"ჩემს მშობლებს გარდატეხის ასაკი დაეწყოთ..."
"ჩემს მშობლებს გარდატეხის ასაკი დაეწყოთ..."
"ჩემი სოლიდური მშობლების ნაცვლად, რომლებიც წასვლისას დავტოვე, უკან დაბრუნებულს ბაიკერის ოჯახი დამხვდა"

ძვირფასო რედაქცია, ერთი უცნაური ამბავი მინდა გიამბოთ. უცნაურია იმიტომ, რომ ასეთი რამ იშვიათად ან არ ხდება. ნინი ზღვაზე გავიცანი. საოცრად ხალიასიანი გოგო იყო, თუმცა თავიდან დავიწყებ...

იმ დღეები გამუდმებით წვიმდა. ჩემი აივანი ზღვას გაჰყურებდა, ამიტომ დროს ხშირად აივანზე წიგნით ხელში მშვიდად ვატარებდი. მყუდროებას დროდადრო მეზობლის ხმამაღალი მუსიკა მირღვევდა. ცოლ-ქმარი ოციოდე წლის ქალიშვილთან ერთად ისვენებდა. მათ სასტუმროს რესტორანშიც ხშირად
ვხედავდი. წყვილს სხვებისგან იმით გამოარჩევდით, რომ თავიანთი ასაკისთვის ახალგაზრდულად ეცვათ და გამუდმებით იცინოდნენ, იმ დღეს კი გოგონა მარტო დამხვდა.

- დედა და მამა უკვე წავიდნენ, ჩემთან დაბრძანდით, - მომესმა მისი ხმა, როდესაც დავრწმუნდი, რომ თავისუფალი ადგილები აღარ იყო.

- ახალგაზრდა მშობლები გყავთ, - წამოვიწყე საუბარი.
-
არც ისე, - გაეცინა გოგონას, - არა, ბებრები არ არიან, მაგრამ აბა, მითხარით, რამდენი წლის იქნება მამაჩემი?
დავფიქრდი. ეს წარმოსადეგი მამაკაცი 40-42 წლის თუ იქნებოდა.
- ცდებით, ერთი კვირის წინ ორმოცდათხუთმეტის გახდა, დედა კი ორმოცდაათისა გახდება­, თუმცა­ ოცდაათისას ჰგავს... გაგიკვირდათ?
- აი, რას ნიშნავს სიყვარულით ცხოვრება, - დავასკვენი.
- მართალი ხართ, სიყვარულით ცხოვრობენ, თუმცა ძალიან სახალისო ამბავია. მოგიყვებით.

ცოტა ხანში წვიმამ გადაიღო, ამიტომ მღელვარე ზღვის საყურებლად სასტუმროს ეზოში, გრძელ სკამზე ჩამოვსხედით და გოგონამ თხრობა დაიწყო:
- ჩემმა მშობლებმა სიყვარულით გამზარდეს. ძალიან კარგი ადამიანები არიან. მამა მკაცრი, შრომისმოყვარე კაცია. მიუხედავად იმისა, რომ მე და დედას ძალიან გვანებივრებდა, ჩვენგან წესრიგს, მოვალეობების შესრულებას ყოველთვის მტკიცედ მოითხოვდა. დედას და მამას დიდი გარდერობი ჰქონდათ, ოღონდ ყველაფერი მკაცრად კლასიკური სტილის. ხშირად დავდიოდით სამოგზაუროდ, რა თქმა უნდა, მაღაზიებსაც დავუვლიდით და არ მახსოვს, მამაჩემს თავისთვის შავი და მუქი ყავისფრის გარდა სხვა ფერი ფეხსაცმელი ეყიდოს. ეს მის მკაცრ ხასიათს შეესაბამებოდა.

ორი წლის წინ ჩემმა მშობლებმა სასწავლებლად საზღვარგარეთ გამგზავნეს. შევარჩიეთ სასწავლებელი, სამივე ერთად გავფრინდით და მე სტუდენტი გავხდი, მშობლები კი თბილისში დაბრუნდნენ. მათ ყოველდღე ველაპარაკებოდი. დედა გამუდმებით მეკითხებოდა, კარგად თუ ჭამო, მამა კი მიხსნიდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მეც მოთმინებით ვუსმენდი, ხომ არ ვეტყოდი, ძალიან დამღალა თქვენმა რეკვამ-მეთქი.
ერთ დღესაც ამოუცნობი მიზეზით მშობლებმა ჩემთან რეკვას უკლეს, საშობაო არდადეგებზე კი თბილისში ჩამოვედი.
აეროპორტში დედა - ჯინსით, მამა კი ტყავის ქურთუკში გამოწყობილი დამხვდა. განსაკუთრებული მათ ქცევაში არაფერი შემიმჩნევია: იგივე სიყვარული, იგივე მანქანა, იგივე სახლი. მეფერნენ, ვიცინეთ, გემრიელად მაჭამეს მონატრებული ქართული კერძები და დავიძინეთ.
დილით მუსიკის ხმამ გამაღვიძა. კიბე ჩავირბინე და სამზარეულოსკენ წავედი. დედა მუსიკას აყოლილი ცეკვა-ცეკვით მიკეთებდა ყიყლიყოს. მშვენიერი სანახავი იყო, მაგრამ უცნაური. ორ წუთში მამაც გამოჩნდა. მალე გამოდი, დავქოქავო, მიაძახა დედას და ისე სწრაფად გაიქცა, ძლივს მივადევნე თვალი, თუმცა ის კი დავინახე, რომ მოტოციკლეტისტის ჩაფხუტი აიღო და დაიხურა... წარმოიდგინეთ სურათი? ჯერ სად ხართ... დედაჩემმა - ლისზე ავდივართ, უნდა ვირბინოთო, დამიბარა, გაზი გამორთო და წავიდა.

მოკლედ, ჩემი სოლიდური მშობლების ნაცვლად, უკან დაბრუნებულს ბაიკერები დამხვდნენ. სხვას რაღას უნდა გავეოცებინე? მაგრამ ჩემმა მშობლებმა ესეც მოახერხეს.

ჩემს მშობლებს გარდატეხის ასაკი დაეწყოთ და მოახლოებულ სიბერეზე ფიქრმა აიძულათ, აცეტებულიყვნენ...
- და ეს ცუდია?
- არა, მაგრამ მიკვირს... უფრო გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩვენს ოჯახში დროდადრო მორცხვი გოგონა მოდის. მოსამსახურე არ გეგონოთ - ჩემი მშობლები მას დიდ თანხას უხდიან, დღის ნაწილი მათთან რომ გაატაროს... კარგი, აღარ გაგაწვალებთ - ეს გოგონა ახლა მუცლით ჩემს ძმას ატარებს. დიახ, ის სუროგატი დედაა... და ეს ცუდია? ღმერთო ჩემო, არა, მაგრამ ძალიან მიკვირს!

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში?
დღის კითხვადი სტატიები