"შურისძიებამ დამაბრმავა, საყვარელი კაცის დასჯა გადავწყვიტე"
"შურისძიებამ დამაბრმავა, საყვარელი კაცის დასჯა გადავწყვიტე"
ქალბატონი ქეთევანი სამოცდაათს გადაცილებული ქალია და როგორც თავად ამბობს, აღარაფრის ეშინია - მათ შორის, იმ სიმართლისაც, რომლის დამალვასაც გულდაგულ ცდილობდა წლების განმავლობაში.
- საციხე საქმე ჩავიდინე და ვიცი, დასაჭერიც ვიყავი, მაგრამ გამამწარა ახლობელი ადამიანის ღალატმა, შურისძიების სურვილმა დამაბრმავა: ღმერთიც დავივიწყე და ადამიანობაც... თბილისში დავიბადე და გავიზარდე, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მამა ექიმი მყავდა. ხუთი წელიწადი იბრძოდა დიდ სამამულო ომში, ფრონტის წინა ხაზზე და უამრავი ადამიანისთვის უჩუქებია სიცოცხლე. მერე, საიდან აღარ იღებდა
წერილებს, ამანათებს. მახსოვს, ერთმა კაცმა ოქროს ზოდიც კი აჩუქა: სიცოცხლით ვარ დავალებული შენგან. რომ შემეძლოს, მთელი დედამიწის სიმდიდრეს ფეხქვეშ გაგიგებდიო...

დედაჩემიც ფრონტზე გაიცნო. მედდად მუშაობდა თურმე, ლაზარეთში. ულამაზესი დედა მყავდა და რა გასაკვირია, რომ მამას მასზე დაქორწინება მოენდომებინა... მათი ერთადერთი შვილი ვიყავი და უბედნიერესი ბავშვობა
მქონდა. კარგად ვსწავლობდი და მამას გავლენით, ექიმობა გადავწყვიტე. სპეციალობად გინეკოლოგია ავირჩიე და არც სამუშაოს პოვნა გამჭირვებია. გათხოვება დამიგვიანდა და სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ თან გაიყოლეს ჩემზე დარდი და შვილიშვილებზე ოცნება. ერთი პერიოდი სამედიცინო სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობდი. იქ ერთადერთი ბიჭი სწავლობდა საფერშლოზე. მაღალმთიანი რეგიონიდან იყო. თურმე, რამდენიმე წელიწადი აბარებდა ინსტიტუტში და ვერ ხვდებოდა. მერე საფერშლოზე ჩაუბარებია: რამდენიმე სოფელს რომ ვუპატრონო და დავეხმარო, იმდენ განათლებას მაინც მივიღებო...

არც კი ვიცი, რა დამემართა და მხოლოდ ჩემი ბრალი იყო თუ მანაც მომცა საბაბი, რომ დავიახლოვე. ის ოცდახუთი წლის იყო, მე კი ორმოცს აღარაფერი მაკლდა. ნაქირავები ბინიდან ჩემთან გადმოვიყვანე საცხოვრებლად და მართლაც, ფუფუნებაში ვაცხოვრებდი ორი წელიწადი. ძალიან მინდოდა შვილი მისგან, მაგრამ ვერ დავფეხმძიმდი, მერე ბავშვის აყვანაზე დავუწყე ლაპარაკი, რაზეც სასტიკი წინააღმდეგობა გამიწია და საბოლოოდ გამომიტყდა, რომ სოფელში შეყვარებული ჰყავდა და მასთან დაბრუნებას აპირებდა...
მოკლედ, გამომიყენა და სწავლა რომ დაასრულა, რაიონში დაბრუნდა, მალე დაქორწინდა კიდეც. ვიცი, ბევრი მეტყვის: აბა, რას მოელოდი თხუთმეტი წლით პატარა ბიჭისგანო? მაშინ სხვა ფიქრები მქონდა და ამიტომაც, მისი დასჯა გადავწყვიტე.

გავიგე, რომ მის ახალგაზრდა ცოლს პათოლოგიური ორსულობები ჰქონდა. ორჯერ დაეღუპათ ჯერ კიდევ დაუბადებული ჩვილი და მესამედ, თავის დაზღვევის მიზნით, დედაქალაქში ჩამოიყვანეს სამკურნალოდ, რომ როგორმე შეენარჩუნებინათ. მე არა, მაგრამ ჩემი უახლოესი მეგობარი მუშაობდა იმ კლინიკაში, სადაც მიიყვანეს. ვერ მითხრა უარი და ბავშვი რომ გაჩნდა, მის "მოპარვაში" დამეხმარა. მშობლები მოვატყუეთ, რომ ვერც მათი მესამე შვილის გადარჩენა მოხერხდა, რასაც ელოდნენ კიდეც. სოფელში ხელცარიელები გაბრუნდნენ, მათი ნანატრი ბავშვი კი მე ვიშვილე და გავზარდე. თავიდან ძალიან სუსტი იყო და არც მეგონა, ფეხზე თუ დავაყენებდი, მაგრამ მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მისგან ჩინებული ბიჭი დადგა. მამის სახელი, სანდრო დავარქვი. ახლა უკვე ცოლშვილიანია, ისიც ექიმია...

ოცდაათი წლის რომ გახდა, მაშინ გავუმხილე სიმართლე... მეშინოდა, არ შემიძულოს-მეთქი, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვექცეოდი საყვარელ ადამიანს და თანაც, სამოცდაათი წლის ქალს, ცოდვის აღიარების გარეშე სიკვდილის უფრო შემეშინდა. ძალიან ეწყინა, მაგრამ როგორღაც, ჩემი გაგებაც შეძლო. მშობლების ვინაობა რომ გაიგო, მათი ნახვა მოინდომა და დავაკვალიანე. სამწუხაროდ, აღარც დედა დახვდა ცოცხალი და აღარც მამა. ნათესავებისგან შეიტყო: ჯერ ნინო (დედა) გარდაიცვალა, სანდროს კი ისე უყვარდა, ვერ შეძლო მის გარეშე ცხოვრება, სმა დაიწყო და ერთხელაც, მკვდარი იპოვესო. შვილები აღარ ჰყოლიათ. ეს რომ გავიგე, ორმაგად ვიდარდე ჩადენილი სისასტიკე, მაგრამ რაღა დროს?!

სანდრომ ნათესავები გაიცნო, დედ-მამის საფლავს მიხედა და აჭედილი კარიც ახსნა მამისეულ სახლს. წელს იქ გაატარა შვებულება. მეც მეპატიჟებოდა, მაგრამ სინდისმა არ მომცა ამისი უფლება...
რამდენიც უნდა ვილაპარაკო, მაინც ვერ გადმოვცემ, როგორ ვნანობ წარსულში დაშვებულ შეცდომას...

ინგა ჯაყელი
ჟურნალი "გზა"
ლია
21 იანვარი 2019 10:45
ცუდი საქციელია ძალიან
ნათია
07 ნოემბერი 2018 11:19
სიყვარული შურისძიებას თუ დაემსგავსა ეს არ ყოფილა სიყვარული
ნანა
24 ოქტომბერი 2018 12:41
შურისძიებასაც და მგონი ყველაფერსაც აქვს საზღვარი, მიმტევებლობა ჩვენც აგვამაღლებს საკუთარი თავის წინაშე, მიგეტევოთ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში  საქართველოს კურორტებზე  ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საკმარისი ორი კვირის განმავლობაში საქართველოს კურორტებზე ერთი ადამიანის სრულფასოვანი დასვენებისთვის?
თვის კითხვადი სტატიები