"სულ თვალწინ მედგა, პატარა გოგო სკვერში დედამ რომ მიატოვა" - კვირის პალიტრა

"სულ თვალწინ მედგა, პატარა გოგო სკვერში დედამ რომ მიატოვა"

შვილის ღალატი მიმაჩნია, რომ უპატიებელი ცოდვაა. ჩემს ისტორიას რომ წაიკითხავს, ალბათ ზოგიერთი გამამტყუნებს, როგორ ვერ შეძელი დედისთვის გეპატიებინა, ან მოგესმინა მისთვის, ვინ იცის, რა მიზეზი ჰქონდა, რომ მიგატოვაო. მე კი, ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი.

"თავდაპირველად ყველაფერი კარგად იყო, ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით. მერე ბებია-ბაბუა საცხოვრებლად სოფელში გადავიდა და დავრჩით მე, დედა და მამა. მამას შემოსავლიანი სამსახური ჰქონდა და ოჯახის რჩენაც მის კისერზე იყო. დედა მამას მუდმივად ეწუწუნებოდა, ყურადღებას სთხოვდა, ის კი სახლში გვიან და ძალიან დაღლილი ბრუნდებოდა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, მამამ სამსახური დაკარგა, შესაბამისად, გაგვიჭირდა და დედა ახლა იმაზე წუწუნებდა, რომ დიდხანს ვერ გაუძლებდა ასეთ ცხოვრებას.

მამა სამსახურს ეძებდა, ვის არ სთხოვდა, მუშაობა დამაწყებინეთო, მაგრამ ამაოდ. მერე, როგორც იქნა, რაღაც სამსახური იშოვა, ძალიან ცოტას უხდიდნენ, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს, სულ არარაობას ესეც სჯობსო.

ახლაც ნათლად მახსოვს, მე და მამა მოულოდნელად ჩამოვედით სოფლიდან და სახლში უცხო კაცი დაგვხვდა. უცნობი სააბაზანოდან წელზე პირსახოცშემოხვეული გამოვიდა. იმ დღეს დიდი ჩხუბი და სკანდალი მოხდა. ვერაფრით მივხვდი, რა ხდებოდა, შეშინებული მაგიდის ქვეშ შევძვერი და იქიდან ვხედავდი, ჩემი მშობლები ჭურჭელს და ავეჯს რომ ამსხვრევდნენ. მერე ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მამა წავიდა. ძალიან მენატრებოდა, ის ხომ საუკეთესო მამა იყო, მაგრამ დედა საპირისპიროში მარწმუნებდა და ამბობდა, რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო.

ერთხელ დედამ მითხრა, ზღვაზე მივდივართო. სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. სასწრაფოდ ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე (მოგვიანებით მივხვდი, რომ სულ ტყუილად მიხაროდა, ჩემს წაყვანას არავინ გეგმავდა), ტანსაცმლის ჩალაგებას რომ მოვრჩი, სათამაშოების წაღება მოვინდომე. დედამ, იქ ესენი არ დაგჭირდება, სხვაც ბევრი სათამაშო გექნებაო. ჯერ სადგურზე გავედით და ბილეთი ვიყიდეთ, მერე ცოტა გავისეირნეთ და სკვერში სკამზე დავსხედით.

ნაყინს მოგიტან, აქ დამელოდე, ფეხი არ მოიცვალო, მითხრა დედამ და წავიდა.

დიდხანს ველოდე. ჯერ მორჩილად ვიჯექი იქ, სადაც დედამ დამტოვა, მერე საქანელა დავინახე და გახარებული შემოვსკუპდი. კარგა ხანს ვქანაობდი, როცა მომბეზრდა, ჩამოვბობღდი, სკამზე მოვიკუნტე და ავტირდი, დედა ისევ არ ჩანდა და მივხვდი, რომ სულ მარტო დავრჩი.

კარგად ბნელოდა, როცა ვიღაცის ხელის შეხებამ გამომაღვიძა. სიბნელეში ჯერ პოლიციელის, შემდეგ კი მამაჩემის სახე გავარჩიე. ავღრიალდი და მამას ჩავეხუტე. "დედა სადაა",–- ვეკითხებოდი და თან ვეხვეოდი. დაბნეული და განერვიულებული ჩანდა. ხელში ამიყვანა, პატარა, მყუდრო ბინაში მიმიყვანა და ფუმფულა ლოგინში ჩამაწვინა. იქ უცხო ქალიც იყო, რომელმაც გულში ჩამიკრა. მეორე დღეს გავიგე, რომ ეს ქალი ჩემი დედინაცვალი იყო. მერე გავიგე ისიც, რომ დედამ მიმატოვა. მამას სახლთან ახლოს დამსვა და წავიდა, მამაჩემს გვიან ღამით დაუკავშირდა და ჩემი ადგილსამყოფელი უთხრა. საბრალო მაშინვე გამოვარდა და მომძებნა.

