"მამამ დედას უერთგულა ბოლომდე, მე კი - ნიკას..."
"მამამ დედას უერთგულა ბოლომდე, მე კი - ნიკას..."
შემისვამდა გულთან, მოვეკონწიალებოდი ცხელ კისერზე, მივადებდი ლოყას და სახლამდე მისი სურნელით ვივსებოდი

ნაირა ბებო ჩემი მეზობელია, ტკბილი, კეთილი ქალი. შვილი და შვილიშვილები საზღვარგარეთ ჰყავს და ყურადღებას არ აკლებენ შორიდან. თავის კოხტა ბინაში ხშირად გვპატიჟებს მეზობლებს. ყველამ ვიცით, რომ ის ლამაზი კაცი, რომელიც კედლიდან გვიყურებს, მისი მამაა. მასზე არასდროს ულაპარაკია, თუმცა არც არაფერი მიკითხავს. იმ დღეს კი ვკითხე და აი, როგორი საოცარი ამბავი მოვისმინე:

"დიდი ხნის წინათ დავიბადე. მაშინ იმის გასარკვევად,
ფეხმძიმე ქალი ბიჭს ელოდებოდა თუ გოგონას, ადამიანები მკითხავთან დადიოდნენ, დედაჩემი კი დარწმუნებული იყო, რომ გოგო გაუჩნდებოდა და ამისთვის ყველანაირად ემზადებოდა - იჯდა, ფერად-ფერად კაბებს, მაქმანიან საცვლებს მიკერავდა და ჭრელ პონჩოებს მიქსოვდა. მოკლედ, რომ დავიბადე, მამას ძალიან დასწყდა გული, თუმცა დედის მოთხოვნით მაინც გაისროლა ბაბუაჩემის ჟანგიანი
ორლულიანი "გეკოდან" ორივე ტყვია.

მერე ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა - დედა ავად გახდა. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ისე გარდაიცვალა, ექიმებმა დიაგნოზი ვერ დაუსვეს. ასე დავრჩით მე და მამა.

მამა უენო კაცი იყო, მშრომელი და მარტოსული. მე მისი ერთადერთი სიხარული ვიყავი. ამომიყვანდა თავისი ვეება ხელებით ცხელი წყლით სავსე რკინის ტაშტიდან, შემომახვევდა უზარმაზარ პირსახოცს, ზემოდან დიდ, სქელ პლედს, მიმიკრავდა მაგრად გულზე და მოკლემკლავიანი მაისურით ჩვენი ეზოს სამზადიდან ოთახისკენ, მუხლამდე თოვლში, კიბეზე არბოდა.

ჩვენ დიდხანს გვეძინა გვერდიგვერდ: მე - მარცხნივ, მამას - მარჯვნივ. ხელში აყვანილიც დიდხანს დავყავდი - ბაღისკენ და ბაღიდან, ბებოსკენ და ბებოდან, სკოლისკენ და სკოლიდან. მოვიდოდა, შემისვამდა გულთან, მოვეკონწიალებოდი ცხელ კისერზე, მივადებდი ლოყას და სახლამდე მისი სურნელით ვივსებოდი.

მერვე კლასში ვიყავი, როცა მეზობელ სოფელში მცხოვრებმა ბიჭმა, ცოტა უფროსმა, ჩემი მოტაცება სცადა. მამამ ხელი მომკიდა და ქალაქში წამიყვანა. ქალაქში ლამაზი გოგონები არავის უკვირსო - აუხსნა ბებიას თავისი გადაწყვეტილება. მართალიც აღმოჩნდა. ბოლო კლასში ისე გადავედი, ზედაც არავინ მიყურებდა. იმ დროს მე უკვე ჩემი ოთახი მქონდა. აღფრთოვანებული ვიყავი "ბითლზით", დღე არ გავიდოდა, სისხლის ფასად ნაშოვნი მათი ჩანაწერებისთვის არ მომესმინა.

ერთ მშვენიერ დღეს კი მათ სიმღერას ავყევი და მამამაც მუსიკალურ სასწავლებელში წამიყვანა. დააგვიანეთო, გვითხრეს, მაგრამ ერთმა კეთილმა ქალმა მაინც გადაწყვიტა ჩემი მოსმენა და თქვა, რომ ხელს მომკიდებდა. ჰო, ასე თქვა. კარგად ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავდა, მაგრამ მამა კმაყოფილი ჩანდა.

მერე ყველაფერი შეიცვალა, მამა უმუშევარი დარჩა და ჩვენს ქალაქში ცხოვრებასაც საფრთხე დაემუქრა. მთელი თვე დადიოდა, ვის არ მიაკითხა, იქნებ სადმე დამასაქმოთო, მაგრამ...

ერთ დღესაც დილით ჩემთან ერთად გავიდა სახლიდან და უკან დაბინდებულზე, ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა - დიდი საქმე ვიშოვეო. ეს დიდი საქმე, ერთი უზარმაზარი სახლის კარადების გაკეთება აღმოჩნდა. მამა ხომ ძალიან ხელმარჯვე იყო... ახლა უკვე ყველაფერი კარგად იყო. ბედნიერი ვიყავი და სიცოცხლე მიხაროდა.

მამა თავგადაკლული მუშაობდა, ამიტომ მეტი თავისუფლება მომცა. ძირითადად, დილით და მოსაღამოებულზე ვხედავდით ერთმანეთს. არც მე მქონდა თავისუფალი დრო, მაგრამ როცა ნიკა გავიცანი, აღმოჩნდა, რომ თავისუფალი დროის გამოძებნა ძნელი არ იყო. სიგიჟემდე შემიყვარდა ეს ლამაზი ბიჭი... თავდავიწყებით... და როცა ერთ მშვენიერ დღეს სახლამდე მომაცილა, სახლში შევიპატიჟე...

ძალიან ბედნიერი ვიყავი. მთელი ის ღამე, მეორე დილას, შუადღისას... საღამოს კი გავიგე, რომ ნიკას მანქანა დაეჯახა და ჩემი ბედნიერება დამთავრდა.

როცა ნიკა დავკრძალეთ, მისმა მშობლებმა გულში ჩამიკრეს და დედამისმა შემომტირა, შენ უნდა გაგეჩინა ჩემი შვილიშვილებიო... ჰო, ასე მითხრა...

შევცბი, ავირიე. ჩემი მწუხარება იმ წუთებში უფრო რეალური, ხელშესახები გახდა. ცოტა ხანში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. რა უნდა მექნა? როგორ გავნდობოდი მამას, რომ ეს გავბედე? როგორ უნდა ამეხსნა მისთვის, რომ ეს დაგეგმილი ნაბიჯი კი არა, ჩემი ბედისწერა იყო?
გავაგრძელე ჩვეულებრივი ცხოვრება - მასწავლებელი, სახლი, ტირილი, მალვა... მამას ვერაფერიც ვერ ვუთხარი.

ისე გამეზარდა მუცელი, ისე წამიყვანა მამამ სამშობიაროში, ისე გავაჩინე ჩემი ნიკა, ისე მივუყვანე ჩემი შვილის მამის მშობლებს მათი შვილიშვილი სახლში სანახავად, ისე მოვასულიერეთ ბედნიერებისგან გულწასული დედამისი, ისე გავზარდეთ ჩემი ბიჭი, რომ მამას არასდროს მოუთხოვია პასუხი ჩემს საქციელზე.

არავინ მყვარებია ნიკას შემდეგ. არც გათხოვებაზე მიფიქრია არასდროს, ისევე, როგორც მამაჩემმა არ იფიქრა ახალი ოჯახის შექმნაზე.
სიკვდილის წინ კი ის მითხრა, რაც არასდროს ამომდის გონებიდან - ბედნიერი ვიყავი შენ გვერდით ყოფნით, მაგრამ გული მწყდება, რომ მე ბერივით ვიცხოვრე, შენ კი მონაზონივითო...

გავოგნდი... მამამ დედას უერთგულა ბოლომდე, მე კი - ნიკას..."

დეა ჩინჩალაძე
გიული
08 ნოემბერი 2018 00:35
ასეთ ადამიანებს უნდა გაუკეთონ რეკლამა ქართული ტელევიზიების შოუს წამყვანებმა და არა ისეთებს მრავალი ქორწინებით რომ იგონებენ თავს.
lali
07 ნოემბერი 2018 10:47
ესეთი სუფთა ადამიანები ძალიან ბევრნი უნდა იყვნენ, გაიხარეთ რომ ერთგულ ადამიანებზე წერთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელია ღვინისთვის ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურა?
/
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის დღეს საქართველოში კრიმინალის ზრდის მიზეზი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები