"ქმარს ვუთხარი, მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება, თუ გინდა, შეეგუე, თუ არა და, დავშორდეთ-მეთქი..." - კვირის პალიტრა

"ქმარს ვუთხარი, მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება, თუ გინდა, შეეგუე, თუ არა და, დავშორდეთ-მეთქი..."

"როცა ჩემს ცხოვრებაში არანაირ ცვლილებას არ ველოდი და გადავწყვიტე, დინებას მივყოლოდი, ყველაფერი შეიცვალა, უფრო სწორად - თავდაყირა დადგა...

უფლის წყალობით, დღეს მაინც ბედნიერი ვარ და ღმერთს შევპირდი, რომ ყოფით პრობლემებზე არასდროს ვიწუწუნო", - მეუბნება 40 წელს გადაცილებული ქალბატონი ნანა და თავის ცხოვრებაზე მიამბობს...

- მე და ნოდარი სკოლელები ვიყავით. ის ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო... ერთმანეთი ბავშვობიდან გვიყვარდა. პატარები ვიყავით და ბავშვურად ვგეგმავდით - როგორც კი სკოლას დავამთავრებთ, დავქორწინდებით-თქო. მაგრამ ნოდარი სკოლის დამთავრებისთანავე ჯარში წაიყვანეს. მაშინ სავალდებულო სამხედრო სამსახურს რუსეთში იხდიდნენ... ყოველღამე ვტიროდი, ორი წელი მის გარეშე რა გამაძლებინებს-მეთქი?!. ღამეებს წერილების წერაში ვათენებდი. ისიც რამდენიმეგვერდიან ბარათებს მწერდა... ყველა წერილს იმით ვასრულებდით, თუ რამდენი დღე გვქონდა დარჩენილი ერთმანეთის ნახვამდე. მაგრამ მისი ლოდინი არ დამცალდა: იმ წელს, როცა სკოლას ვამთავრებდი, მომიტაცა ნოდარის მეზობელმა, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და ჩვენი სიყვარულის შესახებ არც კი იცოდა... რამდენიმე თვე თითქოს ბურანში ვიყავი. თავის მოკვლაც კი ვცადე, მაგრამ გადამარჩინეს. არავის დანახვა არ მინდოდა. ქორწილის დღეს "საპატარძლო კუთხეში" სულ რაღაც ორი საათი გავჩერდი, მერე კი დასაძინებლად წავედი... ჩემი ქმრის ნათესავები გაოცებული იყვნენ, - ეს რა უჟმური ხასიათი აქვსო!.. ზოგი არც კი მიცნობდა, რადგან ოთახიდანაც არ გამოვდიოდი. ბევრმა პირველად მაშინ მომკრა თვალი, როცა პატარა ირაკლი შეგვეძინა...

- ქმარი როგორ იტანდა თქვენს ასეთ ქცევას?

- არ ვიცი, როგორღაც იტანდა... რამდენჯერმე სცადა, მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა; შემომთავაზა, სადმე წავიდეთო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა: თუ კიდევ ერთხელ მეტყვი ამას, სახლიდან წავალ-მეთქი... როცა ნოდარი ჯარიდან ჩამოვიდა, მეგობრებთან ერთად სახლში გვესტუმრა, მეზობლისთვის გაბედნიერება ხომ უნდა მოელოცა?!. მანამდე მეგონა, შვილმა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა, მხოლოდ დედა ვიყავი და არანაირი პირადი ჩემთვის აღარ არსებობდა, მაგრამ როგორც კი ჩემი ბავშვობის სიყვარულს მოვკარი თვალი, მივხვდი, რომ ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ თავს ვიტყუებდი... უფრო მეტად ჩავიკეტე სახლში. მას ვემალებოდი. დედამთილ-მამამთილი თავიდან გაოცებული იყო ჩემი საქციელით, მაგრამ მერე შეეგუა. თან ჩემი ქმარიც ხმას არ იღებდა. რამდენჯერმე მოვკარი ყური, როგორ მიცავდა, - რა ქნას, ასეთი ტიპია და ვერ შეიცვლებაო... ახლობლებს ეცოდებოდათ კიდეც, - საწყალს როგორ არ გაუმართლა, რა საშინელი ხასიათის ცოლი შეხვდაო!..

- ქმარმა იცოდა, თქვენი უცნაურობის მიზეზი რაც იყო? - დიახ... უფრო სწორად, ვინც იყო...

