ქალები VS კაცები - კვირის პალიტრა

ქალები VS კაცები

მეგონა, ერთი ვრცელი წერილითა და გამოხმაურებებით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ "სირაქლემას სინდრომით" დაავადებულ მამაკაცთა ცხოვრებამ არა მარტო ქალების, ძლიერი სქესის წარმომადგენელთა ინტერესიც გამოიწვია. ქალები ხომ მიკავშირდებიან და აღშფოთებით მიამბობენ თავიანთ რთულ ცხოვრებაზე, მათ არც კაცები ჩამორჩებიან.

"მარინა, ყველას ერთ ტაფაში რატომ "გვხრაკავთ"? რა დავაშავეთ იმ მამაკაცებმა, რომლებიც დღესა და ღამეს ვასწორებთ, რომ ოჯახს არაფერი მოვაკლოთ?" - განაწყენებულმა მამაკაცმა დამირეკა და ამბავი მიამბო.

გიორგი: ბედნიერ კაცად მიმაჩნია თავი, რასაც ჩემს მეგობარზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. მე და სანდრო ერთად ვმუშაობდით, მერე აირია ქვეყანა, ვიღას უნდოდა მსუბუქი მრეწველობა და დავრჩით უსამსახუროდ. გადავწყვიტე რუსეთში მეცადა ბედი, ცოლ-შვილს ხომ ვერ დავამშევდი და  ნათესავთან გავემგზავრე. სანდროსაც შევთავაზე, შენც წამოდი-მეთქი, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრა, - მირჩევნია აქ გავიჭირვო და ოჯახთან ერთად ვიყო, ვიდრე შორს გადავიხვეწო და ყოველდღე ვნერვიულობდე ცოლ-შვილზეო.

გამიმართლა, ისეთ საქმეს მოვკიდე ხელი, მოგება რომ მომიტანა, ბიზნესი გავაფართოვე და  კიდევ ოცამდე ქართველი დავასაქმე, ოჯახს ყოველთვე საკმაოდ დიდ თანხას ვუგზავნიდი და კმაყოფილი მყავდა. ერთხანს ცოლი და უმცროსი შვილი ჩემთან იყვნენ, უფროსები სიდედრ-სიმამრთან ცხოვრობდნენ თბილისში. ბოლოს, მოგვბეზრდა დაქსაქსულად ყოფნა და თბილისში დავბრუნდით. სანდროს ამბავი  ვიკითხე, - ჯერ იტაქსავა თურმე (ერთ საღამოს დააყაჩაღეს, თავიც გაუტეხეს და რაც ფული ჰქონდა, წაართვეს), ერთხანს მშენებლობაზეც უმუშავია, მაგრამ ხარაჩოდან ჩამოვარდნილა და სერიოზულად დაზიანებია მარჯვენა ფეხი, მერე პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის სადგომზე მანქანების დაცვა დაუვალებიათ.

არც იქ გაუმართლა - ღამით ერთი მანქანა გაუძარცვავთ და მის პატრონს სანდროსთვის მოუთხოვია დანაკლისის ანაზღაურება. იმას აბა რა გააჩნდა და, პროცენტიანი  ვალი აუღია, მერე, პროცენტი რომ დაუგროვდა, ბინა გაუყიდია. მისი  მეუღლე ამ ფაქტმა ისე გააცოფა, დღენიადაგ ეჩხუბებოდა თურმე. უქნარა რომ ყოფილიყო, მსმელი, შფოთისთავი, გამართლება კიდევ ექნებოდა ცოლის პრეტენზიებს, მაგრამ სანდრო არასოდეს ყოფილა მუქთახორა, შრომობდა და იბრძოდა ლუკმაპურის მოსაპოვებლად.

მე რომ ჩამოვედი, ის უკვე გალოთებული დამხვდა. როგორ არ ვეცადე, ვეღარაფრით მოვაბრუნე სააქაოს. საერთო მეგობრებმა მითხრეს, მისი ცოლის გადამკიდეს, ან კი როგორ უდგას სული პირშიო. დღე არ გავიდოდა, სკანდალი არ მოეწყო ქმრისთვის. სანდრო ვერაფერს ეუბნებოდა და დარდისგან სვამდა და სვამდა. მერე ციროზი დაემართა და ამ ორი წლის წინ გარდაიცვალა. მჯერა,  ცოლი რომ მხარში ამოსდგომოდა და ხელი შეეწყო, სანდრო თავისი დაუღალავი შრომით ნელ-ნელა ფეხზე დადგებოდა. ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ კაცი მთლად წყალწაღებული და ნამუსგარეცხილი არ არის, კარგი ქალი შეძლებს ოჯახის გადარჩენას...

ლევანი: ჩემი  ნაცნობის ცოლმა საყვარლები გაიჩინა, როცა ქმარმა პატიოსანი შრომით მისი  კაპრიზების შესრულება ვეღარ შეძლო, სხვასთან წავიდა.

ფულიან საყვარლებს ეძებდა. ლამაზი ქალი კი იყო და მასზე უარს ვინ იტყოდა?  ქმრის ახლობლებმა ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ ვერაფერს ეუბნებოდნენ... ეშინოდათ, ტრაგედიით არ დამთავრებულიყო ცოლ-ქმრის ურთიერთობა. ორი შვილი ჰყავდათ, ხან ერთ ბებიასთან იყვნენ, ხან - მეორესთან... ბოლოს, ძმამ ვეღარ მოითმინა და უთხრა, - შენს ცოლს მიხედე, მთელი თბილისი თქვენზე ჭორაობსო. ქმარს დიდი დრო არ დასჭირვებია, რომ ცოლის ღალატში დარწმუნებულიყო. იმ ქალმა კი, - აბა, შენი მოტანილი 200 ლარი ეყოფოდა ოჯახს? ბავშვების მასწავლებლების ფულს ვინ იხდიდა ან ოჯახისთვის ამდენ რამეს ვინ ყიდულობდაო? - გაკაპასებულმა ისე წამოაძახა, თითქოს ამ გზით ოჯახის რჩენა გამართლებულია.

შვილებსაც აერიათ ცხოვრება. ვაჟი ცუდ წრეში მოხვდა, ორჯერ იჯდა ციხეში. გოგონა ერთ უღირს კაცს გაეკიდა, იმან ბავშვი გააჩენინა, მერე კი უკვალოდ გაქრა. ჩემი ნაცნობი დღეს მოხუცებულ დედასთან ცხოვრობს. სამსახური არა აქვს და დედის პენსიით სულდგმულობს. იმ ქალმა კი, როგორც ვიცი, თურქეთს მიაშურა და რომელიღაც სასტუმროში "მუშაობს". მას ხომ საკუთარი თავის გარდა არაფერი აინტერესებდა, ახლაც, ასეა; ქმარი რომ არ ადარდებდა, ფაქტია, მაგრამ შვილებიც რომ არ ენაღვლება, რა ჰქვია ასეთ ქალს? ასე რომ, სირაქლემას დამსგავსებულ კაცებზე რომ დაწერთ მომავალში (არ უარვყოფ, ასეთიც ბევრი იქნება), იქვე ის ქალებიც არ დაივიწყოთ, ფეხმრუდ ცხოვრებას რომ ამჯობინებენ.

სალომე: "კარგია, თუკი ასეთი მამაკაცები კიდევ არსებობენ, მაგრამ ირგვლივ, ერთსა და იმავეს რომ ვხედავთ, რა ვქნათ? თუ ჩვენც მამაკაცებივით გამოვაცხადოთ - "დეპრესიაში ვართო"  და გულს ხელი დავიკრიფოთ. რა გავაკეთოთ ასეთი კაცების ცოლებმა, მშვიდად და "ქალური  სინაზით" დაველოდოთ, როდის გამოვლენ ქმრები დეპრესიიდან?

გასაჭირია თუ ლხინი, ქალიც და კაციც ერთნაირად უნდა განიცდიდეს და ეზიდებოდეს ტვირთს, მაგრამ გაჭირვებისას კაცი უღლიდან "გამოეხსნას", გვერდზე გადგეს და ისე უყუროს ცოლს, ეგ რა ვაჟკაცობაა?

ნათია: სირაქლემას დამსგავსებულ მამაკაცებზე რომ წავიკითხე თქვენს გაზეთში, მაშინვე ჩემი მეზობელი ნუგზარი გამახსენდა, რომელმაც 25 წლის განმავლობაში არაფერი აკეთა დროს ტარების გარდა.  მუდმივმა უქონლობამ, ნერვიულობამ და ჯაფამ მისი ცოლი  დააბეჩავა, წელში გაწყვიტა. ხან ბავშვის ძიძად მუშაობდა, ხან მოხუცებულს უვლიდა. ორ შვილს ფეხზე დაყენება სჭირდებოდა და ისიც თავს არ ზოგავდა. ნუგზარი კი, როგორც კი ფულს დაუნახავდა, გამოსძალავდა და მეზობლის კაცებთან ქეიფობდა.

ბოლოს და ბოლოს, მიხვდა ლალი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა.  რამდენჯერაც სცადა ნუგზართან გაყრა, ქმარმა თავი შეაცოდა - ახლა მიჭირს და ზურგი როგორ უნდა შემაქციოო. ჰოდა, როცა ქალი დარწმუნდა, რომ მისგან თავს ვერ დაიხსნიდა, გადაწყვიტა, ქვეყანა დაეტოვებინა. ყველაზე მეტად, რაც გულს სტკენდა, ის იყო, რომ ვაჟიც მამის კვალს გაჰყვა - ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამსახური რომ ვერ იშოვა, დროს ტარებას მიჰყო ხელი.

ოთხი წელია, რაც ლალი ესპანეთში მუშაობს და საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც აქვს; ქალიშვილი კი იტალიაშია, მოხუცს უვლის. ორივე ცოტ-ცოტა თანხას უგზავნის ოჯახის კაცებს და ისინიც ისე იფერებენ, თითქოს ასეც უნდა იყოს...