"მერჩივნა მიწა გამსკდომოდა, ვიდრე მათი ჯვრისწერის ფოტოები მენახა"
"მერჩივნა მიწა გამსკდომოდა, ვიდრე მათი ჯვრისწერის ფოტოები მენახა"
როცა ნათია პირველად ჩემთან სამსახურში მოვიდა და კაბინეტის კარი შემოაღო, მოულოდნელობისგან დავიბენი. მსგავსი სილამაზე იშვიათად მინახავს. მაღალი, კოხტად აწყობილი გოგო იყო, გრძელი წაბლისფერი თმა საგულდაგულოდ დაევარცხნა და თვალები ეშმაკურად უციმციმებდა. ჩანს, საკუთარი თავის ფასი იცოდა და ამიტომ ჩემი რეაქცია არ გაჰკვირვებია. პირიქით, მომეჩვენა, რომ ამან, ცოტა არ იყოს, გაახალისა კიდეც. იმდენად ეფექტური გოგო იყო, ყურადღებას იოლად იპყრობდა. ღიმილის დროს ლოყა ეჩხვლიტებოდა, რაც მის ლამაზ სახეს უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენდა.

მასზე
წინა საღამოს ჩემი პირადი მძღოლი, გელა მელაპარაკა და მთხოვა, ეგებ რამე სამსახური გაუხერხო, ძალიან კარგი გოგოაო. სამუშაო ადგილს და პოზიციას შეგნებულად არ დავასახელებ, მაგრამ იმ დროს სერიოზული თანამდებობა მქონდა და ჩემდამი ყველა რიდს და მოკრძალებას გამოხატავდა. როგორც გელამ ამიხსნა, ეს გოგო მისი კარგი მეგობრის შვილი
იყო. გელა ერთგული ძაღლივით სულ ჩემ გვერდით იყო და დახმარებას შევეცადე. იმ დროისათვის ერთი ვაკანტური ადგილი მქონდა და ნათია გასაუბრებაზე დავიბარე.

გასაუბრებაზე სახიდან ღიმილი არ მოშორებია, თავდაჯერებულად საუბრობდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ გასაუბრებით მისი ბედი კი არა, ჩემი წყდებოდა. დაბნეული აზრებს ძლივს ვალაგებდი. კითხვების ჩამოყალიბება მიჭირდა. ველაპარაკებოდი და თან კომპიუტერის ეკრანს თვალს არ ვაშორებდი, თვალს თვალში ვერ ვუყრიდი. როდესაც დამემშვიდობა და კაბინეტიდან გავიდა, შვებით ამოვისუნთქე. ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, გონიერი გოგოც ჩანდა და მისი სამსახურში აყვანა გადავწყვიტე. გელას დავურეკე და, "რას მერჩოდი-მეთქი, სიცილით ვუთხარი. მანაც გულიანად გადაიხარხარა,"ბოს, ეჭვი არ შემპარვია, რომ მოგნუსხავდა, მაგრამ ფრთხილად იყავი, თავი არ დაგაკარგვინოსო.

მისმა სიტყვებმა ინტერესი უფრო გამიღვივა. იმ საღამოსვე დავუკავშირდი და მეორე დღიდან სამუშაოდ გამოსვლა შევთავაზე. წკრიალა ხმით მადლობა გადამიხადა და მომდევნო დღეს სამსახურში გამოცხადდა.

როცა ნათიამ ჩვენთან თანამშრომლობა დაიწყო, მე ოცდათხუთმეტი წლის, ცოლგანაშორები და ორშვილიანი ვიყავი. მეუღლესთან გაშორების შემდეგ შვილებზე ზრუნვა და მათთან ურთიერთობა არ შემიწყვეტია. სამსახურში ხშირად მაკითხავდნენ და ნათია, ბუნებრივია, ამას ხედავდა.

არ ვიცი, რა იყო იმის მიზეზი, რომ მისი გული ვერაფრით მოვიგე, მაგრამ ძალ-ღონეს არ ვიშურებდი. ისე გავაქტიურდი, რომ ჩემი მისდამი სიმპათია შეუმჩნეველი არავის დარჩა.

ერთ დღეს სამსახურის შემდეგ მცხეთაში, რესტორანში წავიყვანე. დარბაზში მხოლოდ ორნი ვიყავით. ცოტა დავლიეთ, ბევრი ვისაუბრეთ და ბევრიც ვიცეკვეთ. ვგრძნობდი, როგორ მეკეკლუცებოდა და ცდილობდა, თავი ბოლომდე დამეკარგა.
მალე გამიშინაურდა და თუ სხვა კოლეგები თქვენობით მომმართავდნენ, ის პირდაპირ მიშკათი მომიხსენიებდა და დამჯერი ბავშვივით თავზე ხელსაც გადამისვამდა ხოლმე. როგორც შემეძლო, ვანებივრებდი, საჩუქრებს არ ვაკლებდი. გელამ მირჩია,"ეგ ყველაფერი მისთვის ბევრჯერ ნანახი ფილმია, რამე განსხვავებული მოიფიქრეო. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები