"ახალგაზრდობაში დიდი სისულელე ჩავიდინე..." - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდობაში დიდი სისულელე ჩავიდინე..."

გასულ ზაფხულს სამთო კურორტზე ერთი ქალბატონი გავიცანი, რომელიც შვილიშვილებთან ერთად იყო ჩამოსული. ერთი შეხედვით, ბედნიერი და ყველაფრით უზრუნველყოფილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ვერც კი წარმოვიდგენდი, მისნაირებსაც თუ შეიძლებოდა, მსგავსი სადარდებელი ჰქონოდათ...

მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი, მოსვენება დაკარგა და ვატყობდი, რაღაცის თქმა უნდოდა. არც შევმცდარვარ - ერთ საღამოს, როცა ბავშვებმა დაიძინეს და მარტონი დავრჩით, დარდი გამიზიარა:

- ახალგაზრდობაში დიდი სისულელე ჩავიდინე, რომელსაც ვერასოდეს ვაპატიებ თავს: სკოლა რაიონში დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი სწავლის გასაგრძელებლად. სამედიცინო ინსტიტუტში მოვეწყვე, რაც დიდი მიღწევა იყო მაშინ, რადგან სულ "დიდი ხალხის" შვილები ხვდებოდნენ ამ ინსტიტუტში. მამაჩემი კი სოფლის სკოლის დირექტორი იყო და ჩემი დახმარება არ შეეძლო. ძალიან ამაყობდნენ ჩემით მშობლები და ცდილობდნენ, ჩასაცმელ-დასახური მაინც არ მოეკლოთ, რომ თეთრი ყვავივით არ გამოვჩენილიყავი განებივრებული კურსელების გვერდით. პირველ წელსვე შევუყვარდი კურსელს, რომელიც თბილისში ცნობილი ოჯახის შვილი იყო. მაფრთხილებდნენ, თავი მისგან შორს დამეჭირა, - შენნაირ უბრალო გოგოს არ შეუშვებენ ოჯახშიო. მეგონა, ჩემი შურდათ და არავის დავუჯერე...

დავფეხმძიმდი და ეს რომ გავუმხილე გიას, იმის ნაცვლად, გახარებოდა, შეწუხდა და გულახდილად მითხრა: ცოლად ვერ შეგირთავ. ჩემი მშობლები არ დაუშვებენ ამას. დიდი ხანია, ჩემთვის შერჩეული ჰყავთ საცოლე, რომელიც მოსკოვში სწავლობს. არდადეგებზე რომ ჩამოვა, ქორწილს გადაგვიხდიან, მერე მასთან ერთად მეც მოსკოვში მიშვებენ, სწავლის გასაგრძელებლადო... გაგრძელება