"ავია, დედამისს ისე უყვიროდა, ეგ დედამთილს სულ არ დაზოგავსო" - ჩემი ჩაშლილი მაშვლობის ამბავი
"ავია, დედამისს ისე უყვიროდა, ეგ დედამთილს სულ არ დაზოგავსო" - ჩემი ჩაშლილი მაშვლობის ამბავი
ერთი თითქმის უნაკლო ბიძაშვილი მყავს: განათლებულიცაა, საკუთარი ბიზნესიც აქვს, სახლ-კარიც და ერთის ნაცვლად, ორი მანქანაც, მაგრამ ორმოც წელს მიღწეული, ჯერ კიდევ დასაოჯახებელია და ლამის გამიგიჟდეს ისედაც ემოციური (გურულია) თალიკო ბიცოლა: რისთვის მინდა რამე, თუ ერთადერთი ნანინანატრი ბიჭი უცოლშვილოდ დამირჩა და მის შვილებს არ მომასწრო გამჩენმაო?..
არადა, სკოლა რომ დაამთავრა, მაშინვე უნდოდათ მისი დაქორწინება "კაი ჯანსაღ სოფლელ" გოგოზე. - მაი რო ქალაქში წავა სასტავლებლად და იქოურ გოგოებში გეითქვიფება, მერე რავა იფიქრებს
ცოლის მოყვანას. ჩემი ჯიშისაა და არ ვიცი, რაცხა ოხერი სისხლი გვიდუღს ძარღვებში? ძალით რომ არ დევექორწინებინე ცხონებულ დედაჩემს თავის არჩეულ თალიკოზე, კაი ხანს არ ვიფიქრებდი უღელში თავის გაყოფას! - გულს ისიებდა სისონა ბიძია და მართლაც, ყველაფერი კარგი აგიხდეთ ისე, როგორც იმას თავისი ნაფიქრი აუხდა: ბესო
ყოველ ჩამოსვლაზე ახალ-ახალი გოგოს სახელს ახსენებდა მშობლებთან:

- ნამდვილი ანგელოზია. ცოტას კიდევ დავაკვირდები და თუ ვერაფერი შევამჩნიე უწესო, ქე მოგაყენებთ კარზეო, მაგრამ ცოტა ხანში უარობდა დანაპირებს: - იმფერი ნაკლი აღმოაჩნდა, მე რომ დემეხუჭა თვალი, თქვენ არ გამეგეპარებოდათ და მაინც არ შემომაშობიებდით სახლშიო...
მოკლედ, ეს ჩემი "თითქმის უნაკლო" ბიძაშვილი ძალიან ეჭვიანია და ადვილად არავის ენდობა, ზოგის გრძელი ენა არ მოსწონს და ზოგისიც - მოკლე თმა ან ლაპარაკის მანერა...

ისე გამწარდა თალიკო ბიცოლა, ბესოს დაემუქრა, თავს მოვიკლავო:
- უცოლო კაცი, გლახაკია და ქვეყნის სასაცილო. ამნაირი სახელის მქონე შვილის ყოლას სიკვტილი ჯობია და არ ვიცოცხლებ იცოდე თავს, თუ ამ შემოდგომაზეც არ დამაპატიჟებიე მოყვარე და მეზობელი ქორწილში!
რადგან მათ საუბარს მეც შე­ვესწარი, მომიბრუნდა და "დამანამუსა": ეგი დამპირდება და მომატყუებს, ამიტომ ჩემი სიცოცხლე თუ რამედ გიღირს, შენ გეყოლება ჩვენი ოჯახის შესაფერისი ახლობელი და სასწრაფოდ უნდა გამირიგო, იცოდე. შენი დიდი ხათრი აქ ამ ჩემს ბედოვლათ შვილს და დაგიჯერებს, ვიცი...

მაშინვე, ჩემი მეზობლის ძმისშვილი - ეკა გამახსენდა, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი, რომელმაც სკოლა ლენტეხში დაამთავრა და რაც სტუდენტი გახდა, დეიდასთან ცხოვრობს. გოგოს სტუდენტობა დაუგვიანდა, ვერა და ვერ ხვდებოდა სასურველ ფაკულტეტზე და უკვე ოცდაშვიდის გახდა. წესით, ასაკის გამო არ უნდა დაეწუნებინა ჩემი ბიძაშვილი და მაშინვე დავურეკე მანონის: ეკა მინდა რძლად, ჩემი ბიძაშვილისთვის და თუ სოფლელობით არ დაიწუნებს, სხვა მხრივ, დედოფალივით აცხოვრებს-მეთქი...
- სოფლელი არაა თავადაც?! - მაშინვე შემაწყვეტინა მანონიმ: - ყველა ქალაქში ხომ არ დასახლდება? შენ ცუდ ბიჭს არ მირჩევ, დარწმუნებული ვარ და ამ შაბათსვე ამოდით ლენტეხში...

ბევრი იწუწუნა ბესომ: ასე სად მივადგეთ უცხო ოჯახსო, მაგრამ უსაშველო გაუჩინა ბიცოლაჩემმა და მეტი რა გზა ჰქონდა, ჩაგვსხა მანქანაში და გაგვიყენა სვანეთის გზას. გაშლილი სუფრით დაგვხვდნენ მასპინძლები. ეკა ნამდვილი პატარძალივით დაგვტრიალებდა. შეეტყო, რომ ბესო მოეწონა. ბესოსაც გაუბრწყინდა თვალები და ბიცოლაჩემმაც, მოწონების ნიშნად დამიქნია თავი. დალიეს ორი ჭიქა და პირდაპირ თქვა თალიკო ბიცოლამ: თუ ხელის შემშლელი მიზეზი არაა, რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ ქორწილიო...

- გვაცალე, დედაჩემო, შევხვდებით ახალგაზრდები ერთმანეთს, დევილაპარაკებთ, აზრს გავცვლით და საბოლოო პასუხსაც მალე გეტყვითო! - თქვა და თავისიც გაიტანა. ეკა ქუთაისში დაიბარა პაემანზე, ერთი კვირის შემდეგ და კიდევ რამდენჯერმე შეხვედრიან ერთმანეთს. ერთი თვის თავზე კი ატირებულმა დამირეკა თალიკო ბიცოლამ: ჩამოი და ცოცხალს მომისწარი... ის კაი გოგოც დეიწუნა შენმა გლახა ბიძაშვილმა და უარს ამბობს ქორწილზე: ავია და დედამისს ისე უყვიროდა, ეგ დედამთილს სულ არ დაზოგავს და შემომაკვდება, შეურაცხყოფა რომ მოგაყენოსო...

თურმე, გაუფრთხილებლად წასულა ბესო ლენტეხში. ჰოდა, იმ დროს შეუღია ჭიშკარი, ეკა რომ დედამისს ცხარედ ეკამათებოდა და ბოლო ხმაზე უყვიროდა: დაბერდი და გამოშტერდიო... არც მისალმებია, ისე გამობრუნებულა უკან და გოგომ რომ ლამის აუფეთქა ტელეფონი, ნომერიც გამოცვალა...

მანონიმ მე მისაყვედურა:
- თუ არ აპირებდა ცოლის შერთვას, ზრდილობიანად მაინც აეხსნა, რა დაგვიწუნაო...
მე მოვიხადე ბოდიში (არადა, რისთვის?!) და ფიციც დავდე, რომ აწი აღარასოდეს ჩავერევი სხვის საქმეში. არადა, კვირაში ცხრაჯერ მირეკავს და მეხვეწება თალიკო ბიცოლა: მიშველე რამე, მომიძებნე საჩვენო გოგო, თუ არადა ან თავს მევიკლავ, ან შენს ბიძაშვილს გავაგდებ სახლიდანო...

ინგა ჯაყელი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები