"სულელი ვიქნები, ერთ კაცს ორჯერ რომ გავყვე ცოლად?"
17-09-2018
"სულელი ვიქნები, ერთ კაცს ორჯერ რომ გავყვე ცოლად?"
"მთელი დღეები ვმუშაობდი და ასეთი ცხოვრების წესმა მთლად გამომაცალა ძალა - აღარც ლამაზი ვიყავი და აღარც სექსუალური... უძილობისგან ვიტანჯებოდი, რადგან თვეები გადიოდა და ქმარს ჩემთან მოკარების სურვილი არ უჩნდებოდა... ერთ მშვენიერ დღეს კი ადგა და წავიდა"

ნინო მატარებელში გავიცანი. ძალიან ლამაზი ქალი გახლდათ, ასე 50 წლის. ვაგონში მარტო ვისხედით, გაცნობის შემდეგ როგორც ხდება ხოლმე, რომელიმე გულახდილ საუბარს იწყებს და ნინომაც თავისი ცხოვრების შესახებ მიამბო.

- ჩემი თაობის გოგონებს მეტისმეტად ვარდისფრად
გვიხატავდნენ მომავალს. თითქოს ყველაფერი, რაც ცხოვრებაში უნდა გვეკეთებინა, დაგეგმილი იყო. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ერთ დღესაც შევხვდებოდი ბიჭს, რომელიც ხელს მომკიდებდა და სიცოცხლის ბოლომდე ასე ხელჩაკიდებულს გადამატარებდა ყველა წინააღმდეგობას. 16 წლის ვიყავი, როცა გიორგი გავიცანი და იმ დღესვე შემიყვარდა. მთელ დღეებს ერთად ვატარებდით, ღამღამობით კი
ტელეფონით ვლაპარაკობდით... მოკლედ, გაცნობიდან 6 თვეში, შევუღლდით.

- პრობლემები როდის დაიწყო?
- პრობლემები დიდხანს არ გვქონდა, რადგან მის მშობლებთან ვცხოვრობდით, რომლებიც საკუთარი შვილივით მექცეოდნენ, ხელს მიწყობდნენ, რომ მესწავლა. როცა შვილები გავაჩინე, ჩემი დედამთილი ღამეებს ათენებდა, რომ მე გამოძინება მომეხერხებინა... მოკლედ, ისინი შრომობდნენ, ჩვენ კი ბედნიერებით ვტკბებოდით... მერე, როცა ბავშვები წამოიზარდნენ და ქვეყანასაც გაუჭირდა, მაშინღა შევუდექი ოჯახური მოვალეობების შესრულებას. ჩემმა მეუღლემაც მუშაობა დაიწყო. მოკლედ, უფროსების ხელშეწყობით მშვიდად გადავედით ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. ასეა, ბედნიერი ქალი ვიყავი...

- მაგრამ მერე რაღაც მოხდა...
- ეს რაღაც მარტო ჩემს თავს არ მომხდარა... აფხაზეთში ომი დაიწყო და გიორგი თავის მეგობრებთან ერთად იქ წავიდა... ჩემი დედამთილი ორი კვირა არ გამოსულა ოთახიდან, მე კი სადარდებლად არ მეცალა - სამი შვილი მყავდა, მოზრდილები, მათ ყურადღება სჭირდებოდათ. მატერიალურადაც გაგვიჭირდა. ჩემს მამამთილს, როგორც უამრავ ადამიანს ჩვენ ირგვლივ, სამსახური აღარ ჰქონდა. არ ვიცოდით, როგორ გვეცხოვრა. ერთი წელიწადი საშინლად გავატარეთ. ამ პერიოდში გიორგი ორჯერ ჩამოვიდა თბილისში. დიდ ცვლილებას ვერ ვატყობდი... იმედიანად იყო...

- ომიდან უიმედო დაბრუნდა?
- ომიდან მისი დაბრუნება სხვა თემაა, რადგან კარზე რომ მოგვადგა, ჩვენ უკვე გამოტირებული გვყავდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ დაიღუპა, რადგან ვიცოდით, რომ იმ თვითმფრინავში ჩაჯდა, რომელიც სოხუმის აეროპორტში აფეთქდა... მოკლედ, არ მინდა დაგამძიმოთ და გიამბოთ, რა გადავიტანეთ მის გამოჩენამდე. მთავარი ხომ ის არის, რომ გაგვიმართლა და დაგვიბრუნდა! უიმედო დაბრუნდაო, მკითხეთ, არა? არა, უიმედო კი არა, დაჭიმული, გახევებული, არეული... ჩვენ მაინც ბედნიერები ვიყავით. მერე ქალებმა ხელები დავიკაპიწეთ და ნამცხვრების ცხობა დავიწყეთ გასაყიდად. მოკლედ, რაც არ მიშრომია ოჯახის შექმნის პირველ წლებში, ყველაფერი ასმაგად გადავიხადე, ოღონდ ეს არ მაწუხებდა. ერთადერთი პრობლემა მქონდა - ღამით ჩემი ქმრის გვერდით ძილი. ალბათ, გიკვირთ, მაგრამ ამის ატანა შეუძლებელი იყო. როგორც მერე მივხვდი, მძინარე თავიდან გადიოდა იმ გზას, რაც აფხაზეთში გაიარა. დღისით ჩუმად იყო, ან თავის ფრონტელ მეგობრებთან ერთად სვამდა, ღამით კი ლაპარაკობდა, ერთსა და იმავეს, ჩავარდნილი ხმით. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ომში მეც ვიყავი, რადგან მისგან გადმომედო ყველა ემოცია და შეგრძნება - ზიზღი, მრისხანება, ტკივილი, თავგანწირვა, სასოწარკვეთა, გამარჯვების სიხარული... მოკლედ, ყველაფერი, რაც ომს ახლავს, ჩემი ქმრის გვერდით, საწოლში საცოდავად მობუზულმა გადავიტანე.

- დამთავრდა მისი კოშმარები?
- კოშმარები დამთავრდა და ქმარმაც ზურგი მაქცია. ახლა რომ ვფიქრობ, ასეც უნდა მოქცეულიყო, რადგან მე ვერ შევძელი, საკუთარ თავზე მეზრუნა. მთელი დღეები ვმუშაობდი, ღამით კი ის არ მაძლევდა მშვიდად დაძინების საშუალებას. ასეთი ცხოვრების წესმა მთლად გამომაცალა ძალა - აღარც ლამაზი ვიყავი და აღარც სექსუალური... სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი მეუღლის გონზე მოსვლა, მაგრამ ახლა მე მჭირდებოდა შველა. ღამით ახლა მას ეძინა მშვიდად, მე კი უძილობისგან ვიტანჯებოდი, რადგან თვეები გადიოდა და ჩემთან მოკარების სურვილი არ უჩნდებოდა... ხუთი წელი ასე ვიცხოვრეთ, ერთ მშვენიერ დღეს კი ადგა და წავიდა.

- სხვა ქალთან?
- ჰო, სხვა ქალთან. მარტომ დავაყენე შვილები ფეხზე. ისიც გვეხმარებოდა, რაც შეეძლო, მაგრამ ბევრს ვერაფერს... რაც ასაკი ემატებოდა, მით უფრო სიმპათიური ხდებოდა... მე კი...
ახლა კი მთავარი მინდა გითხრათ, რის გამოც ამდენი ვილაპარაკე... არ გაგიკვირდეთ... ჩემი ყოფილი ქმარი ისევ მთხოვს ხელს... ამბობს, რომ შეცდა, როცა ჩემგან წავიდა...

შვილები გაზრდილი გვყავს, ჩემს ქმარს კარგი სამსახური და მშვენიერი სახლ-კარი აქვს თბილისთან ახლოს, ერთი სამეგობრო გვყავს, ჩემებს ისევ კარგი ურთიერთობა აქვთ მის მოხუც მშობლებთან, თან მარტო ვარ... როგორ ფიქრობთ, სულელი ვიქნები, ერთ კაცს ორჯერ რომ გავყვე ცოლად?

დეა ჩინჩალაძე

giorgi
26 სექტემბერი 2018 20:41
რა ზღაპრებს წერთ ხალხო ომი 27 წლის წინ იყო და 40 წლის ადამიანი მაშინ 13 წლის იქნებოდა მხოლოდ
ხათუნა
23 სექტემბერი 2018 00:31
აუცილებლად, ეგ გამოვლილი თქვენი ორივეს საზკიდი ტვირთიც იყო და გამოცდაც, ნუ მიატოვებთ თქვენი შვილების მამას, თქვენს წარსულს ეცით პატივი და მიეცით ერთი შანსი ნაომარ კაცს, რომელიც გივარდათ და უფალი უფრო მეტად გაგაძლიერებთ კეთილშობილებისათვის.

რედაქტორის რჩევით