"მივხვდი, რომ შეიძლება ანი და ბავშვები დამეკარგა" - კვირის პალიტრა

"მივხვდი, რომ შეიძლება ანი და ბავშვები დამეკარგა"

"ვგრძნობდი, გული როგორი დამძიმებული მქონდა. მერე ბარში შევედი, ცოტა დავლიე და ნუცას მივწერე, ხომ გიყვარვარ-მეთქი...

მომწერა, "ძალიან მიყვარხარ, მაგრამ"... - შეხვედრა ვთხოვე. იქნებ სადარბაზოსთან მაინც ჩამოხვიდე რამდენიმე წუთით-მეთქი"

პირველად ნუცა გავიცანი. ჩემს ახალშეძენილ ბინაში რემონტი მქონდა გაჩაღებული. გვიანი იყო, მუშები რომ წავიდნენ. გვარიანად დაღლილი ბებიაჩემის დროინდელ ძველ დივანზე წამოვწექი და ის იყო, ჩამთვლიმა, რომ კარზე ზარის ხმამ გამაღვიძა. მოულოდნელობისგან შევხტი. ცოტა არ იყოს, გავბრაზდი, მაგრამ კარი რომ გავაღე, ლამაზი, გარუჯულფეხებიანი გოგო შემრჩა და სიბრაზე გაოცებამ შეცვალა. შეშინებული მომეჩვენა. - დახმარება გჭირდებათ? - ვკითხე.

- დიახ.- ზედა სართულზე ვცხოვრობ, - გამიღიმა, სახლში არავინ დამხვდა, მობილურიც დამიჯდა, რომ დედასთან დავრეკო, არადა, სადარბაზოში დგომის მეშინია... - დაგარეკვინებ, - ვუთხარი და ტელეფონის გამოსატანად შევბრუნდი.

დარეკა და ცოტა არ იყოს შეშფოთებულმა მითხრა, - ერთ საათზე ადრე დედა ვერ მოვაო. შინ რომ შევიპატიჟე, გარეთ დაველოდებიო. მეც აღარ დავაძალე. ცოტა ხანში გულმა არ მომითმინა და სადარბაზოში გავედი. კიბეზე იჯდა.

- შემოდი, ნუ გეშინია, - გავუღიმე, - მეზობლები ვართ ასე თუ ისე...

ნახევარი საათიც არ იყო გასული, დედამისი რომ მოვიდა. ასე გავიცანი ნუცა. მერე და მერე, უფრო ახლოს გავიცანი. რამდენჯერმე სადილის მომზადებისას დახმარება ვთხოვე. მოკლედ, დავმეგობრდით, მე შემიყვარდა, მას კი მხოლოდ მოვწონდი. ერთხელ კართან ყვავილები და სასიყვარულო ბარათი დავუტოვე. სახელი არ მივაწერე, მაგრამ მიხვდა. კარზე დამიკაკუნა და მადლობა გადამიხადა. გამოხდა ხანი და ნუცა თავად გამომიტყდა სიყვარულში.

ერთ დღესაც მაკო გამაცნო. მას მერე ორივე ხშირად მსტუმრობდა. ყველაფერი კარგად გვქონდა იმ დრომდე, სანამ ნუცას და დედამისს ძმის სანახავად ჰოლანდიაში გაფრენამ არ მოუწიათ. ნუცა წავიდა, მაგრამ ერთმანეთს ყოველდღე ვეხმიანებოდით. ერთ დღესაც მაკო მესტუმრა. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, მაგრამ რას ვეტყოდი. დაბზრიალდა, ბინა დამილაგა, სადილი მომიმზადა და მოსაღამოვდა კიდეც. მერე ყავა მოადუღა და ლაქლაქი დაიწყო. სიბრაზისგან კბილები მიკრაჭუნებდა."ნუცას იქ ერთი ტიპი მოეწონა, მისი ძმის მეგობარიო,- მახარა. უხეშად გავაჩერე და წასვლა ვთხოვე. სახე აელეწა და, "ნუცა გღალატობს და შენ კიდევ ვერაფერს ხვდებიო,-მომაძახა. ჩემს ეჭვიან ბუნებას კიდევ ეს უნდოდა?! იმ საღამოსვე დავუკავშირდი. ტელეფონით დიდი გარჩევები გვქონდა. იფიცა, რომ მაკოს ნათქვამი სიცრუე იყო. ისეთი გაცეცხლებული ვიყავი, მისი არც ერთი სიტყვა არ დავიჯერე. მომდევნო დღეებში მირეკავდა, მაგრამ ტელეფონს არ ვპასუხობდი. ნუცა ჰოლანდიიდან რომ დაბრუნდა, მისი ნახვა არ მომიწადინებია. მერე მეზობლებისგან შევიტყვე, რომ დედა-შვილს ბინა გადაუცვლია და საცხოვრებლად სხვაგან გადასულან. ძალიან მენატრებოდა, მაგრამ ეჭვი მღრღნიდა, რომ მიღალატა და ამიტომ ვცდილობდი, სადმე არ შევჩეხებოდი. ამასობაში მეგობრებმა, ასე მარტოსული როდემდე უნდა იყოო და ანი გამაცნეს. დიდი ფიქრი არ დამჭირვებია და ცოლად შევირთე. ქორწილიც გადავიხადეთ. ორი შვილი შეგვეძინა, რომლებშიც სიცოცხლის აზრს ვხედავდი. ცოლისადმი გრძნობას სიყვარულს ვერ დავარქმევდი, უფრო პატივს ვცემდი. სამსახურიდან შინ მოსულს სულ უყურადღებობის გამო მსაყვედურობდა.

ერთ დღესაც ქუჩაში მაკო შემხვდა და ნუცას გათხოვების ამბავი მიამბო. არ მახსოვს, როგორ გამოვემშვიდობე და სახლამდე როგორ მივედი. ანიმ უხასიათობა შემატყო, კითხვები დამაყარა, მაგრამ მისთვის სათქმელი არაფერი მქონდა. მერე სოციალურ ქსელში ნუცას ფოტოებს გადავეყარე. ფოტოებზე მეუღლესა და ორ ბავშვთან ერთად იყო გადაღებული. ისევ ისეთი ლამაზი და ხალისიანი ჩანდა. ერთი დღე ვითმინე და მერე მივწერე, მოვიკითხე. პასუხმაც არ დააყოვნა. მე ჩემ ამბავს მოვუყევი, იმან - თავისი. მიწერ-მოწერას მოვუხშირეთ. ნუცას მეუღლე მუშაობდა, ის კი და პატარებს უვლიდა. ნელ-ნელა მივხვდი, რომ შინ მისვლა აღარ მინდოდა და ვნანობდი, რომ თავის დროზე ასეთი არჩევანი გავაკეთე. ნუცასაც ვუთხარი, რომ მისი მეუღლის გულწრფელად მშურდა... არ დაუმალავს, რომ იმავეს განიცდიდა. შენ რომ ცოლი არ შეგერთო, მე კიდევ დიდხანს არ გავთხოვდებოდიო, გამომიტყდა.

ანი სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა და მეც სულ მეტად მინდოდა მისგან გაქცევა. ღამე იყო, მანქანით ქუჩაში უმისამართოდ დავდიოდი. ვგრძნობდი, გული როგორი დამძიმებული მქონდა. მერე ერთ-ერთ ბარში შევედი, ცოტა დავლიე და ნუცას მივწერე, ხომ გიყვარვარ-მეთქი... მომწერა, ძალიან "მიყვარხარ, მაგრამ... - შეხვედრა ვთხოვე. იქნებ სადარბაზოსთან მაინც ჩამოხვიდე რამდენიმეწ წუთით-მეთქი. "ჩვენი შეხვედრა ცეცხლზე ნავთის დასხმაა, - მომწერა,"- შენ ცოლი გყავს, მე ქმარი. ისინი ჩვენგან ღალატსა და ტყუილს არ იმსახურებენო.

სახლში ღამის სამი საათისთვის დავბრუნდი. ანის და ბავშვებს ეძინათ. დილით ანი ბიჭებს აცმევდა და ოთახიდან ოთახში დარბოდა. ხმას არ მცემდა. სახლიდან ისე გავიდა, ტრადიციისამებრ არ უკოცნია. მარტო უფროსმა ბიჭმა მოირბინა და ჩამეხუტა. მეც სამსახურში წასასვლელი ვიყავი, მაგრამ ადგომა მეზარებოდა. როცა, როგორც იქნა, ავდექი და გავემზადე, მაცივრის კარი გამოვხსენი, და ჩემთვის სამსახურში წასაღებად გამზადებული საჭმლის კონტეინერი ვნახე. მიუხედავად ჩემი უმსგავსი საქციელისა, მაინც უზრუნია ანის. მივხვდი, რომ ძალიან კარგი ცოლი მყავს, რომ ჩემგან ასეთ საქციელს არ იმსახურებს.

ნუცასთვის მას შემდეგ აღარ მიმიწერია. ახლა ვცდილობ ჩემს ცოლს ყურადღება არ მოვაკლო. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ დროზე მივხვდი, რა შეიძლება დამეკარგა, ანი და ბავშვები რომ მიმეტოვებინა. ჩემი სიხარული ხომ ისინი არიან, მთავარია რომ ამას გვიან, მაგრამ მაინც მივხვდი. ანა ყარალაშვილი