როგორ ვიპოვე მეორე ნახევარი - კვირის პალიტრა

როგორ ვიპოვე მეორე ნახევარი

ძალიან საინტერესო ამბავი მინდა მოგითხროთ, რომელიც ჩემს მეგობარს შეეხება. თიკა და მე ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. ჭკვიანი და სასიამოვნო შესახედაობის გოგოა, მაგრამ თაყვანისმცემლების სიმრავლით ვერ დაიტრაბახებდა. უკვე ყველას იმედი გვქონდა გადაწურული, როცა გამოაცხადა, გულის სწორს შევხვდიო და ჯვრისწერაზე დაგვპატიჟა.

თურმე ნუ იტყვი და, უფლისწული მის სადარბაზოში ცხოვრობდა. ერთმანეთს შორიდან იცნობდნენ, თუმცა არასდროს გამოლაპარაკებიან. ორივე მუშაობდა და შინ მხოლოდ გვიან საღამოს ბრუნდებოდნენ. მეტადრე, თიკა, მას ხშირად მივლინებებში წასვლა უწევდა.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ საღამოს ჩემი მეგობარი სამსახურიდან ძალიან დაღლილი დაბრუნდა და ეზოში მანქანის დასაყენებელი ადგილი ვერ ნახა. ბრაზისაგან ცოფს ყრიდა, ხის ძირას - სადაც მუდმივად მანქანას აჩერებდა, სხვისი ალუბლისფერი მანქანა იდგა. მანქანის პატრონი მაშინვე გაიხსენა, მისი მეზობელი ბიჭი იყო. გაბრაზებულმა მანქანა ეზოდან მოშორებით დააყენა. კიბეზე ქუსლების ხმამაღალი ბაკუნით ავიდა, თითქოს ამით მეზობლისადმი პროტესტი გამოხატა.

იგივე მომდევნო დღეებშიც რომ განმეორდა, თიკამ წერილი მანქანის საქარე მინაზე მიამაგრა: "გოგონებს ადგილი რომ უნდა დაუთმოთ, არ გასწავლეს? რომ იცოდეთ, ეს ჩემი მანქანის ადგილია".

მეორე დილას მას დახვდა წერილი: "ეს ადგილი ვინ დაგიკანონათ? ნერვებს გაუფრთხილდით, თორემ ნაოჭები გაგიჩნდებათ". იმ დღის შემდეგ თიკამ მეზობლის ბიჭი შეიძულა."

იმ დილით თიკას სამსახურში ძალიან აგვიანდებოდა, თუმცა მეზობლის ჯინაზე მაკიაჟიც გაიკეთა. კარი გასაღებით დაკეტა და კიბეზე სწრაფად დაეშვა. სწორედ ამ დროს მესამე სართულზე თავისი ბინიდან ალუბლისფერი მანქანის პატრონი გამოვიდა. თიკამ მის დანახვაზე წონასწორობა დაკარგა და კიბეზე გაიშხლართებოდა, ბიჭს რომ არ მოესწრო მისი დაჭერა.

- აი, შევხვდით! - გაუღიმა ბიჭმა,– თქვენ ხომ ის გოგონა ხართ, წერილებით რომ მებრძვით?

- მე ვარ! - თამამად უპასუხა თიკამ.

- ასეთი ლამაზი და სასიამოვნო ქალბატონის გამო მზად ვარ პარკინგის ადგილიც კი დავთმო... ამიერიდან ხელს აღარ შეგიშლით...

- ძალიან კარგი! - თიკამ წასვლა დააპირა, მაგრამ ბიჭმა გააჩერა.

- დიმიტრი მქვია.

- თიკა!

- საღამოს ყავაზე რომ დაგპატიჟოთ, შეიძლება? - სიტყვა დააწია ბიჭმა.

- შეიძლება!

ამგვარმა პასუხმა კაცი სახტად დატოვა, მაგრამ იმის თქმა მაინც მოახერხა, სად და რომელ საათზე უნდა შევხვდეთო.

სამსახურში მისული თიკა მთელი დღე მეზობლის ბიჭზე ფიქრობდა და თან საკუთარ თავზე ბრაზობდა, ასე უცებ როგორ დავთანხმდი შეხვედრაზეო.

იმ საღამოს გადაღლილმა მაინც სახლში დაბრუნება არჩია და ვინაიდან დიმიტრიმ ტელეფონის ნომერი არ იცოდა, ვერც შეატყობინა, რომ შეხვედრაზე ვერ მივიდოდა. დიმიტრი კი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ზუსტად ორი საათი ელოდა.

მეორე დილით მანქანაზე დიმიტრის წერილი იპოვა: "ადამიანი სიტყვის პატრონი უნდა იყოს. უპასუხისმგებლოდ მოიქეცით! "თიკას ბრაზისგან ლოყები აუწითლდა, მერე ჩანთიდან კალამი და ბლოკნოტი ამოიღო და წერილის წერას შეუდგა: "ვეცდები ჩემი საქციელი გამოვასწორო. დღეს იმავე ადგილას იმავე დროს!"

სინამდვილეში თიკას შურისძიება უნდოდა. ფიქრობდა, რომ დიმიტრი ყველაზე უხეში და უზრდელი ადამიანი იყო მათ შორის, ვისაც კი იცნობდა. "ვნახავ და საღამოს ჩავუშხამებ!" -–გადაწყვიტა გულში.

შეხვედრა შედგა და დიმიტრი იმაზე უფრო გალანტური და საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე თიკა წარმოიდგენდა. ქალს მთელი საღამო თავს ევლებოდა და კომპლიმენტებით ავსებდა. თიკას მასზე წარმოდგენა რამდენიმე საათში შეეცვალა. ვერც დაღლილობას გრძნობდა. სახლში ერთად დაბრუნდნენ. დიმიტრიმ მადლობა გადაუხადა და ღამე მშვიდობისა უსურვა. ეს იყო და ეს.

თიკა ისე იყო გაბრუებული, რომ დიდხანს ძილი არ გაეკარა. მას ხომ სულ ეგონა, რომ ლამაზი არ იყო. დიმიტრიმ კი უცბად დააჯერა, რომ ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ქალია.

მომდევნო დღეებში ბიჭი არ გამოჩნდა. არც მისი ალუბლისფერი ავტომანქანა ჩანდა. თიკამ მოიწყინა. მისი ტელეფონის ნომერი ისევ არ იცოდა, ამიტომ ვერც ვერაფრის გაგება შეძლო.

ერთი კვირის შემდეგ, დილით ადრე, სადარბაზოდან გამოსულმა თავის მანქანაზე ფურცელი შენიშნა. ახლოს რომ მივიდა, ისევ წერილი დახვდა: "მივლინებიდან დავბრუნდი. მომენატრე..."

გოგოს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამგვარად, მათი მტრობა რომანში გადაიზარდა. მოგვიანებით ორივე ამ ამბავს სიცილით იხსენებდა. უკვირდათ, ერთ სახლში, ერთ სადარბაზოში ვცხოვრობდით და ერთმანეთს როგორ ვერ ვამჩნევდითო. თიკამ, რას წარმოვიდგენდი, რომ ორი წლის განმავლობაში ყოველ დილით იმ კაცის ბინის კარს ჩავუვლიდი ხოლმე, რომელიც ჩემი მეორე ნახევარი იყოო.

ჯვრისწერაზე მთელი სამეგობრო ვიყავით. თიკას შორს წასვლამ არ მოუწია, თავისი ნივთები პირდაპირ მეხუთე სართულიდან მესამეზე ჩაიტანა.

აი, ასეთი საინტერესო ამბავია... ზოგჯერ უფლისწულის საძებნელად შორს წასვლა საჭირო სულაც არ არის.

თავის მოვლის საშუალებები შეგიძლიათ შეიძინოთ კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ქართულ ბაზარზე არსებულ ყველაზე დიდ და მულტი ბრენდულ ინტერნეტ-მაღაზიაში fufala.ge

ანა ყარალაშვილი