როგორი კაცები ხიბლავთ ქალებს? - კვირის პალიტრა

როგორი კაცები ხიბლავთ ქალებს?

გემოვნებაზე დაობენ, თანაც როგორ... ზოგს მაღალი მოსწონს, ზოგს დაკუნთული, ზოგსაც გამხდარი და მწვანეთვალება, მაგრამ ახლა გარეგნობაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არამედ იმ ღირსებებზე, რაც ქალებს აღაფრთოვანებთ..

ქეთი: - ორჯერ გავთხოვდი. ორჯერვე შევცდი, მაგრამ რა მექნა, მივხვდი, არ შემეძლო ისეთ მამაკაცთან ცხოვრება, რომელიც ჩემს გემოვნებას არ შეეფერებოდა. ახლა თავისუფალი ქალი ვარ. მყავს მეგობარი, ანუ ჩვენებურად, საყვარელი. იცის, თუ ვერ შევეწყობით, დავშორდებით. ეტყობა, მისთვის ძვირფასი ვარ, რადგან ცდილობს, მასიამოვნოს და თავი სრულყოფილ ქალად მაგრძნობინოს.

რატომ დავშორდი იმ ორს? პირველი ზარმაცი და ეჭვიანი აღმოჩნდა. გვიანობამდე ვმუშაობდი და შინ დაქანცული ვბრუნდებოდი, ის კი - მღალატობო, მებუზღუნებოდა. კიდევ კარგად გავუძელი - ეხუმრებით 9 წელიწადს? მეორე კარაპეტა დაბაღოვზე ძუნწი გამოდგა. თავიდანვე გამომიცხადა, კაცი ვარ, მე უნდა გავუძღვე ოჯახს, ამიტომ შენი ხელფასი უნდა ჩამაბაროო.

ჯერ დავემორჩილე, მაგრამ როცა ჩემი შვილისთვის (მასთან შვილის გაჩენა ვერ მოვასწარი, მალევე ვუშველე თავს) სპორტული მაისურის ყიდვა დამჭირდა და არ მომცა, - ახალი რად უნდა, ჯერ ძველი გაცვითოსო, კინაღამ შევიშალე. ჩემს ბინაში ცხოვრობდა, ჩემს ფულს ჯიბეში იკუჭავდა და კიდევ აქეთ უნდა მეგორებინა  კოჭი, რომ რამე არ სწყენოდა? არა, ნამდვილად ვერ ვიგუებდი მასეთს.

ბევრი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ოჯახის შენარჩუნება საკუთარი ღირსებების დასამარებად არ მიღირს. ახლა საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. ჩემი მეგობარი ყურადღებიანია, არც ძუნწია და არც პრეტენზიული. განა რას ვითხოვდი ჩემი ქმრებისგან ისეთს, რომ დგანან ახლა და ქალებივით ჭორაობენ ჩემზე, - მომთხოვნი და ავი იყოო.

ბავშვს რომ ჭამა უნდოდა, არ იცოდა იმ პირველმა მაინც? ნათურა გადაიწვებოდა, არ უნდა შემეხსენებინა, გამოცვლაა საჭირო-მეთქი? მოკლედ, ქალები ბევრს არაფერს ვითხოვთ, უბრალოდ, მამაკაცებმა დაკარგეს მარჩენლის ფუნქცია და ჰგონიათ, ცოლები ვამპირებად და მონსტრებად ვიქეცით. ესაა და ეს.

დოდო: - 15 წელია, ერთად ვართ მე და ჩემი ქმარი და სულ განქორწინებაზე ვფიქრობ. ვერა და ვერ ვდგამ ნაბიჯს, რადგან მას კარგი სანათესავო ჰყავს, თვითონ კი ღმერთს არაფრად უქნია. განა იმას ვსაყვედურობ, რომ მუდმივი შემოსავალი არა აქვს... ძალიან უხეშია, ერთს არ გაიღიმებს, შვილებს ნორმალურად არ დაელაპარაკება, არც გამოჰკითხავს, რაიმე პრობლემა ხომ არა აქვთ...

არადა, დღეს სამი ბიჭის აღზრდა და მართვა ძალიან რთულია. ჩემს ქმარს მხოლოდ ის ევალება, რომ საჭმელი მოიტანოს შინ, ისიც მაშინ, თუ სამუშაო იშოვა და შესაბამისად ანაზღაურებაც ექნა.

სხვა პრობლემა თითქოს არ არსებობდეს ოჯახში. სულ ვოცნებობდი თბილ, ყურადღებიან და იუმორის ნიჭით დაჯილდოებულ ქმარზე, ეს კი უცხვირპიროა, თანაც მაგარი! რა ვქნა, ვერ ვეყრები, მეც არ მაქვს მუდმივი სამუშაო და მეშინია, ამ სამ ბიჭს მერე რა ვუყო, მარტომ როგორ გავზარდო? ვიცი, განქორწინების მერე ბიჭებს არ მიხედავს.

კიდევ რამდენიმე ქალს გამოვკითხე და მათი მოთხოვნებითა და პრეტენზიებით კაცის ასეთი სასურველი ტიპი მივიღეთ: კარგი მამაკაცი უნდა იყოს მიმზიდველი, ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა ოჯახის წინაშე და შეეძლოს ქალის პატივისცემა. არ უნდა იყოს ძუნწი, ლოთი-შფოთი, ნარკომანი და მექალთანე, ოჯახის სამყოფს უნდა გამოიმუშავებდეს, მოლხენაც თუ იცის და სიტყვაც თუ მოსდევს, მაგას რა სჯობს.

მოკლედ, ქალების უმეტესობა მოკრძალებულად “ითხოვს” ასეთ მამაკაცს და თუ ეს კრიტერიუმები მამაკაცებისთვისაც მისაღებია, მაშინ იმოქმედეთ შესაბამისად და ვისაც ჯერ არ შეგიქმნიათ ოჯახი, გაბედეთ. დემოგრაფიულ პრობლემასაც გადაწყვეტთ და თავსაც გაიბედნიერებთ, ხოლო ვინც უკვე უღელში ხართ შებმულნი, ეცადეთ, გარდაიქმნათ და იქნებ, თქვენი ცხოვრება ამქვეყნიურ ედემს დაემსგავსოს. რას იტყვით, კაცებო?

www.kvirispalitra.ge

მოგვწერეთ თქვენი თავგადასავალი - მხიარული, მწუხარე, ტრაგიკული თუ ბედნიერი. გაგვიზიარეთ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება