"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა"
"მანამ ვერ დავიჯერე რომ მღალატობდნენ, ვიდრე ჩემი ქმარი ჩემ დაქალთან ერთად ქვეყნიდან არ გაიქცა"
"არც დედამთილს და არც მამამთილს დაუნგრევია ჩემთვის ოჯახი, არც მატერიალური პრობლემა გვქონია - ქმარი იმ მეგობარმა წამართვა, რომელიც დად მიმაჩნდა. მთელი ცხოვრება ერთად გამოვიარეთ და ბოლოს, მიღალატა ქმარმაც და დაქალმაც ანუ იმ ადამიანებმა, რომლებიც თავსაც მერჩივნა... ახლა ვხვდები, რომ დებილი ვარ, მაგრამ არაფრის გამოსწორება აღარ შემიძლია და ამას ვდარდობ. ბავშვებმა შესანიშნავი მამა დაკარგეს, მე კი არაჩვეულებრივი მეუღლე..." - უყვება ჟურნალ "გზას" ახალგაზრდა ქალი.

- კარგი გოგო ვიყავი და ბევრი მეგობარი
მყავდა. ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ და არა უბრალოდ - ყავის დაქალებს. ყურადღებით განებივრებული გახლდით და გარშემო მყოფებისგან ბევრ სითბოს რომ ვიღებდი, გულში "მზეჩამდგარი" თავადაც მხოლოდ სითბოს ვასხივებდი. ამიტომაც იყო, რომ ადამიანები ყოველთვის ბუზებივით მეხვივნენ და მარტოობა რა არის, არ ვიცი.
ნანო გამორჩეული მეგობარი იყო ჩემთვის. ბავშვობიდან
ერთად მოვდივართ. ყოველთვის ვენდობოდი, მასთან ერთად ვმეცადინეობდი - ხან ჩემს სახლში, ხანაც მასთან. ლამის ერთად გვეძინა. სკოლა რომ დავამთავრეთ, მერე კი გაიყარა ჩვენი გზები, მაგრამ ცოტა ხნით: დიდ ქალაქში ჩამოსულებმა ისევ ვიპოვეთ ერთმანეთი და უკვე ჩვენი სტუდენტი მეგობრები გავაცანით ერთურთს. როცა საქეიფოდ ჯგუფელებთან ერთად მივდიოდი, ნანო მიმყავდა, მისი ჯგუფელები კი მე მეპატიჟებოდნენ. განუყრელები ვიყავით.

- მომავალი მეუღლე როდის გაიცანით?

- ის ჩემი ჯგუფელის ბიძაშვილი გახლდათ. ჰოდა, მეგობრის სახლში სტუმრად მისულს გამაცნეს. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ მომეწონა და როცა დაქალმა მითხრა, - ჩემს ბიძაშვილს გულში ჩაუვარდიო, დიდად არ გამხარებია. თუმცა, რა დასამალია და ყოველი ახალი თაყვანისმცემლის გამოჩენა მეც მსიამოვნებდა... მერე ისე მოხდა, რომ დათო უნივერსიტეტში მომადგა და მითხრა, - შენთან სალაპარაკო მაქვსო. გავყევი. ვილაპარაკეთ ძალიან დიდხანს და როცა შინ ვბრუნდებოდი, მივხვდი, ამ ბიჭზე უნებურად მეფიქრებოდა. სახლში მისულმა ვერავის რომ ვერ ვუამბე დათოს შესახებ, რაღაც მოვიმიზეზე და ნანოსთან წავედი, რომელიც მაშინ სტუდქალაქში ცხოვრობდა. როცა ვუამბე, როგორ მომაკითხა დათომ, ჩვენი საუბრის დეტალებიც მოვუყევი და ვაღაირე: მგონი, მომწონს-მეთქი, დამიცაცხანა: გოგო, ისეთ კარგ ბიჭებს უყვარხარ და ეს აბდალი რამ მოგაწონა? ჭკუაზე აღარ ხარ, მგონი. გონს მოდი, შენი შესაფერისი უნდა იპოვო, ის გლახა რად გინდაო? - მაშინ პირველად ვერ გავუგეთ ერთმანეთს და გული მეტკინა.

- მასზე გაბრაზდით?
- ვერ გეტყვით, გავბრაზდი თუ უბრალოდ, მეწყინა, მაგრამ იმ დღეს მასთან არ დავრჩი, შინ დავბრუნდი. მეორე დღეს უნივერსიტეტში გამომიარა მეგობარმა, მაგრამ ვაგრძნობინე, რომ გაბრაზებული ვიყავი, ზედაც არ შევხედე. ყველაფერს მიხვდა და წავიდა... დაახლოებით სამი დღე არ გვინახავს ერთმანეთი, მერე შევრიგდით.

- ანუ ნანომ შეძლო თქვენი გაგება და დათოზე გათხოვებაში ხელი არ შეგიშალათ?
- დათომ ყველა ჩემს მეგობარს შეაყვარა თავი. საოცარი უნარი აქვს, რომ გაგამხიარულოს, მოტირალს გუნება გამოგიკეთოს, მასზე გაბრაზებული თავისკენ შემოგაბრუნოს. მერე, როცა უკვე ოფიციალურად დანიშნულებად ვითვლებოდით, ნანომ უთხრა: თურმე, როგორ სასიძოს გიწუნებდიო. ყველა ბედნიერი იყო ჩემი არჩევანით და მიწინასწარმეტყველებდნენ, - ისეთ კაცს მიჰყვები, გულს არასდროს რომ არ გატკენსო.