- თქვენ მოუყევით? - არა, მეგობრებისგან გაიგო. რამდენჯერმე მეჩხუბა კიდეც: რითი მჯობია ის ცხვირმოუხოცავი ლაწირაკიო?! - მაგრამ მერე მიხვდა, რომ ჩხუბით თავს ვერ შემაყვარებდა და მდგომარეობას შეეგუა. უბრალოდ, იმაზე ბრაზობდა, - ეს რა ვქენი, თავიც გავიუბედურე და შენც დაგღუპე, რატომ არავინ მითხრა თქვენი ამბავიო!..

- უბედურად თქვენ გამო მიიჩნევდა თავს?

- დიახ, თუმცა - არა მარტო, ამისთვის ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთხელ, ნოდარის ძველ წერილებს რომ ვკითხულობდი, მაშინ შემომისწრო. პირდაპირ ვუთხარი, - მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება, თუ გინდა, შეეგუე, თუ არა და, დავშორდეთ-მეთქი... ოჯახური პრობლემების გარდა, მას სუსტი ჯანმრთელობაც ჰქონდა. მისი ოჯახი ამას კარგა ხანს მალავდა, მაგრამ როცა ტკივილებმა შეაწუხა, ყველაფერი გაცხადდა.

- რა სჭირდა? - ერთხელ მომიყვა, რაც დაემართა: თურმე ჯარში ბიჭებმა მოილაპარაკეს და თავიანთ ნაწილთან ახლოს, ვიღაცის ბოსტანში პომიდვრის მოსაპარავად გადასულან, - სამი ჯარისკაცი ღობეზე გადავხტით, ორი კი გარეთ, სათვალთვალოდ დარჩაო... იმ კაცს, როგორც ჩანს, ხშირად ჰპარავდნენ ბოსტნეულს და გერმანული ნაგაზი მიუყვანია, რომელიც ქურდებს გამოეკიდა. როგორც ჩანს, პირველად, ჩემი ქმარი შეეფეთა და გონის დაკარგვამდე დაუკბენია... კოტრიალის დროს, თავი რაღაცისთვის მიურტყამს და თავის ქალა დაუზიანდა. მას შემდეგ, მოვლითი თავის ტკივილები დასჩემდა და ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს სვამდა, მაგრამ სანამ ტკივილი სიგიჟემდე არ მიიყვანდა, არაფერს მეუბნებოდა. მართალი გითხრათ, არც ვინტერესდებოდი მისი ამბით... რაც დრო გადიოდა, მისი ჯანმრთელობა უარესდებოდა. ხასიათი გაუფუჭდა. ნევროზი დაეწყო. ბავშვი როგორც კი წამოიტირებდა, სახლიდან გარბოდა, - მისი მოსმენა არ შემიძლიაო... ერთ დღესაც ტკივილისგან შოკში ჩავარდა და ძლივს მოიყვანეს გონს. ქართველმა ექიმებმა უთხრეს, - ასეთ ავადმყოფებს მხოლოდ გერმანიაში მკურნალობენო. მშობლებმა შვილის საზღვარგარეთ წაყვანა გადაწყვიტეს, მაგრამ საჭირო თანხა არ გვქონდა... თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ვცხოვრობდით და მისმა მშობლებმა ბინის გაყიდვა და გარეუბანში გადასვლა გადაწყვიტეს, - მორჩენილი ფულით შვილს ვუმკურნალებთო.

- ოჯახურ თათბირებში თქვენ არ მონაწილეობდით? - არა. ხომ გითხარით - მხოლოდ ჩემი ბიჭუნას აღზრდით ვიყავი დაკავებული... მართალი გითხრათ, მათი გადაწყვეტილება გამიხარდა კიდეც, - ნოდარისგან მალვა და ჩუმად ცხოვრება მაინც არ დამჭირდება-მეთქი... ჩემი მეუღლე წელიწად-ნახევრის განმავლობაში გერმანიაში იმყოფებოდა და მკურნალობის კურსს გადიოდა, მაგრამ დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნებოდნენ. თბილისში რომ დაბრუნდა, ძალიან გამხდარი იყო. მეცოდებოდა და ვცდილობდი, თბილად მოვქცეოდი. თავს დამცირებულად გრძნობდა, - ისე ნუ მიყურებ, თითქოს მომაკვდავი ვიყოო. ეგოისტიც გახდა...

- ამ დროს ნოდართან ურთიერთობა არ გქონდათ? - არა. ისიც კი არ ვიცოდი, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. ერთ დღესაც, ჩვენი ძველი უბნიდან, ჩემი ქმრის სანახავად მეზობელი ბიჭები გვესტუმრნენ. ნოდარიც მათ შორის იყო. თვალთ დამიბნელდა, რომ დავინახე... ისიც დაიბნა. ძველი მეზობლების ნახვა ჩემს ქმარსაც გაუხარდა და ნოდარს ისე ექცეოდა, როგორც ახლობელს. მათი წასვლის შემდეგ კი მითხრა, - ვატყობ იმ საცოდავს, დღემდე უყვარხარ; ცოლი არ ჰყოლია და თუ მისმა მშობლებმა შენი შერთვის ნება დართეს, ნურც შენ ეტყვი უარსო...

