"ისე მიყვარდი, ქმარს რომ ჩამომეცილებინე, სუკში დავაბეზღე, სხვანაირად ჩემი ვერასდროს გახდებოდიო" - კვირის პალიტრა

"ისე მიყვარდი, ქმარს რომ ჩამომეცილებინე, სუკში დავაბეზღე, სხვანაირად ჩემი ვერასდროს გახდებოდიო"

დიდი ხნის შემდეგ გამჟღავნებული საიდუმლო

ყოველთვის, როცა ჩემს ერთ-ერთ მეგობარს  ნინოს ვესტუმრები ხოლმე სოლოლაკში, მის მეზობლად მცხოვრებ სანდომიან და სათნო მოხუცს, ბარბარე დეიდას უნდა მოვკრა თვალი. იგი თბილ ამინდებში აივანზე, სარწეველა სავარძელში ზის და ყოველ ამვლელ-ჩამომვლელს ინტერესით აკვირდება. თუ ცივა, ფანჯარასთან მიჯდება და იქიდან უმზერს გარე სამყაროს.

ბარბარე დეიდა მუსიკოსია. ერთ დროს ფორტეპიანოზე უკრავდა და კონსერვატორიაშიც ასწავლიდა. რაც 80-ს მიუკაკუნა, დაკვრა შეწყვიტა. კლასიკური მუსიკის უნიკალური ჩანაწერები აქვს. მისი ფანჯრებიდან საოცარი ჰანგები რომ იღვრება, მეზობლები ამბობენ, - ბარბარე ახლა თავის წარსულში მოგზაურობს და მოგონებებშია ჩაძირულიო.

ბარბარე ერთ დროს ულამაზესი ქალი ყოფილა. ბევრი წარჩინებული კაცი ეტრფოდა, მაგრამ არჩევანი 15 წლით უფროს შალვაზე გააკეთა. შალვა ომში არ წაიყვანეს, რომელიღაც გასაიდუმლოებულ ქარხანაში მუშაობდა. რომ დაოჯახდა, ყველა შენატროდა - მისი დარი ცოლი არავის ჰყავდა. მალე ვაჟი შეეძინათ, გიორგი, მერე შალვა დააპატიმრეს, ბრალად ხალხის მტრობა და ქვეყნის ჯაშუშობა დასდეს. დარჩა ბარბარე მცირეწლოვან შვილთან ერთად. სიყვარულიც ქმართან ერთად გამოიგლოვა...

ახლა ბარბარეს ვაჟი გერმანიაში ცხოვრობს.

პროფესიით ფიზიკოსი, საერთაშორისო სიმპოზიუმზე გაუშვეს მიუნხენში და უკან აღარ დაბრუნდა. გიორგი მაშინ 31 წლის იყო. იქ დაოჯახდა, გერმანელი ქალი შეირთო ცოლად. ახლა უკვე შვილიშვილებიც ჰყავს. ბოლო თხუთმეტი წელია დედასთან ხშირად ჩამოდის. რამდენჯერმე სთხოვა, წამოდი, აქ რა დაგრჩენიაო, მაგრამ ბარბარე ჯიუტი ქალია, - ჩემს სახლში მირჩევნია, როცა მოვკვდები, უცხოეთში რატომ უნდა იყოს ჩემი საფლავიო... ასე ჰგონია, სახლს თუ მოშორდება, თავის წარსულსაც სამუდამოდ გამოეთხოვება.

კარგა ხანს არ იცოდა, მისი შალვა დახვრიტეს თუ ციმბირში გადაასახლეს. 5 წლის დაგვიანებით მოუვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ შალვა ციხეშივე დაუხვრეტიათ, ქმრის მეგობარმა უთხრა, - შალვას ცოლი ხარ, მაგრამ უნდა გამოგიტყდე, დიდი ხანია მიყვარხარ, ნუ გამაგდებ, შენ გვერდით მამყოფე და არაფერს გაგიჭირვებო. ბარბარე გაოცებული დარჩა ამ აღიარებით. სოსო და შალვა ხომ ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ.

თუმცა გაჭირვებამ  ორჭოფობაც დააძლევინა და ბარბარე ცოლად გაჰყვა. იოსებს უნდოდა, საყვარელ ქალთან შვილი ჰყოლოდა, მაგრამ შვილი აღარ შეეძინათ. ხელი ჩაიქნია კაცმა და ცოლი დაამშვიდა: ნუ იდარდებ, ჩვენ გვყავს შვილი, რომელზედაც ვიზრუნებთო...

გავიდა წლები. გათხოვების მიუხედავად, ლამაზ ქალს თაყვანისმცემელი არ ელეოდა. მას კი თავი ამაყად ეჭირა - ქმარ-შვილის პატრონი გახლდათ და არავის პირს არ უჩვენებდა.

ერთხელ იოსებს სამსახურში ესტუმრა უცნობი მამაკაცი. თურმე ის უსაზღვროდ ყოფილა ბარბარეზე შეყვარებული. ქალს ერთი წლის განმავლობაში ლამაზ თაიგულებს უგზავნიდა. ბარბარეც იღებდა ამ საჩუქარს, მაგრამ მისალმებისა და მადლობის გარდა მათი ურთიერთობა არც კი გაღრმავებულა. შეყვარებულმა კაცმა ჩათვალა, რომ ქალის სიცივის ბრალი მისი ქმარი იყო, ამიტომაც გადაწყვიტა "კაცურად" მოლაპარაკებოდა იოსებს.

- შენი ცოლი მიყვარს, ამიტომ გვერდზე უნდა გადგე! - პირდაპირ აჯახა იოსებს.

იოსებს იმდენად გაუკვირდა უცხო კაცის მოთხოვნა, გაბრაზებაც კი ვერ მოახერხა.

- მე შენზე მეტად მიყვარს და მჯერა, იმასაც შევუყვარდები! - კვლავ ჯიუტობდა უცნობი. იოსებს კი უნდოდა ერთი-ორი წაეთაქებინა თავხედი მოძალადისთვის, მაგრამ სამსახურში იყო და არ უნდოდა, სკანდალის ატეხა.

ერთი კი უთხრა, - სხვა დროს ვილაპარაკოთ, ახლა არ  მცალიაო და შებრუნდა. საღამოს შინ რომ დაბრუნდა, ის-ის იყო, უნდა მოეყოლა იმ უცნაური სტუმრის შესახებ, რომ ზარის ხმა გაისმა - კარი გააღო და რას ხედავს - ისევ ის თავხედი კაცი არ არის? ახლა კი თავი ვეღარ შეიკავა, ქეჩოში ხელი წაავლო თავხედს და კიბეზე დააგორა... რაც ბარბარეს ქმარი იყო, მშვიდად არ უცხოვრია. ხან ვინ გამოჩნდბოდა, ხან - ვინ.

ზოგი ვერ მალავდა თავის გრძნობას, ზოგიც გულში იკლავდა სიყვარულს და მხოლოდ შორიდან ეტრფოდა საოცნებო ქალს. გიორგი მესამე კურსზე იყო, იოსებს რომ ინსულტი დაემართა. ბარბარე გვერდიდან არ შორდებოდა, ქმარს უვლიდა, იმ პერიოდში თავის საყვარელ საქმესაც კი დაანება თავი.

მარჯვენა ხელი და ფეხი წართმეული ჰქონდა იოსებს, ლაპარაკი კი შეეძლო. ბარბარეს სთხოვა, მღვდელი მიეყვანა აღსარებისთვის. ცოლმაც შეუსრულა სურვილი. მოძღვრის წასვლის შემდეგ ცოლი მოიხმო, - ჩემი აღსარების შემდეგ ვიცი რომ შემიძულებ, მაგრამ მაინც უნდა გითხრა სიმართლეო და იოსები ისეთ რამეში გამოუტყდა ბარბარეს, ქალს თავი საზარელ სიზმარში ეგონა...

- ისე მიყვარდი, რომ ქმარს რომ ჩამომეცილებინე, სუკში დავაბეზღე, სხვანაირად ჩემი ვერასდროს გახდებოდიო. ქალს თვალთ დაუბნელდა. მერე თავს ძალა დაატანა, წამოდგა და მეორე ოთახში, სავარძელში ჩაესვენა. იმ დღიდან ქმრის საძინებელში აღარც შესულა. მომვლელი ქალი მოდიოდა, ის აკეთებდა საჭმელს, შეჰქონდა ავადმყოფთან და წამლებსაც ასმევდა. იოსები აღსარებიდან წელიწად-ნახევარში გარდაიცვალა.

მეზობლები იმასაც ამბობენ, რომ შვილის გერმანიაში დარჩენას კინაღამ გადჰყოლია ბარბარე, მაგრამ ისეთი ამაყი ქალი იყო, არავისთან არ წუწუნებდა, ცრემლიც არ გადმოვარდნია სხვის დასანახავად. დარდმა თავისი ქნა და პირველი ინფარქტი 55 წლის ასაკში მოუვიდა. ნათესავებმა შვილისგან გამოგზავნილი ფულით მომვლელი დაუქირავეს. მალე დადგა ფეხზე.

ბარბარესთან ახლა თინა ცხოვრობს, სწორედ ის ქალი, თავიდან რომ მომვლელად მივიდა მასთან. თინა ბარბარეს, როგორც საკუთარ დედას, ისე ეპყრობა.

როგორც ამბობენ, როცა მისი სახლის ფანჯრებიდან კლასიკური მუსიკის ჰანგები იღვრება, იგი ამ დროს ყოველთვის ძველ ფოტოებს ათვალიერებს.

ამ ფოტოებზე ბარბარე თავის საყვარელ მეუღლესთან, შალვასთან და პატარა გიოსთან ერთადაა გადაღებული... ოღონდ ეგაა, რომ სტუმრებთან არასოდეს ამზეურებს იმ სურათებს, რომელიც დიდი ხანია მისი სულის ნაწილად ქცეულა.

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავალი - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი. გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება.