"მართალია, უკვე ცოლს გაშორებული ვარ, მაგრამ მათი ყბიდან მაინც ვერ ამოვედი..." - კვირის პალიტრა

"მართალია, უკვე ცოლს გაშორებული ვარ, მაგრამ მათი ყბიდან მაინც ვერ ამოვედი..."

სამწუხაროა, მაგრამ ხშირად, მამაკაცები ქალებზე ძალადობენ, ცოლებს შეურაცხყოფას საზოგადოებაში ყოფნის დროსაც კი აყენებენ და ჰგონიათ, რომ მანდილოსნების დაჩაგვრა ყველა მამაკაცის ვალია;

ფიქრობენ, რომ "ნამდვილ კაცს" ცოლი შიშით, კრძალვით უნდა ექცეოდეს, ძაღლივით ერთგული უნდა იყოს; რაც მთავარია, არცთუ ისე იშვიათად მიზანსაც აღწევენ: ქალები დამცირებას მორჩილად იტანენ, რადგანაც ამა თუ იმ მიზეზის გამო, ოჯახის დანგრევა არ სურთ. მაგრამ არსებობენ ისეთი ქალებიც, რომლებიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ ემორჩილებიან, უფრო მეტიც - მამაკაცებზე თავად ძალადობენ; თუ რა ფორმით, ამაზე ჩემი რესპონდენტების გულახდილი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ბერდია, 54 წლის:

"ყოველთვის კაცური კაცის სახელი მქონდა, მაგრამ მას მერე, რაც ცოლი ტილივით თავზე ამახოხდა, მეგობრების დაცინვის ობიექტად ვიქეცი. მართალია, უკვე ცოლს გაშორებული ვარ, მაგრამ მათი ყბიდან მაინც ვერ ამოვედი... იზო რომ გავიცანი, 18 წლის გახლდით, ის კი 16-ის იყო. სიფრიფანა, ნაზმა არსებამ დანახვისთანავე მომხიბლა და მას მერე თითქმის ყოველდღე, სატრფოს სანახავად მეზობელ სოფელში დავდიოდი. ბოლოს იმდენი ვქენი, რომ თავი შევაყვარე, მაგრამ მისი მშობლები გვარს, ოჯახს მიწუნებდნენ და ამბობდნენ, - ჩვენი ქალიშვილი სულ მცირე, თავადური გვარის მქონეს უნდა მივათხოვოთ, ეს გლახაკი კი გლეხადაც არ ივარგებს და ჩვენს შვილს ქმრობას როგორ გაუწევსო?! მათზე გაბრაზებულმა, ჟინი გამოვიჩინე, ჯერ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მერე კი იზო მოვიტაცე და ცოლად დავისვი. მართალია, მისმა მშობლებმა მილიციაც მომისიეს და მთელი სანათესავოც, მაგრამ ქალი არ დავთმე, თან - არც იზომ მოინდომა ჩემგან წასვლა და სიდედრ-სიმამრიც ბედს შეეგუა. თუმცა დამემუქრნენ: თუ ჩვენს ქალიშვილს დედოფალივით არ აცხოვრებ, რაიმეს მოაკლებ, იცოდე, საქმე ჩვენთან გექნებაო. მათი მუქარა ერთ ყურში შევუშვი და მეორიდან გამოვუშვი, მაგრამ იზო ისე მიყვარდა, რომ მას მართლაც, ხელისგულზე ვატარებდი; მთელი დღე ვიშიმშილებდი, ოღონდ მას არ მოჰკლებოდა რამე. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი კიდეც. მაშინ ცხოვრება არ ჭირდა და საკუთარ ოჯახს თავად ვარჩენდი. ვინაიდან ცოლი მალევე არ დაფეხმძიმდა, მასაც მივეცი საშუალება, ესწავლა. ნიჭიერ გოგოს სამედიცინოზე ჩაბარება არ გასჭირვებია. ჰოდა, თავშიც აუვარდა: აქაოდა, მომავალი ექიმი ვარ, ყველამ პატივი მეცითო, ჩემს მშობლებს უკვე ზემოდან დაჰყურებდა, მეც ქედმაღლურად მექცეოდა, მაგრამ ამას მაშინ ვერც ვამჩნევდი, უფრო სწორად - ამ დასამიწებელ თვალებს ვხუჭავდი, არ მინდოდა, მასში რაიმე ისეთი დამენახა, რაც გულს ამიცრუებდა. სამწუხაროდ, მალე მომიხდა თვალების ფართოდ გახელა... იზომ იმდენი ქნა, რომ სოფელში სახლ-კარი გაგვაყიდვინა და საცხოვრებლად თბილისში გადმოვბარგდით. მართალია, ჩემს მშობლებს საკუთარი შრომით შეძენილი ქონების გაყიდვა ეძნელებოდათ, მაგრამ დედისერთა ბიჭის სურვილს წინ ვერ აღუდგნენ...

მალე იზოსა და დედაჩემს შორის ურთიერთობა საშინლად დაიძაბა. დედა მირჩევდა: ცოლს ხელი კარგად მოჰკიდე, თორემ იცოდე, ეგ ჩიტი გაგიფრინდებაო. დედაზე ვბრაზობდი, - რა ეჭვიანი გახდა-მეთქი და იზოს სრულ თავისუფლებას ვაძლევდი. როცა რძალ-დედამთილის ჩხუბი ყელში ამომივიდა, გადავწყვიტე, ცოლთან ერთად, საცხოვრებლად ცალკე გადავსულიყავი და ასეც მოვიქეცი. ბინა ვიქირავეთ. თავიდან იზო საოჯახო საქმეებს ხალისით აკეთებდა, მაგრამ მერე სიზარმაცის სენი შეეყარა და შინ დაბრუნებულს ხშირად ქვეშაგებიც კი აულაგებელი მხვდებოდა. მართალია, მასზე ვბრაზობდი, მაგრამ საყვედურის თქმას ვერ ვბედავდი - ის ხომ ჩემი ქალღმერთი იყო და მეგონა, წიგნების გადამკიდეს, საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად დრო არ რჩებოდა. ჰოდა, შინ დაბრუნებული, არა მარტო სახლს ვალაგებდი, არამედ კერძებსაც ვამზადებდი, ის კი უკვე გაშლილ სუფრას მართლაც დედოფალივით მიუჯდებოდა ხოლმე და თან, ნახელავს მიწუნებდა. თურმე მაშინ რა იდიოტი ვიყავი!..

ერთ დღეს, შინ დაბრუნებულს ასეთი შინაარსის წერილი დამხვდა: ჩემზე ნუ ინერვიულებ, კურსელებთან ერთად საქეიფოდ მივდივარ და დამაგვიანდებაო. გავბრაზდი, მაგრამ ცხადია, ღამის 2 საათზე შინ მობრძანებული ცოლისთვის ზედმეტი არაფერი მითქვამს. უფრო მეტიც - ყურმოჭრილი მონასავით მივეგებე და, - ნასვამი ხომ არ ხარ, რაიმე ხომ არ გესიამოვნება-მეთქი? - ვკითხე. - შენს მჟავე სახეს თუ არ დამანახვებ, ბედნიერი ვიქნებიო. ვიფიქრე, ალბათ, ზომაზე მეტი დალია-მეთქი და პასუხი არ დავუბრუნე, ტანთ გავხადე და ლოგინი გავუშალე. მეორე დღეს მხოლოდ ის ვკითხე, - როგორი დრო ატარე-მეთქი? მიპასუხა: ისეთი, როგორსაც დედოფლები იმსახურებენ, მაგრამ შენ დროს ტარების რა გაგეგებაო?!. იმ დღის შემდეგ ხშირ-ხშირად მიდიოდა "საქეიფოდ". თავიდან მაგიდაზე წერილს მაინც მიტოვებდა, მერე კი ამის ღირსადაც აღარ მხდიდა, მასხრად მიგდებდა. როცა მოთმინების ფიალა ამევსო და ვუთხარი, - იქნებ, რაიმედ ჩამაგდო და ის მაინც გამაგებინო ხოლმე, ვისთან ერთად და სად მიდიხარ-მეთქი, - მიპასუხა: ახლა გამოფხიზლდი? ჩემო კარგო, უკვე გვიანია, რქები გადგას და ვერ ხედავო. იმდენად სულელი ვიყავი, რომ ვერ მივხვდი, რა რქებზე იყო ლაპარაკი და ვთხოვე, - იქნებ, აწი მაინც მოხვიდე აზრზე: როცა სადმე წახვალ, გამაფრთხილე-მეთქი! დამცინავად შემომხედა, მერე ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. ხელებში ვეცი, - რას აკეთებ-მეთქი?! - იმას, რასაც ახლა ბევრი გოგო აკეთებს, მაგრამ შენ დროს ჩამორჩი, საკუთარი ცხვირის იქით ვეღარაფერს ხედავო. - ეგ შენი ჯანმრთელობისთვის მავნეა, ბოლოს და ბოლოს, მომავალი დედა ხარ-მეთქი. - ექიმს რას მასწავლი, რაა ჩემთვის სასარგებლო და რა - არა? შენ ჯობია, სამსახურში წახვიდე და შინ დაბრუნებულმა სიგარეტი წამომიღოო... სახლიდან გიჟივით გავვარდი. ვხვდებოდი, რომ ჩემს თავს რაღაც ცუდი ხდებოდა, მაგრამ - რა, ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. მეგობრები მეუბნებოდნენ: ცოლს მიხედე, მისი საქციელი არ მოგვწონსო და ამის გამო ყველა ნაღდი ძმაკაცი დავკარგე... იმ დღეს 25 წელი მისრულდებოდა. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, ჩემთვის დაბადების დღე გადაეხადათ და სიდედრ-სიმამრიც კი დამიპატიჟეს. იზო მზრუნველი ცოლივით, თავს მევლებოდა, აღარ იცოდა, სტუმრების თანდასწრებით ჩემთვის პატივი როგორ ეცა, მაგრამ მას მერე, რაც ჩემი ბავშვობის დროინდელი დაქალები შეუჩნდნენ, - ცოტა ჩვენთან ერთად დალიეო, - და მათი წინადადება მიიღო, "გააფრინა": სამი ჭიქა ღვინო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გულახდილობის ხასიათზე დამდგარიყო და ჩემზე თქვა, რომ "ჩმორი" ვარ, საოჯახო საქმეებსაც ვაკეთებ, ტანსაცმელსაც ვურეცხავ, რომ წლებია, საკუთარი საცვლებიც კი არ გაურეცხავს და ა.შ. სტუმრებიდან ზოგიერთს შევეცოდე, ზოგმაც დამცინავად შემომხედა; სიდედრი კმაყოფილი ჩანდა, სიმამრი კი - ოდნავ დარცხვენილი, თუმცა შვილის "ვაჟკაცობით" კმაყოფილი იყო. იზო ოთახიდან გავიყვანე, - რაებს ამბობ? სირცხვილია, თავს ნუ მჭრი-მეთქი! - უკვე მოჭრილი გაქვს, მაგრამ გგონია, რომ მაინც მხრებზე გადგასო... იმ დღეს მაგრად ვიჩხუბეთ და ის სახლიდან წავიდა. სიდედრმა სახალხოდ გამომლანძღა: მესმოდა, ჩემს შვილს რომ ეჩხუბებოდი და ახლავე მითხარი, ასეთი რა უქენი, ყველანი რომ მიგვატოვაო?! მას დედაჩემი ეძგერა, - თქვენი დასაჩაგრი შვილი არ გამიზრდიაო, - მერე საქმეში კაცებიც ჩაერთვნენ და დაიწყო საქმის გარჩევა. ვისაც სინდისი ჰქონდა, სასწრაფოდ დატოვა ჩვენი სახლი, მაგრამ სეირის მოყვარულებს რა გამოლევს?! ზოგს ვითომ გული შესტკიოდა ჩვენზე და დარჩა. სულ რაღაც 1 საათში იზო ვიღაც კაცთან ერთად დაბრუნდა და თქვა, - ეს ჩემი მეგობარიაო, - მერე კი მშობლებს სთხოვა, ამ სახლიდან სასწრაფოდ წავიდეთ, ამ მხეცებთან არაფერი გვესაქმებაო. გაოგნებულმა ვერაფერი მოვიფიქრე, ვიდექი და ისე ვიყურებოდი, როგორც მარგალიტას ქმარი ფილმიდან - "შერეკილები" და ლამის, იმ უცხო კაცს ისიც ვუთხარი: თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ-მეთქი... მეორე დღეს "კეთილისმსურველმა" შემატყობინა: შენი ცოლი გათხოვილა! ეს რა გავიგე, ამისთანა კარგ ბიჭს ასე როგორ მოგექცაო?!. მოკლედ, სიმართლეს რომ მივხვდი, უკვე გვიანი იყო. მას შემდეგ გადავწყვიტე, - ყველა ქალი ერთნაირია, მათზე შური უნდა ვიძიო-მეთქი და ვაღიარებ, ათასი ქალის ცოდვა მაწევს კისერზე, რასაც დღეს ძალიან, ძალიან ვნანობ... მაინტერესებს - თქვენ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს, როგორ შეგიძლიათ, იყოთ ასეთი უგულოები?! კაცების სიყვარულით ბოროტად რატომ სარგებლობთ?! ახლა მჯერა, რომ ქალს კარგი მათრახი სჭირდება, რათა ხელიდან არ წავიდეს. არც ჩემი იზო გახლდათ ცუდი ადამიანი, მაგრამ მას მერე, რაც თავი დედოფლად ვაგრძნობინე, საკუთარ თავს ყველაფრის უფლება მისცა... არ გაინტერესებთ, ახლა როგორ ცხოვრობს? საოცრად ეჭვიანი ქმარი ჰყავს, რომელიც მის ოჯახს ჩაესიძა. იზო საბერძნეთშია გადახვეწილი, რათა ეჭვიანი და ლოთი ქმარი და შვილები არჩინოს. აქ რომ იყო, ყოველდღე ცემაში ხდიდნენ სულს მხოლოდ იმიტომ, რომ ექიმი ქალი პურის ფულს ვერ შოულობდა... მე კი, მართალია, 38 წლის ასაკში შევირთე ცოლი, მაგრამ ისე, რომ არ მყვარებია. ჰოდა, მან იცის, როგორ უნდა მოექცეს ქმარს. კაცებო, ქალს მათრახი მართლა სჭირდება, ეს დაიმახსოვრეთ! ნუ იქნებით ჩემსავით სუსტები, თორემ გადაგივლიან".

ლიკა ქაჯაია ჟურნალი "გზა"