როგორ "წამოეგო ანკესს" უკარება გოგო - კვირის პალიტრა

როგორ "წამოეგო ანკესს" უკარება გოგო

ქალის გულის მონადირების უამრავი ხერხი არსებობს. უკარება ქალებმა ყველა ეს ხერხი იციან და აბეზარი თაყვანისმცემლისგან თავს შორს იჭერენ...

...გუგამ თავის მეგობარს, ქალებთან ურთიერთობაში გამოცდილ ლუკას შესჩივლა, - ე, ბიჭო, დამეხმარე, გამაწვალა ამ გოგომ. შეხვედრაზე ვერ იქნა და ვერ დავიყოლიე, არადა, ძალიან მიყვარს. ვატყობ, იმასაც მოვწონვარ. ტელეფონით საუბარს არ გაურბისო.

ლუკამ გუგას მხარზე ხელი დაჰკრა: - ნუ გეშინია, მაგისთანები გაგვიბამს მახეშიო?..

თათია მართლაც არ იყო ადვილად "მოსანადირებელი" გოგო, მაგრამ ლუკა დარწმუნებული იყო, რომ არ არის ქალი, რომლის შებმაც არ შეიძლებოდეს...

კარგა ხნის ფიქრის შემდეგ ლუკამ გუგას დაურეკა, - ახლავე ჩემთან გაჩნდიო. გუგა თვალის დახამხამებაში ეახლა. რამდენიმე წუთში ლუკას ბავშვობის მეგობარმა თიკამ შემოაღო კარი.

...ღამის თორმეტის ნახევარი იყო. თათია ფილმს უყურებდა ტელევიზორში. ამ დროს მობილურმა დაიწკრიალა -  მესიჯი იყო. ალბათ, გუგაა, დღეში რამდენჯერ უნდა გამომიგზავნოთ მესიჯიო? - ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოდ გაიფიქრა და მობილურს დახედა.

უცხო ნომერი იყო. წაიკითხა: "გუგას თავი დაანებე, ნუ უმღვრევ გონებას, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. შენ ზედმეტი ხარ". ალმურმა აჰკრა სახეზე. გუგა მოსწონდა თათიას, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ენდობოდა, არ ჩქარობდა... ამდენი მესიჯებით და ფიცით გუგამ თითქმის მოიპოვა თათიას ნდობა და უცებ ეს მესიჯი არ გამოჩნდა? გულს შემოეყარა. ის იყო, აპირებდა მესიჯითვე ეკითხა, ვინ ხარო, რომ ზარიც გაისმა. უცნობი თავხედი ურეკავდა:

- ხომ წაიკითხე, რაც მოგწერე? ახლა კარგად დაიმახსოვრე - არ გაეკარო გუგას, თორემ სადაც გნახავ, თმით გითრევ, იცოდე, - მიაყარა და გათიშა. დილამდე რაღა მოათმენინებდა, მაშინვე გუგას მისწერა - "სასწრაფოდ დამირეკე". ორ წუთში გუგას ალერსიანი ხმა გაისმა ტელეფონში: "რას მივაწერო შენი ყურადღება? ხომ მშვიდობაა?" აფორიაქებულმა თათიამ უთხრა, რაც ხდებოდა. გუგას "აღელვება" დაეტყო: "თათი, ყველაფერს აგიხსნი. იმ გოგოსთან კარგა ხანია ურთიერთობა გავწყვიტე.

გაიგო, რომ შენ მიყვარხარ და შეტევაზე გადმოვიდა. ახლა გვიანია, ვიცი, არ შემხვდები, ხვალ ვილაპარაკოთ, გეფიცები, არაფერს დაგიმალავ". ამჯერად თათიას შეხვედრაზე უარი აღარ უთქვამს. თან ძალიან აინტერესებდა, ვინ იყო ის გოგო, თმით დათრევას რომ უპირებდა...

ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ლუკა ვარაუდობდა... "რატომ უნდა დავუთმო იმ თავხედ გოგოს ბიჭი, რომელიც მე მომწონს?" - თქვა გულში თათიამ და გუგასთან შეხვედრებს მოუხშირა. გუგაც დაპირდა, - ის მეტად აღარ შეგაწუხებსო. მართლაც აღარ განმეორებულა აღარც ზარი და აღარც მესიჯი...

როგორ ფიქრობთ, რით დასრულდა გუგასა და თათიას ურთიერთობა?

ახლა მათ ერთი წლის ნინიკო ჰყავთ...