მიხაკები თოვლზე - კვირის პალიტრა

მიხაკები თოვლზე

მინდა ერთი ამბავი მოგითხროთ. ჩემი გაუბედაობითა და მორიდებით ისეთი დიდი სიყვარული დავკარგე, რომლის მსგავსიც აღარ განმეორებულა ჩემს ცხოვრებაში.

ამ წერილს ჩემს შვილიშვილს ვაწერინებ, რადგან ხელის კანკალი დამჩემდა.

ახალგაზრდობაში ნაძალადევში ვცხოვრობდი (დღეს შვილთან ერთად საბურთალოზე ვცხოვრობ) და მე-5 ვაჟთა სკოლაში ვსწავლობდი. ეს სკოლა გადასასვლელ ხიდთან იყო და ბიჭები დღედაღამ იქ ვიკრიბებოდით. ჩემ თვალწინ წამოიზარდა ერთი ლამაზი გოგო. მე მასზე ხუთი წლით უფროსი გახლდით.

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ეს პატარა, კიკინებიანი გოგო მიყვარდა. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. ლანდივით სულ უკან დავდევდი, ის კი ვერც მამჩნევდა. ამაყი და უკარება იყო. ალბათ, მისმა თავის დაჭერამ და თვისებებმა განაპირობა ჩემი გაუბედაობა. ამ თითისხელა გოგოს დანახვაზე ისე ვიბნეოდი, ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი...

რადგან ვერა და ვერ გადავდგი მისკენ ნაბიჯი, დროს მივანდე ჩვენი ურთიერთობა. ვფიქრობდი, - წამოიზრდება, სკოლას დაამთავრებს და მერე ვეტყვი, ამდენი წელი რომ ვიტანჯებოდი მისი სიყვარულით-მეთქი.

უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს ვამთავრებდი, რომ მოულოდნელი ამბავი გამაგებინეს - მოიტაცესო... დარდით კინაღამ მოვკვდი. თავს ვლანძღავდი გაუბედაობისთვის.

გავიდა წლები. მე მას ხშირად ვხედავდი პატარა ბიჭთან ერთად. შვილი ძალიან ჰგავდა. შემდეგ გავიგე, რომ ქმარს გაშორდა, მაგრამ მაშინაც ვერაფერი შევბედე. გადავწყვიტე, ერთ ახალ წელს ჩემი საყვარელი ქალისთვის რაიმე ორიგინალური გამეკეთებინა... იმ წელს 30 დეკემბერს რომ დაიწყო თოვა, ორი დღე არც შეწყვეტილა. ახალწლის დილას ძალიან დიდი თოვლი იდო თბილისში. იმ დღეს ის 32 წლის გახდა. მისი აივნის წინ თოვლზე 32 წითელი მიხაკი დავაწყვე...

ვერც დრომ შემმატა გამბედაობა...

მშობლები ჩამჩიჩინებდნენ, ცოლი შეირთეო. შევუსრულე თხოვნა - დავოჯახდი...

დღესაც ხშირად მივდივარ ჩემს ძველ უბანში, ნაძალადევში. ის დღესაც იქ ცხოვრობს. რამდენჯერმე თვალიც მოვკარი შორიდან და ნეტავ იცოდეთ, რა ბედნიერი ვიყავი. ახლაც ძალიან ლამაზია, ისევ ამაყად უჭირავს თავი.

ამ წერილით მინდა გავენდო და მადლობა ვუთხრა იმ ლამაზი გრძნობისთვის, რომელსაც ექვსი ათეული წელია გულით დავატარებ. ალბათ, გაახსენდება ის ახალი წელი და წითელი მიხაკები. ალბათ, მისთვის დღემდე ამოუხსნელი იყო ის სიურპრიზი, ვინ იცის, ვისზე ფიქრობდა მაშინ... ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნიდან ამ დიდი სიყვარულით მივდივარ...

ჯ.დ. თბილისი