"უკვე ქორწილის თარიღიც ვიცოდით, ერთად ვგეგმავდით მომავალს... თურმე, ქალის ნდობა არ შეიძლება" - კვირის პალიტრა

"უკვე ქორწილის თარიღიც ვიცოდით, ერთად ვგეგმავდით მომავალს... თურმე, ქალის ნდობა არ შეიძლება"

"გამარჯობა. მე გია ვარ, 38 წლის. ჯარისკაცის წერილმა მიბიძგა, მომეწერა ჩემი სიყვარულის შესახებ. უკვე ძალიან დავიბენი. ნუთუ, გოგონებს ერთგულება აღარ შეუძლიათ? ნუთუ, მათთვის ყველაფერს ფასი აქვს დაკარგული? აღარ ვიცი, რა ვიფიქრო, მაგრამ ფაქტია, საცოლემ მაშინ მიმატოვა, როცა საომრად - არა, მაგრამ სამუშაოდ წავედი საზღვარგარეთ. მინდოდა, გარკვეული თანხა შემეგროვებინა, რათა მერე ლამაზი ქორწილი გვქონოდა, მან კი დაჰკრა ფეხი და მოულოდნელად გათხოვდა..."

გიას ტელეფონით ვესაუბრე, რადგან შეხვედრა არ ისურვა. ამბობს, რომ უჭირს თავს გადახდენილ ამბავთან შეგუება; მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დაამცირეს და ამ ყველაფრის გამო, ზოგჯერ ნერვებსაც ვერ თოკავს.

- გოგონა, რომელმაც ცხოვრება ჯერ გამილამაზა, მერე კი დამინგრია, სვანი გახლავთ. ერთმანეთი საერთო მეგობრის წყალობით გავიცანით. დაბადების დღეზე, სადაც ის პირველად ვნახე, მის გარდა ვერც ვეღარავის ვხედავდი და ღვინისგან კი არა, მისი ყურებისგან ვიყავი მთვრალი. შეამჩნია, მზერას რომ ვერ ვწყვეტდი და ისიც გამეპრანჭა. იმედი მომეცა, - მოვწონვარ-მეთქი და საცეკვაოდ გავიწვიე. უარი არ უთქვამს. ცეკვისას გამოვუტყდი, რომ ერთი ნახვით შეძლო ჩემი დატყვევება. ისიც ვუთხარი, - ადრე მსგავსი რამ არასდროს დამმართნია-მეთქი. ისე გაიღიმა, ქვეყანა ჩემი მეგონა. მერე ტელეფონის ნომრები გავცვალეთ და ბედნიერი წამოვედი შინ.

- როგორც ვხვდები, თქვენი მეგობრობა ამ დაბადების დღის შემდეგაც გაგრძელდა.

- პირველ ხანებში მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით. მეუბნებოდა, - შეხვედრას ნუ ვიჩქარებთ, ჯერ კარგად გავიცნოთ ერთმანეთიო. სტუდენტი იყო და ნებისმიერ დროს შემეძლო, მენახა; მის სასწავლებელში მივსულიყავი და შევხვედროდი, მაგრამ სასურველი ქალის სიტყვებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არ მინდოდა, თუნდაც სულ მცირედით მაინც, რაიმე სახის ძალადობა გამომემჟღავნებინა. თუმცა, ეს მოთმენა, მისი უნახაობა მკლავდა.

- ერთმანეთს პირველი ნახვიდან, რამდენ ხანში შეხვდით?

- დაახლოებით სამი თვის მერე... მითხრა, - სიტყვის კაცი ყოფილხარ და ძალიან გამახარე. უკვე მეც დარწმუნებული ვარ, რომ შენ მიმართ უბრალო გატაცება არ მაქვს და შევხვდეთო, - ანუ ინიციატივა თვითონ გამოიჩინა. მაშინ ჩემზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად არ მეგულებოდა. თურმე, სულელი ვყოფილვარ; თურმე, ქალის ნდობა არ შეიძლება!

- ბევრის მსგავსად, ყველა ქალს შენც ერთ ქვაბში ყრი?..

- ჰო, ერთი დამპალი ვაშლი ხომ ბევრი ვაშლის ლპობას იწვევს. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ჩემ გარშემო ქალის მხრიდან ბევრი ღალატის მომსწრე გავმხდარვარ, ბევრმა მიატოვა შეყვარებული, ქმარი და აღარ ვიცი, სხვა რა ვიფიქრო. მართალია, ძალიან ხშირად კაცებიც ვცოდავთ, მაგრამ ქალისგან ღალატი ხომ იცით, მაინც უპატიებელი რამ არის!

- მომწერე, უკვე დაქორწინებაზე ვფიქრობდითო...

- კი, ასე იყო. ლამის 4 წელი შეყვარებულები ვიყავით. მისი ოჯახი გავიცანი, ჩემებმაც ისე მიიღეს, როგორც საკუთარი შვილი. ყველგან ერთად დავდიოდით უკვე: ქორწილში, დაბადების დღეებზე, ერთი სამეგობრო წრე გაგვიჩნდა... მოკლედ, საქმე სერიოზულად იყო. მის ოჯახს ლანას ხელი ოფიციალურად ვთხოვე, მაგრამ ნიშნობა არ გვქონია. ამბობდა, წინასწარ რომ იკეთებენ ბეჭდებს, ეს არ მომწონს და ძალიან გთხოვ, ამას ნუ მომთხოვო. უკვე ქორწილის თარიღიც ვიცოდით, ერთად ვგეგმავდით მომავალს...

- იმ პერიოდში არსად მუშაობდი?

- არც ისე შეძლებული ოჯახის შვილი ვარ, რომ ფუფუნებაში ცხოვრების გარანტია მიმეცა საყვარელი ადამიანისთვის, მაგრამ არც ვმუშაობდი. ცოლის შერთვა რომ გადავწყვიტე, ინსტიტუტში სწავლა ახალი დამთავრებული მქონდა. აქ სამუშაო რომ ვერ ვიშოვე, შეყვარებულს ვუთხარი: არ მინდა, ქორწილის და სხვა ხარჯები მშობლებმა იკისრონ. წავალ საზღვარგარეთ, ფულს შევაგროვებ, თაფლობის თვის სადმე გასატარებლადაც ხომ გვჭირდება თანხა-მეთქი?! დამთანხმდა: წადი, ხომ იცი, დაგელოდები, არსად გავფრინდებიო.

- სამუშაოდ რომელ ქვეყანაში წახვედი?

- ესპანეთში მყავს ბევრი მეგობარი და მათთან წავედი. სიმართლე გითხრათ, ვიდრე საცოლეს ჩემს განზრახვას ვეტყოდი, საბუთები მანამდე მოვაგროვე. ვიცოდი, უარს არ მეტყოდა და ერთგვარი სიურპრიზი გამომივიდა. მოკლედ, წასვლას ვჩქარობდი, რომ მერე საქართველოში რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი და საყვარელ ადამიანზე ჯვარი დამეწერა. მინდოდა, თავიდან მაინც, მშობლებისგან დამოუკიდებლად გვეცხოვრა... ესპანეთში ჩემი გაცილების დღეს იმდენი იტირა, მეგონა, უჩემოდ მოკვდებოდა. მეც ძალიან განვიცდიდი, რომ უნდა დამეტოვებინა. გული ცუდს მიგრძნობდა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, სხვას თუ გაჰყვებოდა ცოლად.

- როგორ ფიქრობ, თუ უყვარდი, უშენობის ეშინოდა, რატომ მიგატოვა?

- არ ვიცი, რა მოხდა. 4 წელი ლამის დღედაღამ ერთად ვიყავით და არასდროს მიგრძნია, რომ სხვასაც ხვდებოდა. დარწმუნებული ვარ, ამას ვერც ერთი ჩვენი მეგობარი ვერ იეჭვებდა. იმ ბიჭს, რომელსაც გაჰყვა, ვიცნობ, მაგრამ მასთან ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ურთიერთობა ჰქონდა. კურსელები იყვნენ. ლანას მეგობრებსაც გაუკვირდათ, მაგას როგორ გაჰყვაო? დაფიცება შემიძლია, რომ მის მიმართ არანაირი გრძნობა არ ჰქონდა, თორემ ხომ იცით, კაცი და მით უმეტეს, შეყვარებული ყველაფერს გრძნობს, ეჭვიანი ხდება...

ესპანეთში კარგი სამუშაო დამახვედრეს მეგობრებმა. იქიდან შეყვარებულს გამუდმებით ვეკონტაქტებოდი. მეუბნებოდა, რომ უჩემობა უჭირდა. მთხოვდა, მალე დაბრუნდიო. დაახლოებით 7 თვე იყო გასული, როცა პირველად არ მიპასუხა ტელეფონზე. მერე თავს მარიდებდა ხოლმე. მივხვდი, რაღაც ვერ იყო წესრიგში, მაგრამ რომ ვეკითხებოდი, - რა გჭირს-მეთქი? მპასუხობდა: რაღაც გეჩვენებაო. ტელეფონი ხშირად რომ ჰქონდა გათიშული, მიკვირდა. მსგავსი რამ არ სჩვეოდა. უკვე სამუშაოსაც ვერ ვუდებდი გულს. ვფიქრობდი, იქნებ სიშორემ გული გაუცივა ჩემ მიმართ-მეთქი?

- როდის გაიგე, რომ გათხოვდა?

- ვიდრე ესპანეთიდან გამომგზავრება მომიწევდა, ერთი თვით ადრე. ბოლო ორი თვე ტელეფონი სულ გათიშული ჰქონდა. მის ოჯახში რომ ვრეკავდი, რაღაც გაურკვეველს მეუბნებოდნენ და მერე ტელეფონიც ითიშებოდა... ჩემებს ვურეკავდი და ვთხოვდი: წადით ლანას სახლში და გაიგეთ, ხომ ყველაფერი კარგად არის-მეთქი? ცხადია, ისინი მიფრთხილდებოდნენ და არ მითხრეს, საცოლე გაგიფრინდაო. შეეშინდათ, რომ უცხო ქვეყანაში მყოფი თავს რაიმეს ვავნებდი (მოგვიანებით ასე ამიხსნეს თავიანთი საქციელი). მეგობრებიც გაურბოდნენ ტელეფონით ჩემთან ლაპარაკს. ბოლოს ერთ-ერთმა ძმაკაცმა ვერ მოითმინა და ჩემს მეგობარს, რომელთან ერთადაც ესპანეთში ვცხოვრობდი, სიმართლე უთხრა. ბიჭები კარგა ხანს თვალებში ვერ მიყურებდნენ. მივხვდი, რაღაც გაიგეს და მიმალავენ-მეთქი. "ჭუიდან აჭრილმა" ლამის მთელი ესპანეთი შევყარე, - გამაგებინეთ, ჩემს თავს რა ხდება-მეთქი? იკადრეს და მითხრეს სიმართლე... ეს ძალიან ძნელი ასატანი იყო. ამის დაჯერება მიჭირდა და თავიდან მწარე ხუმრობაც მეგონა. აი, თან რომ გჯერა და თან - არ გინდა დაიჯერო, ესეთ სიტუაციაში ვიყავი...

მოულოდნელად, ტელეფონი გაითიშა. მინდოდა, რესპონდენტისთვის გადამერეკა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ მობილური სპეციალურად გათიშა. არ უნდოდა, მისი გრძნობები მთელი სიმძაფრით "დამენახა". ქართველები ხომ ვფიქრობთ, რომ ვაჟკაცებს ცრემლი არ უხდებათ!.. გარკვეული დროის შემდეგ, გია თავად დამიკავშირდა და ბოდიში მომიხადა მოულოდნელად შეწყვეტილი საუბრისთვის...

- მიტოვებული საკუთარ თავმოყვარეობაზე და ა.შ. მერწმუნეთ, ნაკლებად ვფიქრობდი. მხოლოდ მიზეზს ვეძებდი: რატომ მოიქცა ასე? როცა გავიგე, ვისაც გაჰყვა, კიდევ უფრო მეტად გაოგნებული დავრჩი. ზოგი შეყვარებულს იმიტომ ტოვებს, რომ მასზე გარეგნულად უკეთესს მიჰყვება ან საუკეთესო ვარიანტში, უფრო მდიდარზე კარგავს ჭკუას, მაგრამ გაუგებარია, იმ ტიპს რატომ გაჰყვა? ეს თავსატეხი დღემდე ვერ ამოვხსენი. არ მინდა იმის დაჯერება, რასაც ამბობენ, მაგრამ ამაზე ფიქრსაც ვერ ვიშორებ თავიდან.

- და რას ამბობენ?

- ამბობენ, რომ ერთხელ ჯგუფელები საქეიფოდ წავიდენ. კარგი დრო ატარეს, ბევრი დალიეს, იცეკვეს. არაფერი განსაკუთრებული. ხდებოდა ის, რაც ყოველთვის - ახალგაზრდები ერთობოდნენ. მერე ლანა და კიდევ რამდენიმე გოგო იმ ბიჭის მანქანით წასულან. როგორც ამბობენ, ბოლოს მის ავტომობილში მხოლოდ ჩემი საცოლე დარჩა. მერე ეტყობა, ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო და ლანა ჯერ ძალადობის, მერე შანტაჟის მსხვერპლად იქცაო, - ასე ხსნიან მის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მისი დაქალები, რომლებიც ჩემსავით, გაოგნებულები არიან. ისინიც ვერ ეკონტაქტებიან მეგობარს, რადგან ლანა მათთან ურთიერთობასაც ისევე გაურბის, როგორც ჩემთან კონტაქტს.

საქართველოში დაბრუნებული ცხადია, მის ოჯახში მივარდნაზე, მისი ქმრისთვის თავპირის გაერთიანებაზე ვფიქრობდი და ვოცნებობდი, მაგრამ... ვერ მოვახერხე. ის კიდევ ერთხელ რომ ვნახო, შეიძლება, გული გამისკდეს. უკვე საკუთარი საქციელის კონტროლიც მიჭირს. მეშინია, შემთხვევით არ შემომაკვდეს... აღარ ვიცი, ლანას გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო. მის მშობლებთანაც მივედი: თქვენ მაინც მითხარით, რა მოხდა, რატომ მიღალატა-მეთქი? მამამისმა იტირა, დედამისს კი ცრემლებიც გამშრალი ჰქონდა. მხოლოდ ის მითხრეს, რომ თავადაც არაფერი იციან. მამა თურმე, დღემდე არ ელაპარაკება, დედის გულმა კი ვერ მოითმინა და ქალიშვილი მოინახულა, რომელიც თურმე, უკვე ფეხმძიმედ არის.

თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა, მას ვუთხრა: თუ ეს "ამბობენ", რაზეც უკვე ვილაპარაკე, სიმართლეა, თუ ისევ ვუყვარვარ და მართლაც, ძალადობისა და შანტაჟის მსხვერპლია, მზად ვარ, ფეხმძიმეც მივიღო. მის გარეშე ცხოვრების ძალა არ მაქვს; ისევ მიყვარს და უიმისოდ მარილი არ აქვს ჩემს არსებობას. მანამ, ვიდრე გულში ეჭვი მაქვს, რომ ისევ მე ვუყვარვარ და იძულებით, სხვასთან უწევს ცხოვრება, ვერ მოვისვენებ. თუ ყველაფერი კარგად აქვს და ასე ნამდვილი სიყვარულის სახელით მოიქცა, მაშინ შევეცდები, დავივიწყო. მინდა, გამათავისუფლოს ეჭვებისგან, რათა მეც შევძლო მისი დავიწყება და საკუთარი ცხოვრებს აწყობაც...

პ.ს. გია იმედს იტოვებს, რომ მის ამ წერილს ლანა გამოეხმაურება, მე კი ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში ჩემი რესპონდენტი ისევ დამიკავშირდება და უკვე საკუთარ ბედნიერებაზე მიამბობს.

ლიკა ქაჯაია, ჟურნალი "გზა"