ნელი, ანუ მამაჩემის მეუღლე, თბილი და მზრუნველი ქალი აღმოჩნდა. ყველანაირად ცდილობდა, უდედობა არ მეგრძნო. დროთა განმავლობაში ძალიან შემიყვარდა და "დედასაც კი ვეძახდი. პატარა ძმა მყავდა, რომელიც ასევე ძალიან მიყვარდა. მოკლედ, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი, მოსიყვარულე ოჯახში ვიზრდებოდი. მყავდა დედა, მამა და ძმა.

მალე საცხოვრებლად დიდ სახლში გადავედით, სადაც ჩემი ოთახი მქონდა. სკოლის შემდეგ უმაღლესში ჩავაბარე, მისი წარჩინებით დამთავრების შემდეგ კი მუშაობა ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში დავიწყე. იმდენი მოვახერხე, რომ საკუთარი ბინის ფული მოვაგროვე. რა თქმა უნდა, მშობლებიც დამეხმარნენ და გადავბარგდი.

ერთ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს სადარბაზოსთან თმაჭაღარა ქალი დამხვდა. ეტყობოდა, ვიღაცას უცდიდა. რომ მივუახლოვდი, დამაკვირდა და შვილოო, შესძახა. გავოგნდი, მერე ის ქალი მომეხვია და ატირდა. გაუნძრევლად ვიდექი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, ან იყო კი დედაჩემი, მე ხომ მეხსიერებაში მისი სახე არც კი შემომრჩა.

- რისთვის მოხვედით? - როგორც იქნა, ამოვთქვი. გაჩუმდა, ალბათ, იმაზე დაფიქრდა, რა უნდა ეთქვა,–- არ მითხრათ, რომ მოგენატრეთ და ამიტომ მოხვედით, - სიბრაზისგან სახე წამომენთო. მერე უხეშად მოვიშორე და სადარბაზოსკენ გავემართე.

უკან არ გამომყოლია, მეც აღარ გამიხედავს. მეორე დღეს ეს ამბავი ჩემს მშობლებს ვუამბე, ველოდი, რომ რაღაც ცუდს მეტყოდნენ მასზე, მაგრამ დედამ, შენ უკვე დამოუკიდებელი ქალი ხარ და და როგორც უნდა მოიქცე, შენს აზრს გავიზიარებთო.

რამდენიმე დღეში მამამ დამირეკა და ჩემთან მოდიო, მთხოვა. როცა მივედი, ჩემდა გასაოცრად იქ ეგრეთ წოდებული დედაჩემი დამხვდა. როგორც კი დავინახე, გონებაში ამომიტივტივდა, პატარა გოგო სკვერში როგორ მიმატოვა მამა რომ არა, ალბათ, ბავშვთა სახლში გავიზრდებოდი. ისიც გამახსენდა, საშინელებებს რომ მეუბნებოდა მამაზე. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გავაწყვეტინე:"

- მე დედაც მყავს და მამაც, - ვუთხარი მკვახედ,"- შენ კიდევ, არ ვიცი, ვინ ხარ. ჩემთვის დედობა არასდროს გაგიწევია, მხოლოდ შენს კეთილდღეობაზე ფიქრობდი! გაფრთხილებ, არ ეცადო ჩემი ნახვა, თორემ მწარედ ინანებ!"

დედაჩემი ატირდა და წავიდა. ამ დროს ოთახში ჩემი გამზრდელი დედა შემოვიდა. მისკენ გავიწიე და გულში ჩავიკარი.

საღამოს ჩემს მშობლებსა და ძმასთან ვივახშმე, წამოსვლისას კი ვუთხარი, რომ ისინი ძალიან მიყვარს. ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვუფრთხილდებით. ვთვლი, რომ ოჯახი ცხოვრებაში ყველაზე მთავარია.

შვილის ღალატი კი მიმაჩნია, რომ უპატიებელი ცოდვაა.

მარიამ ბ. თბილისი"