"უნდა მივმხვდარიყავი "დამტკბარი" დედამთილი მახეს რომ მიგებდა" - კვირის პალიტრა

"უნდა მივმხვდარიყავი "დამტკბარი" დედამთილი მახეს რომ მიგებდა"

ეგოისტი დედის "სამართალი"

ის ახლა თბილისშია. მალე კვლავ უცხოეთში მიდის, იქ, სადაც შვიდი წელია ცხოვრობს. სანამ შვილებსაც თან წაიყვანდა, ნერვიულობდა, დღე და ღამე ტიროდა და განიცდიდა მათგან შორს ყოფნას. ახლა მშვიდადაა. ორ წელზე მეტია, შვილები თავისთან ჰყავს.

თათა: - ჯაბა პირველ კურსზე გავიცანი.  მიმზიდველი ბიჭი იყო, გადასარევად მღეროდა და უკრავდა. მეგობრები ეხუმრებოდნენ, - გეოლოგობა რად გინდოდა, სიმღერისთვის ხარ დაბადებულიო.

ჯაბა დასავლეთ საქართველოდან იყო, ბიძამისი სამხედრო გახლდათ, უშვილო იყო და თბილისის ოროთახიანი ბინა ჯაბას აჩუქა.

შეუღლებიდან სამ თვეში ჯაბას დედა ჩვენთან ჩამოვიდა. გამოგვიცხადა, - სახლ-კარს დედამთილი და ქალიშვილები მიხედავენ, სანამ ახალგაზრდა ვიყავი, არ მეღირსა თბილისში ცხოვრება, ახლა დროა, დავისვენოო. კარში ფეხი შემოდგა თუ არა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აინტერესებდა, ღამე როგორ ეძინა მის შვილს, ხომ არ შფოთავდა, ან ოხრავდა...

თავიდან ჩუმად ვიტანდი მის გამოხდომებს, მერე გამიჭირდა "ყრუსა" და "ბრმის" თამაში.  სულ დაძაბული და ნერვებდაწყვეტილი ვიყავი. ვეღარც შვილები მშველოდნენ, ვერც მშობლები, რომლებიც დღენიადაგ მაწყნარებდნენ და მარწმუნებდნენ: არ აჰყვე, დაიღლება და გაგეცლებათო...

ერთ დღეს ქვაბი ცეცხლზე შემოვდგი, მერე კი მოსწავლეს მივუჯექი გაკვეთილის ჩასატარებლად. როცა მოვრჩით მეცადინეობას, მოსწავლე შინ გავუშვი, მე კი ისევ სადილს მივუტრიალდი და რას ვხედავ, ბორშჩს სქლად ბუშტები მოუყენებია... გავგიჟდი, თვალებს არ დავუჯერე, მერე უფროს გოგონას დავუძახე, - ეს რა არის, რამე ხომ არ ჩაასხი-მეთქი. - მე არა, დედიკო, ბებო იყო შესული სამზარეულოში, ხელში სარეცხის ფხვნილის ყუთი ეჭირაო... გაოგნებული გავედი აივანზე.

მშვენიერ გუნებაზე იყო და ღიღინებდა. ვკითხე, - რატომ გააკეთე ეს, შენი შვილი რომ მოვა, მაგასაც ხომ უნდა ვაჭამო-მეთქი. მშვიდად მომიგო: - ჯერ ერთი, ჩემს შვილს ბორშჩი არ უყვარს, თანაც შენი გაკეთებული წყალ-წყალაა, რაც მთავარია, ფეხი არ შემიდგამს სამზარეულოში, უკადრებელს ნუ კადრულობო. აბა, რა ჭკუაზე დავდგებოდი? საღამო რომ მოახლოვდა,  დედამთილმა თავშლით შეიკრა თავი, და შეწუხებული სახით დახვდა შვილს. ჯაბაც მაშინვე, დედასთან მივიდა.

- შენმა ცოლმა, სხვა მიზეზი რომ ვერ გამოძებნა, ისეთი რამ დამაბრალა, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცესო, - მომესმა დედამთილის ხმა. ცახცახი ამივარდა, სამზარეულოდან ქვაბი გამოვიტანე და ქმარს ვაჩვენე, - თანაც დავაყოლე, დედაშენმა სადილში სარეცხი ფხვნილი ჩაყარა-მეთქი. წინადადება დამთავრებული არ მქონდა, რომ ჯაბამ ქვაბს ხელი ჰკრა და იატაკზე დაახეთქა.  გონს რომ მოვედი, ბავშვები მოთქმით ტიროდნენ, ჩემი ქმარი კი ყვიროდა: ძაღლი კოჭლობით არ მოკვდებაო. იმ დღეს გაწყდა ყველა სიმი, რაც კი შვილების მამასთან მაკავშირებდა. მაგრამ მაინც ვერ შევძელი სახლიდან წამოსვლა.

ერთხელ, ჩემმა კლასელებმა გადაწყვიტეს სკოლის იუბილე გადაეხადათ. ჯაბა მივლინებაში იყო.

ჩემმა დედამთილმა ეს რომ გაიგო,  მითხრა: - ჩვენთან იქეიფეთო. გულში კი გამკენწლა, რამე საშინელება არ ჰქონდეს ჩაფიქრებული-მეთქი, მაგრამ ჩემს გოგოებს ისე გაუხარდათ მისი შემოთავაზება, უარი ვერ ვთქვი. ბავშვები დედასთან წავიყვანე, დედამთილი კი რამდენიმე დღით სოფელში წავიდა.

სტუმრები გვიან დაიშალნენ, სამი კლასელი გოგონა და ერთიც ვაჟი, გიორგი, ჩემთან დარჩნენ. გიორგიმ მალე დაიძინა, გოგოები ვლაპარკობდით, თან სუფრას ვალაგებდით. წარსულის მოგონებებში დაგვათენდა. დილის 7 საათი იქნებოდა, ტანსაცმლიანად რომ მივწექით და ძილში ზარის ხმა ჩამესმა. კარი გავაღე და რას ვხედავ:

ჩემი დედამთილი კოპებშეყრილი დგას.  მერე მუჯლუგუნი გამკრა, შემოვარდა შიგნით, ჯერ მძინარე გოგოებს დახედა (მათ მისაღებ ოთახში ეძინათ) მერე საძინებელში შევარდა და იქ რომ გიორგი დაინახა, მომიტრიალდა და ისეთი რამ მითხრა, კინაღამ გული გამისკდა: არ გრცხვენია ორი შვილის დედას, ქმარი სამუშაოდ გყავს გაგდებული. შენ კი სხვა კაცს უწევხარო. მერე ჯაბა სასწრაფოდ გამოიძახა, იმანაც სულ კახპა მეძახა. ბოლოს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს განქორწინებასა და ჩემთვის დედობის უფლების ჩამორთმევაზე.

როგორ ვერ მივხვდი, რომ ასე უცებ "დამტკბარი" დედამთილი რაღაც ხაფანგს მიგებდა. სასამართლოზე მოწმეებად ჩემი მეგობრები მოვიდნენ, ისინიც გაოგნებულები იყვნენ ამ ამბით, - მოსამართლემ  ცოლ-ქმარი გაგვყარა, მაგრამ შვილები მე მომაკუთვნეს...

6 თვის შემდეგ მეგობარი დამეხმარა და კანადაში წავედი. ძალიან მიჭირდა ჩემი გოგონების გარეშე. მაგრამ იმდენი მოვახერხე, რომ ამერიკაში ლეგალურად დარჩენა შევძელი. მერე კი შვილებიც წავიყვანე... მინდა მათ საუკეთესო განათლება მივცე და მერე აუცილებლად დავბრუნდებით. თქვენთან კი იმიტომ გადავწყვიტე მოსვლა, რომ ამას წინათ, აქ ჩამოსულს ისეთი ამბავი დამახვედრა ჯაბას ნათესავმა ქალმა, თმა ყალყზე დამიდგა.

როგორც იქნა, გავიგე, რატომაც ვერ მიტანდა ჩემი დედამთილი. მას ნათესავისთვის უთქვამს: - ცოლი რომ მოიყვანა, ეჭვიანობამ შემიპყრო, ვერ ავიტანე, რომ თათას თბილად ეპყრობოდა, მაღიზიანებდა მათი ერთად ყოფნა. ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, ჩემი შვილი რომ დამებრუნებინაო. ამის მერე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ კარგი ვქენი, მათი ოჯახიდან რომ წამოვედი. ისიც ვიცი, ჯაბა ცოლს თუ ისევ მოიყვანს, ეგოისტური გრძნობა დედამისს ისევ მოეძალება.