდება შეიძლება?.. ერთხანს შეყვარებული არც მელაპარაკებოდა, რადგან ჭორიკანებმა ენა მიურბენინეს, - სასიდედრო ლენინს გადარებს და გიწუნებსო. გაგრძელება