"არ ვიცი, დედამთილს რატომ არ მოვეწონე" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, დედამთილს რატომ არ მოვეწონე"

"მე და ზურამ ერთმანეთი 4 წლის წინ გავიცანით. გაცნობიდან ნახევარ წელიწადში გავიპარეთ. დედამთილი ძალიან ცივად შემხვდა. არ ვიცი, რატომ არ მოვეწონე.

პირველ დღეებში დაძაბულობა არ იგრძნობოდა, თითქოს ცხოვრება ჩვეულებრივად (ალბათ უფრო ერთფეროვნად) მიდიოდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ მოულოდნელად გამომიცხადა, - ეს ბინა ჩემია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდაო. უხერხულად ვიგრძენი თავი, ვერ მივხვდი, ამით რისი თქმა უნდოდა. ვამჯობინე, არ შევკამათებოდი, რადგან ვატყობდი, საჩხუბარ მიზეზს ეძებდა.

ჩემი გაკეთებული არც საჭმელი მოსწონდა, არც გარეცხილი, არც დალაგებული. ჩუმად ვიტანდი მის დაუსრულებელ ბუზღუნს. იმდენი ქნა, ყველაფრის გაკეთების სურვილი დამიკარგა. ზარმაცი და უსაქმურიაო - მლანძღავდა შვილთან, მეზობლებთანაც კი ჩემს "უმაქნისობაზე" ლაპარაკობდა. თავს ვიკავებდი და არაფერს ვამბობდი. სამაგიეროდ, დუმილი ძვირად დამიჯდა.

ღამეებს ტირილში ვატარებდი, ისეთი ნევროზი ჩამომიყალიბდა, სერიოზული მკურნალობა მჭირდება. ჩემს მშობლებს და ახლობლებს არაფერს ვეუბნები, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გავძლებ.

ბავშვის გაჩენის მერე უფრო დაგვეძაბა ურთიერთობა. ჩემი შვილის გაზრდაც თავისებურად სურს. ზურამ იმის ნახევარიც არ იცის, რაც ჩვენს ოჯახში ხდება. ძალიან მინდა ცალკე ვიცხოვროთ მე და ჩემმა ქმარმა, მაგრამ ვიცი, ამის გამხელას დიდი ომი მოჰყვება და ალბათ, როგორც ყოველთვის, ისევ მე დავმარცხდები. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. ზურა მეცოდება, თორემ იმ ქალთან ერთი დღეც აღარ გავჩერდებოდი".

ნ.დ.