"მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხ­ვ­დი, რომ უცებ ავ­ცან­ცარ­დი და ეს სუ­ლე­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი..." - კვირის პალიტრა

"მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხ­ვ­დი, რომ უცებ ავ­ცან­ცარ­დი და ეს სუ­ლე­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი..."

ჩვენი რესპონდენტები, რომელთაც ვინაობის გამხელა არ სურთ, თავიანთი ცხოვრების შესახებ ამბებს მკითხველს უყვებიან.

"საყვარელი მყავს..."

"გამარჯობა. მინდა, ჩემს ამბავს მოგიყვეთ. სულ ვცდილობ დავწერო, რაც თავს გადამხდა, მაგრამ ვიცი, საინტერესოდ ვერ დავწერ. სოფელში დავიბადე და გავიზარდე. გარეგნულად დიდი არაფერი გოგო ვყოფილვარ, მაგრამ არც მახინჯი და შეუხედავი გახლდით. მესამე კურსზე ვსწავლობდი, როცა გავთხოვდი. მეგონა, სიყვარულით გავყევი, მაგრამ როგორც ხდება, შევცდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ უცებ ავცანცარდი და ეს სულელური ნაბიჯი გადავდგი. შვილიც შემეძინა, რომელიც ახლა 4 წლის ხდება. თავიდან თითქოს, ნორმალურად მიდიოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა. მაგრამ რა იყო ეს რაღაც, ვერ ვხვდებოდი და ერთხელაც, სრულიად შემთხვევით, სოფლიდან მომავალმა გზაზე გავიცანი ჩემზე 14 წლით უფროსი მამაკაცი... მთელი გზა ვსაუბრობდით: ოჯახზე, შვილებზე, ურთიერთობებზე.

განშორებისას მითხრა, - ჩემი ნომერი ჩაიწერე და თუ დაგჭირდები, შემეხმიანე ხოლმეო. ციფრების აკრების შემდეგ, ვითომ შემთხვევით მასთან დავრეკე და იმანაც მოახერხა ჩემი მობილურის ნომრის დამახსოვრება. ორი კვირის შემდეგ დამირეკა. სამსახურში ვიყავი და ვერ ველაპარაკე თავისუფლად. ორი დღის მერე კი თავად მივწერე, მოვიკითხე. ერთ წვიმიან დღეს შევხვდი, გავისეირნეთ. მერე მეორედ ვნახე, მესამედაც და... ის ჩემი საყვარელი გახდა. მეგონა, მის გარეშე სიცოცხლე აღარ შემეძლო, სულ მენატრებოდა. ის დიდი ყურადღებითა და მზრუნველობით არ გამოირჩეოდა. მესამე ცოლი და 4 შვილი ჰყავდა, მაგრამ მისი ასეთი მდგომარეობაც კი მაკმაყოფილებდა. ერთ დღეს გავიგე, რომ ორსულად ვიყავი მისგან...

დავურეკე და ვუთხარი, რამდენიმე დღის შემდეგ მნახა და მითხრა: თუ ჩემთან ყოფნა გინდა, მუცელი უნდა მოიშოროო. უარი ვუთხარი. - მაშინ თავად გაზარდე ეს ბავშვი და შენი დანახვაც აღარ მინდაო, - გამომიცხადა... წავიდა... დავრჩი იმედგაცრუებული... ჩემს ქმარს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ შვილი გვეყოლებოდა...

ისე გავიდა ორსულობის 7 თვე, ერთხელაც არ გავხსენებივარ და არ მოუკითხავს თავისი მუცლადმყოფი შვილი. სულ ნერვიულობასა და ტირილში გავატარე ეს 7 თვე. მოულოდნელად ამტკივდა მუცელი, სამშობიაროში წავედით და... ჩემი გოგონა გარდაიცვალა, ვერ გადავარჩინეთ. სიკვდილი მერჩივნა ამას. ის გოგონა, რომელსაც 7 თვე ვეფერებოდი, საოცრად ძვირფასი იყო ჩემთვის, მაგრამ მშობლების ცოდვას შეეწირა.

გავიდა დრო. არა მარტო მისი, არც ერთი კაცის დანახვა არ მსურდა; დანახვა კი არა, ხმის გაგონებაც. თუმცა, მერე ყველაფერი შეიცვალა, ახლაც მყავს საყვარელი და ამჯერად ვთვლი, რომ ეს ნამდვილი სიყვარულია. სიცოცხლეს მირჩევნია. მისგანაც ვიყავი ორსულად, მაგრამ ვიდრე ამას მივხვდებოდი, მუცელი მომეშალა. ხანდახან ძალიან მაბრაზებს და მიჩნდება საოცარი სურვილი, აღარ მიყვარდეს, მაგრამ ვგრძნობ, მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. როდემდე გავაგრძელებთ ურთიერთობას, არ ვიცი. ის ჩემზე 5 წლით უფროსია და არც ოჯახი ჰყავს. მე კი დიდი სიამოვნებით დავივიწყებდი ყველაფერს და მთელ ცხოვრებას მასთან გავატარებდი. ეჰჰჰ... გაგრძელება