სიყვარული თუ ჰორმონების გადარევა? - კვირის პალიტრა

სიყვარული თუ ჰორმონების გადარევა?

მე და ჩემმა გოგონამ ერთად დავიწყეთ სახლში ვარჯიში. უნდა გენახათ, რა ხალისით ამყვა. ვინც კი ნახა როგორ ვვარჯიშობდით, ყველა აღფრთოვანდა, მალე ჩვენ პოპულარული წყვილი გავხდით, რადგან ასეთები მხოლოდ ჩვენ ვიყავით

ლია ე.-მ ახლახან გადააბიჯა ოცდაათს. ახალგაზრდაა, ჯანმრთელი და ცხოვრებისეული გამოცდილებით იმდენად დაბრძენებული, რომ სწორი ანალიზი გაუკეთოს მოვლენებს. მას მოსაყოლი აქვს, ფიქრობს, რომ მისი მაგალითი სხვებისთვისაც საინტერესო იქნება, ამიტომაც ეს საინტერესო ახალგაზრდა ქალი დღეს ჩვენი სტუმარია.

- 18 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი. მინდა ჩემი ცხოვრების ეს მონაკვეთი ორი სიტყვით გავიაროთ, რადგან განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი გავიცანით, ლტოლვა, რომელსაც მაშინ სიყვარული დავარქვი, გაგვიჩნდა, შევუღლდით და ორ წელიწადში გავიყარეთ. ძალიან კარგი ადამიანია და დღემდე მეგობარივით მიდგას მხარში. შვილსაც ერთად ვზრდით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გოგონა ლაღი ბავშვია, მამაც ჰყავს და დედაც, მაგრამ მე ამაზე საუბრის გაგრძელებას არ ვაპირებ, რადგან არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, რომელსაც მსგავსი ისტორია აქვს, მე სულ სხვა რამ მინდა გიამბოთ.

ქმარს სექსუალური შეუთავსებლობის გამო გავშორდი და ჩემს ინიციატივას დაშორების შესახებ ისიც დაეთანხმა. მოკლედ, ეს ჩხუბის, აყალმაყალის გარეშე, თუმცა სინანულით გავაკეთეთ. სინანულით, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ყველა დაშორებული წყვილი განიცდის. იმ პერიოდში უკვე აღარ ვიყავი ისეთივე ტანადი, როგორიც გავთხოვდი. აბა, რა იქნებოდა - უწესოდ ვიქცეოდი, ღამეებს ტელევიზორის წინ ათასგვარი სასუსნავით ვატარებდი და მაშინვე არა, მაგრამ მოგვიანებით ჩემს გარეგნობაზე მომატებულმა კილოგრამებმა კვალი დატოვა.

მოკლედ, აყალმაყალის გარეშე დავანგრიეთ ოჯახი. მაშინ ჩემი გოგონა ახალფეხადგმული იყო და ჩემმა მშობლებმა მათთან გადაბარგება შემომთავაზეს. ერთხანს ძალიან მჭირდებოდა დედასთან სიახლოვე, ამიტომ დავთანხმდი და ჩვენი სახლიდან, რომელიც ჩემი მეუღლის და ჩემმა მშობლებმა ერთობლივად გვიყიდეს, მშობლებთან გადავედი, თუმცა მალე მივხვდი, რომ თუ ასე ვიცხოვრებდი, მარადიულ პატარა გოგოდ დავრჩებოდი. მოკლედ, გადავწყვიტე, დამოუკიდებლობა მეცადა და ჩვენს სახლში დავბრუნდი.

მცირეწლოვან ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრებას თავისი მოთხოვნები აქვს და მთავარი აქედან ის არის, რომ შენ ყოველთვის მის გვერდით უნდა იყო.

ახალგაზრდა ვიყავი, უამრავი მეგობარი მყავდა, რომლებიც საღამოებს საინტერესოდ ატარებდნენ, მე კი ვალდებული ვიყავი ჩემი შვილის რეჟიმით მეცხოვრა და საღამოს ცხრა საათზე მაინც ლოგინში ჩამეწვინა, მერე მემღერა და ზღაპარიც წამეკითხა, მივფერებოდი და ჩემს დაძინებამდე დარჩენილი დრო მარტოს გამეტარებინა.

საოჯახო საქმეს დღის განმავლობაშიც ვასწრებდი, საღამოებს კი ისევ ტელევიზორთან ვატარებდი და ტკბილეულს, თხილეულს, ჩიფსებსა და მზესუმზირას მივირთმევდი.

არა, უბედური არ ვიყავი, პირიქითაც შეიძლება ითქვას - დავმშვიდდი, მივხვდი, რომ ქორწინებიდან დიდი საჩუქარი დამრჩა - ჩემი გოგონა, მქონდა სახლი, მყავდა ახალგაზრდა მშობლები... მაგრამ რაღაც მაკლდა. ეს რაღაც, ალბათ, თავისუფლება იყო, რომელსაც სიხარულით თმობენ ქალები, რომლებიც მზად არიან დედობისთვის, მე კი, ჩანს, ჯერ ისევ ჩამოუყალიბებელი ადამიანი გახლდით.

რა თქმა უნდა, თავისუფლად შემეძლო მეთხოვა ყოფილი ქმრისთვის ან დედისთვის საღამოს ბავშვთან გატარება, მაგრამ ყველა შემთხვევაში მიზეზი, რომელიც ბავშვის სხვებთან დატოვების უფლებას მომცემდა, საპატიო უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვთვლიდი და ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ 6 თვის განმავლობაში არც ერთხელ არ ვიყავი გასული სახლიდან საღამოს საათებში.

მუშაობაზე დავიწყე ფიქრი. აბა, რა, უნდა მეფიქრა, როგორ შეიძლება დამოუკიდებელი უწოდო თავს, როდესაც შენს ანგარიშებს სხვები იხდიან?

მახსოვს, დედაჩემის ნათქვამიც, შენი ხელფასის მთლიანად ძიძისთვის გადახდა რომ მოგიხდეს, მაინც უნდა იმუშაოო. რა თქმა უნდა, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო...

მოკლედ, ჩემმა მშობლებმა მთელი თბილისი შეაწუხეს და ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში პატარა თანამდებობაც მიშოვეს... გავხალისდი, გავცოცხლდი. ყოველ დილას სახლიდან სიხარულით გავდიოდი. ძიძა არ ამიყვანია, ბავშვი კერძო საბავშვო ბაღში მივაბარე. საღამოობით ბაღიდან ხან მე გამომყავდა, ხან მამამისს.

ჩემს ცხოვრებაში იმ ხანებში ერთი თავისუფალი დღეც გაჩნდა - შაბათი. ეს დღე ჩემმა მეუღლემ მოითხოვა, ბავშვი უკვე დიდია და შემიძლია ერთი ღამით მაინც დავიტოვო ხოლმეო.

გაგეცინებათ, მაგრამ როცა პირველად დავრჩი სახლში მარტო, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, ასე ნანატრი თავისუფლება რაში გამომეყენებინა. დედას დავურეკე და თეატრში წასვლა შემომთავაზა.

დავთანხმდი. გამოვაღე კარადა, სამოსის მორგება დავიწყე და ვერაფერში ჩავეტიე... მოკლედ, თეატრში მაინც წავედი, მაგრამ ჩემი ჩაცმულობა სამსახურისთვის შესაფერისი უფრო იყო.

როცა ქმარს შორდები, ერთხანს სხვა მამაკაცები არ გაინტერესებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დამემართა. როცა გახდომაზე დავიწყე ფიქრი, მივხვდი, რომ ჩემს სამსახურში უამრავი საინტერესო მამაკაცი მუშაობს, მაგრამ ჩემი გარეგნობის გამო ვერ მამჩნევენ.

სხვა გზა არ მქონდა, ფიზიკური დატვირთვა უნდა გამეზარდა და კვებისთვის მიმეხედა, მაგრამ სად მეპოვა დრო? დღისით ვმუშაობდი, საღამოს კი სახლისკენ გავრბოდი. მაინც ვიპოვე გამოსავალი - მე და ჩემმა გოგონამ ერთად დავიწყეთ სახლში ვარჯიში. უნდა გენახათ, რა ხალისით ამყვა. ვინც კი ნახა, დედა-შვილი როგორ ვვარჯიშობდით, ყველა აღფრთოვანდა, მალე ჩვენ პოპულარული წყვილი გავხდით, რადგან ასეთები მხოლოდ ჩვენ ვიყავით.

ჰო, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს - ის, რაც ასე იოლად გიამბეთ, ხშირად არცთუ იოლი იყო, რადგან ამ ყველაფერთან ერთად სხვა ვალდებულებებიც მქონდა - ბინის მოვლა, ჩვენი ტანსაცმლის მოწესრიგება, ჯანსაღი საკვების მომზადება, ბავშვის ჰიგიენა. დრო შვილის განვითარებისთვისაც უნდა დამეთმო - ჩვენ ერთად უნდა გვეხატა, გვეთამაშა, ბებია-ბაბუა მოგვენახულებინა, მისი ამხანაგების დაბადების დღეებზე გვევლო, ძილის წინ წიგნი გვეკითხა და დილით, ბაღისკენ გზაზე, ამაზე გვესაუბრა... ან სულაც არაფერი გვეკეთებინა, გვეკოტრიალა ტახტზე და გვესაუბრა... დღე-ღამეში კი მხოლოდ 24 საათია... ჰოდა, საკუთარი ძილის ხარჯზე გავზარდე აქტიური დღე...

რა მივიღე?

ყველაფერი - საკუთარი თავის პატივისცემა და უკვე ვიცი, რატომ დამენგრა ოჯახი. ჩვენ ძალიან ახალგაზრდები ვიყავით საიმისოდ, რომ გაგვეაზრებინა, რატომ აღარ გვიზიდავდა ერთმანეთი - ახლა ვიცი, რომ მიზეზი ჩემი მომატებული 15 კილოგრამი, მისი მხრიდან კი ალერსი იყო, რომელშიც სურვილზე მეტად ვალდებულება იგრძნობოდა.

ახლა გაცილებით იოლია ცხოვრება. უკეთესი სამსახური მაქვს, ჩემი შვილი ძალიან კარგ სკოლაში დამყავს, დილაობით ერთად დავრბივართ, საღამოობით ერთად დავდივართ მეგობრებთან, ნათესავებთან, ან სულაც შინ ვართ და საოჯახო საქმეს ერთად ვაკეთებთ. რასაც მინდა, იმას ვიცმევ, რადგან სხეული ხელს მიწყობს, ადამიანებიც მამჩნევენ და მიღიმიან... მამაკაცებიც, რა თქმა უნდა, ოღონდ ძალიან ფრთხილად ვარ, ვიცი, სიყვარული რომ ყოფილიყო ჩემი ოჯახის შექმნის მიზეზი და არა ჰორმონების გადარევა, მე და ჩემი მეუღლე იოლად მოვერეოდით ამ პატარა პრობლემას. მოკლედ, დასკვნა მკითხველისთვის მიმინდვია.

დეა ჩინჩალაძე