"არ მინდა ახლობელი ადამიანების შეთქმულების მონაწილე ვიყო"
16-07-2018
"არ მინდა ახლობელი ადამიანების შეთქმულების მონაწილე ვიყო"
"არ მინდა, ტყუილით ვიცხოვრო. არ მინდა, ორი ყველაზე ახლობელი ადამია­ნის შეთქმულების მონაწილე ვიყო", -­ გვწერს ჩვენი მკითხველი და თავისი ცხოვრების შესახებ დაწვრილებით მოგვითხრობს:

"ეს ამბავი 27 წლის წინ დაიწყო. იმ დღეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს და ორი თვის თავზე დაქორწინდნენ, მაგრამ როდესაც მე ქვეყნიერებას მოვევლინე, ისინი სამი თვის გაყრილები იყვნენ. მოკლედ, მათ ყველაფერი მოასწრეს - შეხვედრა, შეყვარება, აყალმაყალი, ერთმანეთის გულის გატეხა და განშორებაც.

სანამ პატარა ვიყავი, ჩემთვის მამა ყველაზე ბედნიერი
დღეების მომტანი ადამიანი გახლდათ. ლამაზი, მაღალი, ხალისიანი... გასაოცარი შეგრძნება იყო მასთან ერთად ხელჩაკიდებული სიარული. თითქოს მისი ძლიერი ხელები ძალასთან ერთად, სიმშვიდესაც გადმომცემდა.
"მამაჩემს ვეტყვი!" - ეს ჩემი ყველაზე საყვარელი ფრაზა იყო, რომელსაც დედაჩემი ვერ იტანდა. მან ვერც მე მაპატია მამის სიყვარული და ვერც მამაჩემს აპატია
ჩვენი მიტოვება. მისი სიტყვებით ისე ჩანდა, რომ მათი ოჯახის დანგრევაში ბრალი მხოლოდ მამას მიუძღოდა, თვითონ კი მსხვერპლი იყო. ეს განწყობა მისი დაავადებების მიზეზიც გახდა. დედა გასუქდა, ნივთიერებათა ცვლა დაერღვა და მოხდენილი, ცხვირაწეული გოგოდან ავადმყოფ ქალად გადაიქცა. საბედნიეროდ, დედის მშობლებთან ვცხოვრობდით - დიდ, კეთილმოწყობილ სახლში, რომელსაც ულამაზესი ეზო და ჩემთვის მოწყობილი ათასგვარი გასართობი ჰქონდა.

ერთ ზაფხულს ბაბუამ ზღვიდან დაბრუნებულებს ეზოში აუზი დაგვახვედრა. სიგიჟემდე შემიყვარდა ცურვა. როდესაც მამამ აღმოაჩინა ჩემი გატაცება, გადაწყვიტა, ცურვაზე მივეყვანე. დედას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ არც ენთუზიაზმი გამოუჩენია, ამიტომ როდესაც ცურვის გაკვეთილზე ვიყავი წასაყვანი, ხან ბაბუას მივყავდი, ხანაც მამა მაკითხავდა. ამან მამაჩემის და ბაბუაჩემის ურთიერთობა აუცილებელი გახადა და ისინი მალე დამეგობრდნენ კიდეც. ჩემი პირველი სპორტული წარმატებების მომსწრეც ეს ორი ადამიანი იყო. საოცრად ამაყი ვიყავი - მე ხომ ორი უსაყვარლესი მამაკაცი მგულშემატკივრობდა.

როცა ისე გავიზარდე, რომ ქალური სოლიდარობის შეგრძნება გამიჩნდა, დედაჩემის მდგომარეობის აღქმაც დავიწყე და შემეცოდა, მაგრამ მაშინ ბევრი არაფერი შემეძლო, ამიტომ მხოლოდ სიყვარულს გამოვხატავდი მის მიმართ, ოღონდ მამასთან და დედასთან ჩემი დამოკიდებულება, ამ სიყვარულის მიუხედავად, მაინც ძალიან განსხვავდებოდა - მამას ყიჟინით ვახტებოდი ზურგზე, დედას კი სევდიანად ვეკვროდი გულში... ამას, რა თქმა უნდა, ბაბუ და ბებოც ამჩნევდნენ.

როგორც მერე შევიტყვე, ბებიაჩემი ხმალ­ამოღებული იბრძოდა იმისთვის, რომ დედა ამ დეპრესიული მდგომარეობიდან გამოეყვანა. დაჰყავდა ექიმებთან, აიძულებდა, გაეგრძელებინა სწავლა, მოენახულებინა მეგობრები... მშობლების სიყვარულმა და ალბათ, დრომაც დედის ჭრილობები მოაშუშა და მისი ჯანმრთელობაც გააუმჯობესა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ბებიის დაჟინებული მოთხოვნით სწავლა გააგრძელა და დოქტორის ხარისხიც მიიღო. მოკლედ, როდესაც სკოლას ვამთავრებდი, ჩემი პროფესორი დედა გარეგნულად გაუბედურებული ქალი აღარ იყო... ბებიაჩემი ამ ქვეყნიდან ბედნიერი წავიდა.

