"შენი შეყვარებული დამითმე, მინდა, საყვარელი ადამიანის გვერდით გავატარო უკანასკნელი წლებიო" - კვირის პალიტრა

"შენი შეყვარებული დამითმე, მინდა, საყვარელი ადამიანის გვერდით გავატარო უკანასკნელი წლებიო"

ზოგიერთი ადამიანისთვის მეორე ნახევრის მოძებნა ცხოვრებაში სულაც არ წარმოადგენს პრობლემას, ზოგს კი მის მოსაძებნად მთელი ცხოვრებაც არ ჰყოფნის. მაგრამ, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარ მეორე ნახევრებსა და დიდ სიყვარულზეც უთქვამთ უარი...

რა შემთხვევაში ამბობენ ადამიანები საკუთარ გრძნობებზე უარს, ამას ჩვენი რესპონდენტების მონაყოლიდან შეიტყობთ.

ლუკა, 20 წლის:

- მინდა, მამაჩემის ამბავს მოგიყვეთ. თავიდან არც დავიჯერე, როცა მისმა მეგობარმა მიამბო: ვიფიქრე, მეხუმრებოდა, მაგრამ მერე მამამაც დამიდასტურა და კინაღამ გადავირიე! ვიღაც აფერისტი ძმაკაცის გამო ულამაზესი ქალი დათმო, რომელსაც მამაჩემი სიგიჟემდე უყვარდა! მოკლედ, ძმაკაცებზე თავგადაკლული მამა მესამე კურსზე იყო, ის გოგონა რომ შეუყვარდა. სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ, სტუდენტები იყვნენ და ოჯახის შექმნას არ ჩქარობდნენ. ერთ დღესაც, მამაჩემის ყველაზე "მაგარმა" ძმაკაცმა მამა სახლში დაიბარა და გაუმხილა, რომ უკურნებელი დაავადება სჭირდა. რა თქმა უნდა, მამაჩემი გადაირია, ისე შეწუხდა, მაგრამ ის, რაც მერე სთხოვა მამაჩემს თავისმა "საუკეთესო" ძმაკაცმა - ვალერიმ, უნამუსობა იყო...

- ასეთი რა უთხრა?

- შენი შეყვარებული დამითმე, რამდენიმე წელიღა მაქვს დარჩენილი და მინდა, საყვარელი ადამიანის გვერდით გავატარო უკანასკნელი წლებიო. როგორც გაირკვა, ნატო მასაც ჰყვარებია. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ძმაკაცის ავადმყოფობითა და უბედურებით "ტვინდაბინდულმა" მამაჩემმა "კაცურად" დაუთმო შეყვარებული.

- კი, მაგრამ გოგოს აღარაფერი ჰკითხეს?

- მეც ეგ არ მიკვირს?! თურმე მამაჩემი 3 თვით როსტოვში წასულა ისე, რომ შეყვარებულისთვის არაფერი გაუგებინებია. საწყალს, თურმე ძალიან უჭირდა ნატოს გარეშე, მაგრამ... მერე ვალერის ათასი სისაძაგლე უთქვამს მამაჩემზე და ქალიც შეუბამს! რამდენიმე თვეში ჯვარი დაიწერეს, დროთა განმავლობაში კი, მამაჩემმა სანდო წყაროსგან გაიგო, რომ ვალერის არანაირი დაავადება არ სჭირდა და ყველაფერი ნატოს ხელში ჩასაგდებად მოიგონა.

- სიმართლის გაგების შემდეგ რა ქნა? გაგრძელება