- ეს ქმარმა გითხრათ?! - დიახ... თვალები შუბლზე ამივიდა: - რას ამბობ, ხომ არ გაგიჟდი-მეთქი?!. რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. სიკვდილის წინაც მებოდიშებოდა, - გაგაუბედურეო... ძალიან განვიცადე. მის მშობლებთან უკვე დაძაბული ურთიერთობა მქონდა და ასე მეგონა, მე და ჩემი შვილი უპატრონოდ დავრჩით. ქმრის სიკვდილის შემდეგ, დედამთილ-მამამთილმა ბავშვის წართმევა დამიპირა: შენ ახალგაზრდა ხარ და კიდევ გათხოვდები, ჩვენ კი ამის მეტი არავინ გვაბადიაო... რა თქმა უნდა, არ დავთმე. თან ჩემი ოჯახიც ხელს მიწყობდა. მართალია, მათაც უჭირდათ, მაგრამ მაინც ცდილობდნენ, არაფერი მოეკლოთ. მამაჩემი ტრადიციების მიმდევარი კაცია და არ ველოდი, თუ გამიგებდა, მაგრამ სულ თვალებში შემომციცინებდა... სანამ ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო და შემდეგაც, დაახლოებით ორი წელი ჩემს სახლში იშვიათად მივდიოდი - შეიძლება, სადმე ნოდარი შემეფეთოს-მეთქი. ასე მეგონა, ამით ჩემს ქმარს შეურაცხყოფას მივაყენებდი, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, ერთადერთი საყრდენი - ჩემი ოჯახი იყო და სხვა გზა უბრალოდ, არ მქონდა... ორი წლის შემდეგ ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შევხვდით. ბავშვს მოეფერა, თან გამომელაპარაკა. პირველ შეხვედრას მეორე და მესამეც მოჰყვა... ერთ დღესაც ვუთხარი, - შენი ყველა წერილი შენახული მაქვს-მეთქი... იმავე დღეს, ორივემ ჩვენს ოჯახებს შევატყობინეთ, რომ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. დედამისს გული წასვლია, - ჩემს შვილს ქვრივი და ბავშვიანი ქალი მოჰყავს ცოლადო! - მაგრამ მისმა დებმა კბილებით დამიცვეს, - ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ და ამ სიყვარულის გამო ბევრი რამე უნდა დავთმოთო... დიდი დავიდარაბის შემდეგ, მაინც დავქორწინდით. ახლობლებმა ბევრი იჭორავეს, ბევრს გაუხარდა, ზოგმაც გაგვკიცხა, მაგრამ ბედნიერებისგან ორივე მეცხრე ცაზე ვიყავით.

- მეუღლემ თქვენი შვილი როგორ მიიღო?

- ირაკლი მართლაც საკუთარი შვილივით მიიღო... თავიდან დედაჩემი ცდილობდა, ბავშვი თავისთან დაეტოვებინა, მაგრამ ამის გამო ნოდარმა რამდენჯერმე მისაყვედურა, - ასე რატომ იქცევი? ცოლად რომ გირთავდი, ხომ ვიცოდი, რომ შვილი გყავდა; ბავშვი დედასთან უნდა იყოსო... მისგან ყოველ წამს მხარდაჭერასა და მზრუნველობას ვგრძნობდი და მეც ვცდილობდი, მას ამქვეყნად ყველაზე ბედნიერ ადამიანად ეგრძნო თავი. სამყაროს მისი თვალებით ვუყურებდი. ვერ ვიტყვი, თავზე გადაგვდიოდა-მეთქი, მაგრამ მის გვერდით მცირედითაც კმაყოფილი ვიყავი... ასე გავიდა წელიწად-ნახევარი. შემდეგ კი ნოდარი შეიცვალა, ხან სამსახურს იმიზეზებდა, ხანაც - მეგობრებსა და ნათესავებს და ცდილობდა, სახლში გვიან მოსულიყო. მოსვენება დავკარგე. ჩაძიებაც არ მინდოდა, უფრო მეტად არ დაგვეძაბოს ურთიერთობა-მეთქი. დარდს გულში ვიკლავდი და მის უცნაურ საქციელზე კრინტი არასდროს დამიძრავს. მისი დები ისევ აქტიურობდნენ, - რა სჭირს ჩვენს ძმასო? - მაგრამ არც მათ ეუბნებოდა რაიმეს. გაგრძელება