"მხო­ლოდ ერ­თხელ შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გათხო­ვე­ბა ვერც მა­შინ გავ­ბე­დე" - კვირის პალიტრა

"მხო­ლოდ ერ­თხელ შე­მიყ­ვარ­და, მაგ­რამ გათხო­ვე­ბა ვერც მა­შინ გავ­ბე­დე"

"გადაირია ქვეყნად ქალიც და კაციც", - დარდობს ქალბატონი ცისია. მას შვილები არ ჰყავს. ნათესავების იმედად მყოფი განიცდის, რომ სიკვდილის შემდეგ აღარავინ გაიხსენებს. - ახლა, ცოცხალი აღარავის ვუნდივარ და მკვდარი ვიღას ვეხსომები? - ამბობს დანანებით და იმ წლებს იხსენებს, როცა ახალგაზრდას, სიცოცხლით სავსეს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მის მონოლოგ-წერილს მცირეოდენი შესწორებით გთავაზობთ (სტილი დაცულია):

"თბილისში არ დავბადებულვარ, მაგრამ აქ კი გავატარე ყმაწვილქალობა და სიბერეშიც დედაქალაქში მიწევს ყოფნა. თუმცა, ძალიან კი მენატრება მიწის სიახლოვე. ყოველთვის ვამბობდი, სიბერეში ჩემს სოფელში დავბრუნდები, ბოსტანს გავაშენებ და ვიფუსფუსებ-მეთქი, მაგრამ არც ისე ადვილია, უკვე გაქალაქებული მოსწყდე დედა თბილისს და სოფელში წახვიდე, სადაც არც კი იცი, რა გელის. თან, დავიწყება იცის ყველა საქმემ, თუ ცოდნას დროთა განმავლობაში არ იყენებ და არ ავითარებ. აღარც კი მახსოვს, როგორ უვლიდნენ ჩემი მშოOბლები ბოსტანს, ცხოველებს ან ფრინველებს. არადა, ჩემს სახლში ოთხფეხებიც ბლომად ჰყავდათ და ფრთოსნებიც. ნეტავ, პატარა მიწის ნაგლეჯი მაინც მქონდეს კორპუსთან ახლოს, სიამოვნებით დავამუშავებდი. ძალიან ძნელია მთელი დღე ერთ ადგილას ჯდომა, ამიტომ დავდივარ უსაქმურად მთელ ქალაქში და სადმე ნაცნობს თუ გადავეყრები, სიხარულისგან ვცმუკავ, თუ არა და, უცხოებთან გამოლაპარაკებას ვცდილობ: ზოგს მოვწონვარ და მელაპარაკება, ზოგი კი ცხვირს ამიბზუებს ხოლმე, - რა გინდა, ვის დაჰკარგვიხარო? არადა, ამ დიდ ქალაქში ძნელია უკვე ნაცნობის პოვნა. ჩემი თაობის ბევრი აღარავინ შემორჩა ქვეყანას და ახლებს კიდევ, მე ვეღარ ვცნობ.

ძნელია სიბერე. ახალგაზრდას მეგონა, არასდროს დავბერდებოდი. სულ სიცილ-სიცილში გავლიე წლები და ახლა ვხვდები, წინდაუხედავი ვყოფილვარ. კარგი გარეგნობის გარდა, კარგი პროფესიაც მქონდა, პედაგოგი გახლდით. ფილოლოგიურზე სწავლისას, თავი ისე გამოვიჩინე, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე საკმაოდ პრესტიჟულ სკოლაში გამანაწილეს. მას მერე, ვიდრე საპენსიო ასაკს არ მივაღწიე, ვმუშაობდი. რამდენიმე სკოლა მოვიარე, კერძოდაც ვამზადებდი ბავშვებს და ხალხისგანაც პატივისცემას ვგრძნობდი. ალბათ, ეს პატივისცემა "ამივარდა თავში" და ბიჭებს ვიწუნებდი. ზოგი კი მომწონდა, მაგრამ საჩემოდ მაინც არ მივიჩნევდი ან კარიერის დანგრევის მეშინოდა. ჰოდა, დავრჩი უშვილძიროდ. ახლა ბიჭებს ქალები თვალებში აფრინდებიან, ადრე კი ეს ცუდ ტონად მიიჩნეოდა. ქალები ვცდილობდით, ზედმეტი ცნობისმოყვარეობაც კი არ გამოგვეჩინა. მაშინ პატიოსნება დიდად ფასობდა, ახლა კი მას ჩალის ფასი აქვს, სამწუხაროდ. ვგიჟდები, ისეთები მესმის და ტელევიზორში ისეთებს ვუყურებ. ამ საუკუნეში რომ დავბადებულიყავი, კაცმა არ იცის, როგორ წარიმართებოდა ჩემი ბედი. ალბათ, ვერაფერს მივაღწევდი ვერც კარიერასა და ვერც სიყვარულში, ჩემი სიმორცხვის გამო ყველას დაცინვის ობიექტი ვიქნებოდი.

წლების წინ სულ სხვანაირი წარმოდგენა გვქონდა კაცებთან ურთიერთობაზე და ყველაზე თამამ სიზმარშიც არ მინახავს ის, რასაც ახლა რეალურად ვხედავ პარკებში, სკვერებში. გული მიმძიმდება ხოლმე ამის ყურებისას. გაირყვნა ახალგაზრდობა და ეგაა. კოცნას არ სჯერდებიან, ხალხის თანდასწრებით ლამის ტანისამოსი შემოიგლიჯონ და თან, ეს ბავშვების თვალწინ ხდება, დღისით, მზისით. შვილი ან შვილიშვილი რომ მყავდეს და მასთან ერთად სეირნობისას, მსგავს სცენას გადავაწყდე, ალბათ, ტვინში სისხლი ჩამექცევა... გაგრძელება