ამბავი დიალოგებით - კვირის პალიტრა

ამბავი დიალოგებით

ჩვენი ცხოვრება ეპიზოდებისგან შედგება, რომელიც შეუმჩნევლად ერთმანეთს აეკინძება და ბოლოს, ერთად "შეკრული" წინ დაგვხვდება.

17 წლის წინ

ლამაზი დღეები იდგა - თითქოს საგანგებოდ გაეფერადებინა შემოქმედს... იქნებ, არც იყო ასე ლამაზი და თიკოს ეჩვენებოდა...

გიო: - იცი, როგორ მიყვარხარ? გულის დაწურვამდე, ცის სიმაღლემდე, ოკეანის ფსკერამდე, - ენამზეობდა ბიჭი და ლექსებს უკითხავდა გოგონას თბილისის მზით გამთბარ ქუჩებში სეირნობისას.

- რომ მოვკვდე, რას იზამ? - თიკო ეშმაკურად შესცინებდა.

გიო: - ეგ სისულელე აღარ გაიმეორო. ერთი დღეც არ მინდა უშენოდ, - პასუხობდა ბიჭი და თიკოც ბედნიერებისგან ბრწყინავდა.

15 წლის წინ

თიკო: - რა ვქნათ, გიო? ვეღარ დავმალავ სიმართლეს, ჩვენები გაგიჟდებიან.

გიო: - არ გამიგიჟდებიან. ფულს ვიშოვი და ექიმთან წაგიყვან.

თიკო: - რას ამბობ?! ბავშვი მოვიცილო?

გიო: - აბა, მე ჯერ არა მაქვს არც ოჯახის, არც მამობის თავი. ახლახან მივაბარე მიწას ბიძა, რომელიც მთელ სანათესავოს არჩენდა.

თიკო: - გიო, მოვკვდები, იცოდე! ჩვენს შვილს თუ მოვიცილებ, ჩვენი სიყვარულიც აღარ იარსებებს.

გიო: - არ მოკვდები, სიყვარულიც გაგრძელდება, ნუ გეშინია... დამიჯერე, ახლა ყველასთვის ასე სჯობია.

თიკო: - იცოდე, დამკარგავ!

გიო: - თუ ჩემს სიტყვას არ შეასრულებ, მშვიდობით!

2 წლის წინ

გიო: - ახლახან ჩამოვედი რუსეთიდან, მითხრეს, რომ ნიკა ძალიან კარგი ბიჭია. სიხარულით ლამის გული გამისკდა.

თიკო: - მაშინ გული გისკდებოდა, ისე არ გინდოდა მისი გაჩენა.

გიო: - უნდა მაპატიო. გთხოვ, ნება მომეცი, ჩვენი ბიჭი ვნახო.

თიკო: - ჩვენი არა, ჩემია ნიკა. ის ახლა 14 წლისაა. არ გაქვს უფლება, მას შვილი უწოდო.

გიო: - მაპატიე!

თიკო: - ვერა!

ახლა

ნიკა: - დედა, არ გეწყინოს... ჩვენ ხომ ერთმანეთს დავპირდით, არასოდეს მოგვეტყუებინა ერთმანეთი.

თიკო: - რა ხდება, ნიკა?

ნიკა: - მამას შევხვდი ამ ორი კვირის წინ... ჩვენ ერთმანეთს გავუგეთ... 16 წელი უმისოდ ვიცხოვრე. ვიცოდი, არ ვუნდოდი და ამიტომაც არ მიძებნია. არადა, ვატყობ, ვუყვარვარ  და ვჭირდები. მეც მინდა მასთან ყოფნა. მას ხომ ჩემ გარდა არავინ ჰყავს.

თიკო: - არაფერს გიშლი. შენი ნებაა.

ნიკა: - იქნებ, შენც აპატიო!

თიკო: - მე ვერ ვაპატიებ...