- დანიშნულები რამდენი ხანი იყავით?
- დაახლოებით 5 თვე, მერე დავქორწინდით. მეჯვარე ცხადია, ნანო იყო, მაგრამ გამიკვირდა, ჩემი შვილის ნათლიაობაზე უარი რომ თქვა. თურმე, ჩემი ქმრის სიყვარული ჰქონდა და ალბათ, იმის იმედიც, რომ ოდესმე მისი გახდებოდა, თორემ რა შეუშლიდა ხელს ბავშვის მონათვლაში? ამას ძალიან გვიან მივხვდი, სამწუხაროდ.

- რა მიზეზით თქვა უარი თქვენი შვილის მონათვლაზე?
- უფროსი გოგონა რომ შემეძინა, პირველს მას შევთავაზე პატარის მონათვლა, მაგრამ მითხრა, - ამისთვის მზად არ ვარო და რაღაცები მოიმიზეზა; როცა მეორე შემეძინა, მაშინ საერთოდ გადაიკარგა ცოტა ხნით, მისი ასავალ-დასავალიც ვერ გავიგეთ და მის გარეშე მოვნათლეთ. მოკლედ, თავი აარიდა ამ ყველაფერს, ვფიქრობ, შეგნებულად.

- დათო როგორი მეუღლე იყო?
- შესანიშნავი მეუღლე და მამა იყო. ქორწინებიდან მალევე გაგვიჩნდა შვილი და მასზე ამოსდიოდა მზეც, მთვარეც... სულ მუშაობდა, შრომა არ ეზარებოდა და ხელფასის აღების შემდეგ შინ ისე არ მოვიდოდა, ჩემთვის და შვილისთვის საჩუქარი რომ არ მოეტანა. სხვა კაცებს ხომ არ უყვართ ცოლისთვის ყვავილების მირთმევა, დათო კი ამით ხშირად მანებივრებდა. სამსახურიდან დაღლილი კი ბრუნდებოდა, მაგრამ მერე საოჯახო საქმეებში სიამოვნებით მეხმარებოდა, დაღლას არ იმჩნევდა. დაქალები მეხუმრებოდნენ, გვერდით კაციც გყავს და ქალიც, ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებულიო. მეც ასე ვფიქრობდი...

- როდის მიხვდით, რომ მეგობარი გღალატობდათ?

- ჩემი შვილები უკვე დიდები იყვნენ და დასასვენებლად მარტო წავიდნენ ბათუმში. ვინაიდან ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, რაიონში წავედი, მშობლების მოსანახულებლად. იქ 2 კვირა უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ გულმა არ მომითმინა, - დათო მარტო მყავს მიტოვებული, ცოდოა-მეთქი და რამდენიმე დღეში თბილისში დაბრუნება გადავწყვიტე. თუმცა, დათოს ეს ამბავი არ შევატყობინე, - სიურპრიზს მოვუწყობ-მეთქი. შინ რომ მივედი, კარი ვერ გავაღე, შიგნიდან იყო დაკეტილი. გამიკვირდა. მერე კარგა ხანს ვაკაკუნე და ბოლოს, როგორც იქნა, დათომ კარი გამიღო. უცნაურად არეული სახე ჰქონდა. ვკითხე კიდეც, - ხომ მშვიდობაა-მეთქი? - კი, კი, უბრალოდ, მგონი წნევა მაქვს, თავს ცუდად ვგრძნობ. შენ რატომ ჩამოხვედიო? - მომენატრე და იმიტომ-მეთქი და ის იყო, უნდა ჩავხუტებოდი, რომ მითხრა: ჩუმად, სირცხვილია, ნანოა ჩვენთანო. - აქ რა უნდა-მეთქი? - წამომცდა გაკვირვებისგან. - რა იყო, პირველია თუ უკანასკნელი, ჩვენთან რომ მოდისო? - არა, მაგრამ ხომ იცოდა, აქ რომ არ ვიყავი და გამიკვირდა... შენ სამსახურიდან ასე ადრე როგორ მოხვედი? ხომ მშვიდობაა ჩემს თავს, რამეს ხომ არ მიმალავთ-მეთქი? - ვიფიქრე, ბავშვებს ხომ არ სჭირთ რამე და მიმალავენ-მეთქი, თორემ მაშინ მართლა არ მიფიქრია, რომUმიღალატებდნენ. წამოწითლდა: რეებს ბოდავ? ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ გვეტუმრა და ადამიანს ამის გამო ხომ არ ჩამოახრჩობო?

ნანოც გამოვიდა შემოსასვლელში და ჩამეხუტა: როგორ ხარ? აივანზე ვიყავით და ეტყობა, კაკუნი ვერ გავიგონეთო. ისიც დაბნეული მომეჩვენა, მაგრამ არაფერი ვკითხე, - არ ეწყინოს-მეთქი. იმ დღეს თითქოს, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ საღამოს დასაძინებლად რომ დავწექი, ეჭვის ჭია შემიძვრა სულში და ისეთ რამეებს დავიწყე ფიქრი, რომ მერე საკუთარი თავის შემრცხვა: ასე როგორ შეიძლება-მეთქი?... გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები