რატომ რჩებიან ქალები შინაბერებად - კვირის პალიტრა

რატომ რჩებიან ქალები შინაბერებად

კაცმა რომ თავისი ფუნქცია დაკარგა და ქალს მიაჩერდა ხელებში, ეს, რა თქმა უნდა, ცალკე თემაა და როგორც თქვენმა მუდმივმა მკითხველმა, ვიცი, რომ საკმაოდ დიდი დრო და ადგილი დაუთმეთ, რისთვისაც მადლობას გიძღვნით მთელი ჩემი სამეგობროს სახელით.

მაგრამ ამ წერილში სხვა საკითხზე უნდა გესაუბროთ. მხოლოდ კაცების ბრალი როდია, ქალი რომ შინაბერად რჩება. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს. ჩემი მშობლები (განსაკუთრებით კი - დედა) ისე მზრდიდნენ, რომ მჯეროდა, ჩემი მოვალეობა მხოლოდ წიგნი და მეცადინეობა იყო. დედა და ბებია თითს არაფერზე მაკარებინებდნენ. ზოგჯერ თოჯინისთვის კაბის შეკერვა მომინდებოდა ჩემი მეგობრების მსგავსად, დედა მაშინვე წარბს შეკრავდა - შენ რა, მკერავი უნდა გამოხვიდე? დაანებე ნემსს და ძაფს თავი, წიგნი წაიკითხე.

შენ მეცნიერი უნდა გახდე და მოსამსახურე გაგიკეთებს ყველაფერსო. ამასვე მეუბნებოდა ნამცხვრის გამოცხობაზეც და ასე ნელ-ნელა შევეჩვიე იმ აზრს, რომ მხოლოდ უნდა მეკითხა და მეწერა. სკოლის დამთავრების შემდეგ ისტორიულზე გავაგრძელე სწავლა, მერე ასპირანტურა დავამთავრე, სადოქტოროც დავიცავი.

მოწაფეობისას და სტუდენტობაში ვინც კი მომწონდა, იმდენი ქნა დედაჩემმა, რომ ყველას ავუბზუე ცხვირი. თავჩარგული ვმუშაობდი სხვადასხვა თემაზე და ბოლოს, როცა გავაცნობიერე, რომ შეიძლებოდა სიბერეში მარტო დავრჩენილიყავი, პირადულზე დავიწყე ზრუნვა. მეგობრები ხან ვის გამაცნობდნენ, ხან - ვის. მშობლები კი მარწმუნებდნენ, საგანგაშო არაფერია, რადგან სამეცნიერო ხარისხიც გაქვს, მაღალი ხელფასიც, აბიტურიენტებსაც ამზადებ და საზოგადოებაც გიცნობს.

სიბერეში მარტო არ იქნები, ძმისწულები მოგხედავენო... თუკი აქამდე ბრმად მჯეროდა მათი, ახლა მივხვდი, რომ ბევრ რამეში ცდებოდნენ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს, თავისი გზა. ძალიან მიყვარს ძმისწულები, მაგრამ მე ჩემი საკუთარი მინდოდა... მეგონა, ვინც მომწონდა, ღირსეული კაცი იყო და ოჯახსაც შევქმნიდით.

როცა საქმე საქმეზე მიდგა, გამომიტყდა, ცოლთან წაჩხუბებული ვიყავი, გაყრას ვაპირებდი, მაგრამ ნათესავებმა შემარიგეს და... ბოდიშიო. გული დამწყდა. მაგრამ ორსულად ვიყავი და ბავშვს როგორ მოვიცილებდი? ორმოცი წლისამ გავრისკე და შემეძინა თვალხატულა მარიამი. მართალია, ჩემმა საქციელმა ოჯახი და ნათესავები ამიმხედრა, დედა რამდენიმე თვე არც მელაპარაკებოდა, მაგრამ მარიამმა სულ მალე ყველას გული მოულბო. ახლა ჩემი გოგონა ოთხი წლისაა და მე უბედნიერესი დედა ვარ.

ქ. ნ. თბილისი