"ჩემი შვილის წინაშე გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილის წინაშე გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი"

ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი რძალდედამთილიანია. დედამთილი ფიქრობს, რომ მის რძალს დახმარება სჭირდება, ოღონდ არ იცის, როგორ დაეხმაროს, რადგან დასანახადაც ვერ იტანს.

ქეთევან ნ.: - ერთადერთი ვაჟი მყავს და იძულებული ვარ, შვილისგან და შვილიშვილისგან შორს ვიცხოვრო. რძალს ვძულვარ. შვილიშვილსაც წელიწადში ორ-სამჯერ თუ გამოუშვებს ჩემთან.

- თქვენზე განაწყენებულია?

- არა. ამის საბაბი არა აქვს, პირიქით. ჩემს შვილთან ქორწინებამდე ჰქონდა ინტიმური კავშირი. ჩემი ვაჟი მის ცოლად შერთვას არ აპირებდა - მორიგი "პუტანკაა", ტელეფონით ამაგდოო. თურმე, თვითონ გოგომ დაურეკა - ვითომ სხვასთან მოხვდა!.. მოგვიანებით მშობლებმა ამ გოგოს მამის ფულიანი ძმაკაცის შვილზე გათხოვება დაუპირეს. შეშინებია, როცა გაიგებენ, ქალიშვილი არ ვარ, თავზე დამემხობა ყველაფერიო და ჩემს ვაჟს მუხლებში ჩაუვარდა, ცოლად შემირთეო. ბიჭმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. სასოწარკვეთილი გოგო მე მომადგა - მიშველეო. შემეცოდა და ჩემს შვილს ვევედრე, ცოტა ხნით მაინც შეირთე, რომ განათხოვრის სახელი დაერქვას-მეთქი. შენ მაგას არ იცნობ, თავს არავის დააჩაგვრინებსო, მეუბნებოდა ჩემი ვაჟი, მაგრამ არ ვალაპარაკებდი. ფაქტობრივად, ჩემი ხელით მივუყვანე ის გოგო შინ...

ჩემი ვაჟი სულ ეჩხუბებოდა და რამდენჯერაც მათ გასაშველებლად შუაში ჩავდექი, ჩემმა შვილმა იმდენჯერ წამომაძახა, - შენ ეს ბოზი არჩიე ჩემს თავს, ამას დედა კი არა, მტერი არ უზამდა კაცსო. მივხვდი, შვილის წინაშე გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი.

მერე ჩემი ირაკლი შინიდან გაიქცა. მამიდის ნაჩუქარ ბინაში გადავიდა. მე და მის ცოლს შემოგვითვალა, - თქვენი დანახვაც არ მინდაო. არ ვიცი, ამ გაიძვერა გოგომ როგორ მოახერხა მასთან შეძრომა. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მე აღმოვჩნდი ორივეს მტერი, ოღონდ ვერ მივხვდი, რატომ. ცოლიც ირაკლისთან გადავიდა. მეზობლებისგან ვიცი, სულ ჩხუბი და აყალმაყალი აქვთ, მაგრამ მაინც ერთად არიან. ბავშვიც შეეძინათ. გოგონა უკვე 6 წლისაა... ირაკლის ბავშვი ისე უყვარს, წელებზე ფეხს იდგამს. მეც, რაც შემიძლია, ვეხმარები, მაგრამ ჩემი რძლის გული და თვალი სიკეთეს ვერ ხედავს. შვილიშვილს თითქმის არ უშვებს ჩემთან. ბავშვმა ერთხელ ისიც კი მითხრა, შენთან მინდა ცხოვრება, აქ არავინ ჩხუბობსო. მერე იცხოვრე, ვინ გიშლის-მეთქი. დედა ამბობს, ბებიასთან საცხოვრებლად თუ წახვალ, მამაშენი ჩხუბის დროს მომკლავსო. შეიძლება, დედა ასე ბოროტად იყენებდეს შვილს და ფსიქიკას უნგრევდეს? დავამშვიდე, - ბებო, არავინ არავის მოკლავს, არ დაიჯერო-მეთქი, მაგრამ მაინც ეშინია, პატარაა... გაგრძელება