"რძალ­მა უზ­რ­დე­ლო­ბით მოგ­ვა­ბეზ­რა თა­ვი..." - კვირის პალიტრა

"რძალ­მა უზ­რ­დე­ლო­ბით მოგ­ვა­ბეზ­რა თა­ვი..."

როდის არის ზრდილობა და თავაზიანობა მოჩვენებითი? როგორები არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, სახეზე ნიღაბი აიფარონ და ისე იმოქმედონ, თითქოს ძალიან ზრდილობიანები, კეთილშობილები არიან და საგულდაგულოდ შენიღბონ თავიანთი ხასიათის მანკიერი მხარეები?

ნაილი, 69 წლის:

- ისეთ ადამიანზე მინდა გიამბოთ, რომელიც თავისი თანატოლებისგან თავაზიანობით გამოირჩეოდა. მეგონა, მასზე ზრდილი გოგო მთელ დუნიაზე არ დადიოდა, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. ნათია ჩემი შვილის თანაკლასელი იყო. მახსოვს, კლასის დამრიგებელი დედამისს ყოველთვის მადლობას ეუბნებოდა კარგი შვილის აღზრდისათვის. ყველა იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორი მოწიწებით ესაუბრებოდა ნათია უფროსებს. მისი ქცევა აღტაცებას იწვევდა. როცა ჩემმა ვაჟმა გამოგვიცხადა - შეყვარებული ვარ, ნათია ცოლად უნდა შევირთოო, - სიხარულისგან ცას ვეწიე. ჩემს ოჯახში კარგად აღზრდილი გოგონა თავის ბუდეს მოიწყობდა, მე და ჩემს ქმარს ბედნიერი სიბერე გვექნებოდა - მეტი რა უნდა გვენატრა?! ქორწილი გადავიხადეთ და რძალი ოჯახში ზარ-ზეიმით შემოვიყვანეთ. თურმე, მისი სიმორცხვით დახრილი თვალების მიღმა, ჩვეულებრივი ენაჭარტალა ქალი იმალებოდა, რომელიც ყველაზე უტიფარი და თავხედი იყო.

- პირველად როდის აღმოაჩინეთ, რომ ნათია სინამდვილეში, სულაც არ იყო ისეთი ზრდილი, როგორიც გარეგნულად ჩანდა?

- ამის შემჩნევა ძნელი არ იყო, რადგან ოჯახში თავისი ნაკლოვანებების დაფარვას სულაც არ ცდილობდა, პირიქით - შეეძლო, საღამურით ევლო მთელ სახლში, უბოდიშოდ შესულიყო მამამთილის საძინებელში, რომელიმე წიგნის ასაღებად: ჩემი მეუღლე ბევრს კითხულობდა, ამიტომ წიგნების კარადა მის საძინებელში იდგა. ყველაზე საშინელი ის გახლდათ, რომ როცა ვინმე გვესტუმრებოდა, ნათია ისევ თავაზიანი და მოკრძალებული ხდებოდა. ასეთი ქცევით ნებისმიერი ადამიანის სიყვარულს იმსახურებდა. ამიტომაც მეუბნებოდნენ - რა ბედნერი ხარ, ასეთი რძალი რომ გყავსო. ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის: როგორ შეუძლია 20 წლის გოგოს ასეთი უცაბედი გარდასახვა და მუდამ თამაში-მეთქი?!.

ერთხელ, ჩემმა ქალიშვილმა მითხრა: იქნებ მიზეზი ის არის, რომ პატივს არ გცემთ და თავისი ცუდი ქცევით გაგრძნობინებთ - მეტს არ იმსახურებთო?.. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, მისთვის ნიღაბი ჩამომეგლიჯა. არ შემეძლო, მშვიდად მეყურებინა, თუ რა ირონიული სახით მიყურებდა, როცა მარტონი ვიყავით. ხოლო თუ ვინმე გვესტუმრებოდა, მაშინვე "დედას" დამიძახებდა და თქვენობით მომმართავდა...

ერთ დღეს, ჩემმა მეუღლემ ცუდად იგრძნო თავი; ძალიან ავღელდი, როცა თქვა: მგონი, საწოლიდან ადგომა არ შემიძლიაო. ისეთი ჯანმრთელი იყო, მუხას მოგლეჯდა, ცხოვრებაში ფრჩხილიც არ წამოსტკივებია. ნათიას ვთხოვე, უბნის ექიმი გამოეძახებინა. გულწრფელად აღელდა, შეწუხდა და რადგან ექიმს ტელეფონით ვერ დაუკავშირდა, მის მოსაყვანად წავიდა. როგორც კი კარი გაიხურა, ჩემმა ქმარმა მითხრა: ნეტავ, იცოდე, რა მოხდა - მიკვირს, გულმა რომ არ დამარტყაო, - შემდეგ კი ასეთი რამ მიამბო: ღამით წყალი მონდომებია და თავისი ოთახიდან გამოსულა; სამზარეულოს როგორც კი მიუახლოვდა, საუბრის ხმა შემოესმა: ნათია ჩვენს ვაჟს ეუბნებოდა - შენი მშობლები სიცოცხლეს მიმწარებენ და ან მარტო ვიცხოვრებთ, ან გაგეყრებიო... გაგრძელება