"ქმართან ღალატზე არაფერი მითქვამს და არც არასდროს ვეტყვი" - კვირის პალიტრა

"ქმართან ღალატზე არაფერი მითქვამს და არც არასდროს ვეტყვი"

"ამის შემდეგ თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით. ყოველ დილით ზღვაზე ერთად გავდიოდით, პატარ-პატარა ექსკურსიებს ვაწყობდით"

ძვირფასო რედაქცია. ამ წერილს ვინც წაიკითხავს, დარწმუნებული ვარ, ბევრი საშინელ ეპითეტებს არ დაიშურებს ჩემი მისამართით. ღალატის მომხრე არც მე ვყოფილვარ, თუმცა ამ ამბავმა ჩემზე სასიკეთო გავლენა მოახდინა.

ცხრამეტი წლის გავთხოვდი, ახლა ოცდაექვსის ვარ. ოჯახი სიყვარულით შევქმენით. თავის დროზე გიჟური სიყვარული და თავაშვებული ვნებაც იყო, მაგრამ მას მერე, რაც კატო შეგვეძინა, ჩვენი თანაცხოვრება უფრო მეგობრულს დაემსგავსა. ჩვენი შეხვედრის ადგილი ჩვენივე ბინა იყო, სადაც ერთმანეთს სამსახურის შემდეგ დაღლილები ვხვდებოდით, ვივახშმებდით, ორ სიტყვას გავცვლიდით და ტელევიზორთან ჩაგვეძინებოდა ხოლმე. გულის სიღრმეში ცვლილებები ძალიან მინდოდა, რამდენჯერმე ჩემს ქმარს სადმე გასეირნებაც შევთავაზე, ან შვებულების ერთად გატარება, მაგრამ უარი მივიღე. ორი წლის წინ ყველაფრით გადაღლილმა ეგვიპტეში დასვენება მოვიწადინე. მეუღლეს ვემუდარებოდი,"მაგრამ ამაოდ - შენ თუ გინდა, წადი, მე ვერ წამოვალ, ძალიან ბევრი საქმე მაქვსო, მითხრა. თავში ათასი აზრი მიტრიალებდა, ეჭვი მღრღნიდა, მაგრამ მაინც წასვლა ვარჩიე და კომპანიონის ძებნა დავიწყე. მეგობრები ვერ დავითანხმე, ზოგს შვებულებას არ აძლევდნენ, ზოგი ქმარ-შვილს ვერ ტოვებდა, ზოგსაც ფინანსური მდგომარეობა არ უწყობდა ხელს. ბოლოს და-ბოლოს, ისევ დედაჩემი დავიყოლიე. რამდენიმესაათიანი ფრენის შემდეგ შარმ-ელ-შეიხის აეროპორტში ჩავედით. ეგვიპტეში არაჩვეულებრივი ამინდი, ზღვა და სასტუმრო დაგვხვდა. წინ ორკვირიანი სიამოვნება გველოდა. მე და დედას მშვიდად დასვენება გვინდოდა, მაგრამ გეგმა ჩაგვეშალა... საღამოს მე და დედა ღია ცის ქვეშ რესტორანში ვისხედით და კოქტეილს ვწრუპავდით, თან მზის ჩასვლით ვტკბებოდით, რომ უეცრად ზურგს უკან მამაკაცის ხმა შემომესმა:"გოგონებო, თუ წინააღმდეგი არ ხართ, თქვენთან დავჯდებიო. ცოტა არ იყოს, უკმაყოფილომ გავხედე. პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი, რომ ჩვენ გვერდით დასკუპდა. თურმე გაუხარდა, ქართველებს რომ წააწყდა და ჩვენი გაცნობა მოიწადინა. ასე, 35 წლის იქნებოდა, გარუჯული მხრებითა და ეშხიანი შავი თვალებით. საოცრად მიმზიდველი იყო. დედას გაესაუბრა, მერე ჩემთან დალაპარაკება სცადა, მაგრამ მოკლედ და უკმეხად ვპასუხობდი. დამშვიდობების დრო რომ მოვიდა, სასტუმროში აგვაცილა და ოთახამდე მოგვყვა. როგორც აღმოჩნდა, ნომერი ჩვენ გვერდით ჰქონია. ამ ამბავმა ძალიან გაახალისა, მე კი რატომღაც დავიძაბე. ადამიანებისგან დასვენება მინდოდა, დედაჩემი კი ახალი ნაცნობით ნასიამოვნები ჩანდა და ჩემი უკმაყოფილება ვერაფრით აეხსნა. დათამ მშვიდობიანი ღამე გვისურვა და შეგვპირდა, რომ მეორე დღეს გვნახავდა. დილით ადრე კარზე კაკუნმა გამაღვიძა. დედაჩემს ეძინა. ხალათი მოვისხი და კარის გასაღებად წავლასლასდი. მხარზე პირსახოცგადაკიდებული გუშინდელი ნაცნობი შემრჩა ხელთ. -გეძინა?-- გაიკვირვა, - დროზე, დედა გააღვიძე და საბანაოდ გავიდეთ!-- მხნედ ლაპარაკობდა. ისევ ბრაზი მომერია, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი.

- სანაპიროზე გელოდებითო, მომაძახა და ლიფტისკენ გაემართა. კარი ბუტბუტით მივუხურე. საათს რომ დავხედე, 6 სრულდებოდა. დედაჩემის გაღვიძებას აზრი არ ჰქონდა. საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და გაღიზიანებული სანაპიროზე ჩავედი. - მეგონა, აღარ მოხვიდოდი,- მითხრა გახარებულმა, მაგრამ უხასიათობა შემატყო და გაჩუმდა. ცოტა ხანში დაძაბულობის განმუხტვა გადავწყვიტე და საუბრის წამოწყება ვცადე. გახალისდა და საკუთარი თავის შესახებ მომიყვა. მხატვარი აღმოჩნდა. საინტერესოდ ლაპარაკობდა და გრძნობდა, რომ ნელ-ნელა ჩემი კეთილგანწყობა მოიპოვა. ამის შემდეგ თითქმის ყოველდღე ერთად ვიყავით. საღამოობით აუზთან კოქტეილს ვსვამდით და ერთად ყოფნით ვტკბებოდით. ჩემს თავზეც ვუყვებოდი. ინტერესით მისმენდა და რჩევებს მაძლევდა. ყოველ დილით ზღვაზე ერთად გავდიოდით, პატარ-პატარა ექსკურსიებს ვაწყობდით, მაღაზიებში დავბოდიალებდით. რაც მთავარია, თავს ზედმეტის უფლებას არ აძლევდა. ერთ საღამოს კარზე დაგვიკაკუნა, მზისგან დამწვრობა მოიმიზეზა და დახმარება მთხოვა. დამწვრობის მოსაშუშებელი მალამო ავიღე და მის ნომერში შევედი. მერე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. თვითონაც არ მჯეროდა, რომ მსგავსი რამ ჩემს თავს ხდებოდა. ყოველთვის ერთგული ცოლი ვიყავი და ფიქრადაც არ გამივლია ქმრის ღალატი, ახლა კი რას ჩავდიოდი. ვატყობდი, დედა რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ დუმდა. ერთი-ორჯერ საუბრის დაწყება ვცადე, მაგრამ სიტყვა ბანზე ამიგდო. მერეღა მივხვდი, რომ ამ თემაზე საუბარი არ უნდოდა. იმ საღამოს შემდეგ დათას ყოველ დილით ყვავილები მოჰქონდა და ერთად ვსაუზმობდით. როცა ცხელ ქვიშაზე ფეხისგულები დამეწვებოდა, ხელში აყვანილი დავყავდი. მასთან ერთად გატარებული ყოველი წუთით ვტკბებოდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს ურთიერთობა, ადრე თუ გვიან, დამთავრდებოდა. დათას ცოლი ჰყავდა, მე - ქმარი... ჩვენი წამოსვლის დრო ახლოვდებოდა... ბოლო საღამოც მასთან გავატარე. დილამდე მის აივანზე ვისხედით და ყველაფერზე ვლაპარაკობდით. მითხრა, რომ გამოსავალი ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს და ყველაფერში დადებითი მხარე უნდა ვეძებოთ.

ერთმანეთს თბილად გამოვემშვიდობეთ. თვითმფრინავში ყველაფერს თავიდან ვიხსენებდი და მასთან განშორება მენანებოდა. დათასი ძალიან მადლიერი ვიყავი, რადგან ის დღეები უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში, ქმრისგან უგულებელყოფილმა ახლაღა აღმოვაჩინე, რა იყო ქალური ბედნიერება, მან საკუთარი თავი მეტად მომაწონა და შემაყვარა. შინ დაბრუნებულს, მეუღლისადმი დამოკიდებულება შემეცვალა, უფრო თბილი და ყურადღებიანი გავხდი და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისიც სასიკეთოდ შეიცვალა. საუბარი ერთ ენაზე დავიწყეთ. კომპლიმენტებს აღარ იშურებდა.ახლა მასთან გატარებული ყოველი დღე და მისი ყველა წარმატება მიხაროდა. თითქოს ერთმანეთი ხელახლა შეგვიყვარდა. ღალატზე არაფერი მითქვამს და არც არასდროს ვეტყვი. არც ის მინდა ვიცოდე, ოდესმე თუ ჩემთვის უღალატია. შესაძლოა, ვიღაცამ გამკიცხოს კიდეც, მაგრამ ახლა ცოლქმრულ ღალატს უკვე სხვაგვარად ვუყურებ. რა თქმა უნდა, ამის მომხრე არც ახლა ვარ, მაგრამ თუკი ასე მოხდა... რატომაც, არა?.. ანა ყარალაშვილი