აი, მამამ კი სწორედ იმ დროს ახალი ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. საცოლე არ მომეწონა. მამამ მითხრა, რომ ამაზე არ მედარდა, რადან ეს ფსიქოლოგიური პრობლემა იყო და ბოლოს და ბოლოს, დავძლევდი. ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, თუმცა ჩემი ანტიპათია არაფერი იყო დედაჩემის განწყობასთან - დედა საშინლად ბრაზობდა მამას დაქორწინებას.

მარტო დარჩენილი ბაბუაჩემის სანახავად მამა ხშირად შემოივლიდა ხოლმე. ისხდნენ და ათასგვარ რამეზე საუბრობდნენ, დედაჩემი კი ცხვირწინ უტრიალებდათ. თავიდან მიხაროდა, დედა რომ ყურადღებას იჩენდა მამაჩემის მიმართ, მაგრამ ეს არაბუნებრივი ჩანდა. როცა მამა უნდა მოსულიყო, ის განსაკუთრებულად ემზადებოდა, განსაკუთრებულად გამოიყურებოდა და ბოლოს დიეტაზეც გადავიდა. ეგ კი არა, პირველად აუზში ჩასვლაც გადაწყვიტა.

ჩემი ძმა რომ გაჩნდა, უკვე მეორე კურსზე ვიყავი და საფრანგეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვაპირებდი გაცვლითი პროგრამით წასვლას. მამას ხათრი ვერ გავუტეხე და ბავშვის სანახავად მივედი. კარგი, ჯანმრთელი, ბუთხუზა ბიჭი იყო. დედამისი ისევ არ მომწონდა, მაგრამ მან ჩემი ძმა გააჩინა, ამიტომ გადავკოცნე და მივულოცე. რამდენიმე დღეში დედამ და მამამ აეროპორტში ერთად მიმიყვანეს, დიდხანს მიხუტეს გულში, ჭკუა მარიგეს და ესკალატორზე შემდგარს ბოლომდე მიქნიეს ხელი... ბოლოს მამამ დედას ხელი გადახვია, მაგრად მიიკრა მკერდზე და ბოლო ფრაზაც მომაძახა: "დაფრინდები თუ არა, დამირეკე!"

უკვე დიდი გოგო ვიყავი და კარგად ვხვდებოდი, რომ რაღაც "ისე" არ იყო.

პარიზში ორი წელი გავატარე. არდადეგებზე სახლში ვბრუნდებოდი და მშობლებიც აეროპორტში მხვდებოდნენ. ამაში არაფერი იყო არაბუნებრივი, მაგრამ როდესაც ბაბუა გარდაიცვალა და მის დაკრძალვაზე ჩამოვფრინდი, მწუხარებისგან განადგურებულიც კი მივხვდი, რომ მამა მეტისმეტად კარგად ექცეოდა დედას. ორი კვირის თავზე კი, ღამით, მამაჩემი დედაჩემის ოთახიდან გამოსული დავინახე.
აი, მოვაღწიე დღევანდელობამდეც. დღეს ჩემს ოჯახს ოჯახს ვერ დაარქმევ. მყავს მოყვარული, მზრუნველი, თავდადებული დედა, რომელიც თითქმის სამი ათეული წლის წინ გაშორებული ქმრის საყვარელია და ასეთივე მოყვარული, თავდადებული, გადასარევი გარეგნობის მამა, რომელსაც სხვა ცოლ-შვილი, სხვა სახლ-კარი, სხვა ცხოვრება აქვს და ყოფილი ცოლი ჰყავს საყვარლად. რაც მთავარია, ამ ამბით ორივე მხარე იტანჯება, რადგან დანაშაულის კომპლექსი, ორმაგი ცხოვრება არცთუ სასიამოვნოა, მით უფრო, როდესაც შენი შვილი შენს არჩევანს არ იზიარებს. ჰო, ძალიან რბილად ვთქვი - მე ისინი მძულს.

მძულს დედა, როცა ვფიქრობ, რომ ის ვიღაც ქალის ლოგინიდან წამომდგარ კაცთან წვება. მძულს მამა, რადგან ამ ამბავმა ცხადყო, რომ ის ყალბი ადამიანია. აღარც წარსულში მისი ზრუნვა მეჩვენება სიყვარულად და აღარც მისი ჯაფა. რა მინდა? მინდა, რომ ტყუილით არ ვიცხოვრო. მინდა, ორი ყველაზე ახლობელი ადამიანის შეთქმულების მონაწილე არ ვიყო, შეთქმულების, რომელიც თვალში ნაცარს აყრის ირგვლივ მყოფებს და ჩემი ძმის ცხოვრებასაც დაღს ასვამს.

ნინო მ."
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით