"ქმარს ხელი ვკარი, წაიქცა... ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვურტყამდი გამეტებით"
"ქმარს ხელი ვკარი, წაიქცა... ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვურტყამდი გამეტებით"

სამწუხაროდ, ოჯახური ძალადობა არცთუ ისე იშვიათი შემთხვევაა ქართულ რეალობაში და თუ მკვლელობა არ მოხდა, როგორც წესი, ფაქტი არც ხმაურდება ხოლმე. "რას იტყვის ხალხი?!" - ძველებურად აქტუალური მდგომარეობაა ქართველი საზოგადოებისთვის.

ამბავი, რომელიც ახლახან მოხდა, ჩემმა პოლიციელმა მეგობარმა შემატყობინა: მართლაც, საჟურნალე ამბავი მოხდა ჩვენს უბანში და თუ გინდა, შეგახვედრებ "დამნაშავეს", ოღონდ არ გამამხილო, რომ მე ჩაგაყენე საქმის კურსშიო...

მაშინვე პოლიციის განყოფილებაში გავიქეცი, სადაც დაკავებულის დაკითხვა მიმდინარეობდა. ჩემდა გასაოცრად, დამნაშავე ქალი იყო და
მას ქმრის სასტიკად ცემაში დედამთილი სდებდა ბრალს.

როცა ყველა საბუთი გაფორმდა და ქალს წასვლის უფლება მისცეს, ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და იმაშიც დავარწმუნე, რომ ასეთი ამბები უნდა გასაჯაროვდეს, რომ მხოლოდ მისმა ქმარმა კი არა, ვერც ერთმა კაცმა ვერ გაბედოს ცოლის ცემა.

აი, რა მიამბო 41
წლის ლიამ:
- მძიმე ოჯახურ გარემოში გავიზარდე. მამაჩემი იყო მოძალადე და დედასთან ერთად, არც შვილებს გვინდობდა. ბიჭზე მეოცნებეს, ოთხი ქალიშვილი ვყავდით და აშკარად, ვძულდით. დედას უჯიშოსა და უვარგისს ეძახდა. სხვა ქალებში დაწანწალებდა და ამას არც მალავდა. პირდაპირ ეუბნებოდა ცოლს: ვინც ბიჭს გამიჩენს, იმას შევიყვარებ და დავაფასებო.
არ ვიცი, რატომ უთმენდა დედა და არ მიდიოდა მისგან. ისე მწარედ მახსოვს მამის ხელი, მიკვირს, ნორმალურები რომ დავრჩით მე და ჩემი დები. სრულწლოვნები გავხდით თუ არა, მაშინვე წამოვედით სახლიდან და ვერც მამის მუქარამ დაგვაბრუნა, ვერც დედის თხოვნამ და ცრემლებმა. დედას კარგა ხანს ვთხოვდით მიეტოვებინა მოძალადე ქმარი და ჩვენთან წამოსულიყო, მაგრამ ამბობდა, ოჯახს ვერ დავანგრევ, ხალხს არ ვალაპარაკებო. მერე დედას სიმსივნე გაუჩნდა და გარდაიცვალა. ექიმთან მისვლაც არ ღირსებია, ტანჯვაში ამოხდა სული. ეჭვიც არ მეპარება, ის სიმსივნე მამის მძიმე მუშტებმა გაუჩინა, დაუნდობლად რომ ურტყამდა თავში.

მამაჩემმა კაცის სახელი შემაძულა და ნებით არასოდეს გავთხოვდებოდი, მაგრამ ჩემი ქმარი იმ სახლის მეპატრონის დისშვილი აღმოჩნდა, სადაც მე და ჩემი დები ოთახს ვქირაობდით. მოვეწონე და ნებით რომ არ დავთანხმდი ცოლობაზე, მომიტაცა. არც კი ვიცი, რატომ დავრჩი მასთან. მძიმე ხასიათი რომ ჰქონდა, მალევე გამოავლინა, მაგრამ არც მე დავუთმე და გავაფრთხილე, არც ეცადო ჩემზე ძალადობას, თორემ ყველაფერზე წამსვლელი ვარ-მეთქი. დამიჯერა და რამდენიმე წელიწადი თითქოს დამთმობიც გახდა, მაგრამ დედამისი არ ასვენებდა და ჩემს გასაგონად აღიზიანებდა: უნებისყოფო ხარ და ცოლი თავზე დაისვიო... არადა, არასოდეს არაფერი მიკადრებია ქმრისთვის ზედმეტი. ცოლისა და დედის მოვალეობასაც პირნათლად ვასრულებდი. ორი ბიჭი შეგვეძინა. თინეიჯერები რომ გახდნენ, მამას ყველაფერს აღარ უჯერებდნენ და ხშირად კამათობდნენ. ახლაც, საშინელი გინებისა და მტვრევის ხმა შემომესმა: ჩემი ქმარი თხუთმეტი წლის ბიჭს ქამრით მისდევდა და მოკვლით ემუქრებოდა. წინ გადავუდექი და გაცოფებულმა მე გადამიჭირა ის ქამარი: შენ რომ მიგიშვი შენს ჭკუაზე, იმიტომ მიბედავენ შენი შვილები ამდენსო... ვითომ მისები არ ყოფილიყვნენ.

სიმწრით გონება დამებინდა და ქმარს ხელი ვკარი. რაღაცას წამოედო და წაიქცა. ის ქამარი ხელიდან გამოვგლიჯე და არც კი ვიცი, რამდენ ხანს ვურტყამდი გამეტებით. თან, ბოლო ხმაზე გავკიოდი: ხომ გაგაფრთხილე, რომ ჩემზე ხელის აწევას არასოდეს გაპატიებდი და რატომ ვერ შეიგნე-მეთქი...

ისევ ბავშვებმა იყოჩაღეს და გამა­კავეს, თორემ შეიძლებოდა მართლა მომეკლა. ხელი მოსტყდა და "სასწრაფომ" საავადმყოფოში წაიყვანა. მე კი დედამთილმა დამაბეზღა და აქ წამომიყვანეს. რომც დამიჭირონ, ქმართან გამჩერებელი აღარ ვარ. მოვკიდებ ჩემს ბიჭებს ხელს და დავბრუნდები სოფელში, სადაც დაკეტილი სახლი გვაქვს. მამაჩემიც გარდაიცვალა კარგა ხნის წინ. შვილებს იმას არ გადავატანინებ, რაც დედამ მე და ჩემს დებს გაგვიკეთა...

ინგა ჯაყელი
ჟურნალი "გზა"
მარი
27 მაისი 2019 17:20
ეჰ, მძიმე ისტორიაა და სამწუხაროდ, არც პირველი და არც უკანასკნელია

მეც დაახლოებით მსგავსი გამოვიარე, მხოლოდ მამაჩემმა 3 წლის ვიყავი რომ მიგვატოვა და ცემა-ტყეპისთვის არ მიყურებია. თუმცა ასეთ პატარასაც კი მახსოვს დედაჩემი კუთხეში მომწყვდეული და მისი შეშინებული თვალები. ჭკვიანიც ვიყავი, ლამაზიც, მეგობრულიც და მხიარულიც, დასაწუნი არაფერი არ მქონდა გარდა იმისა, რომ კაცთა მოდგმას ვერ ვიტან და ყველა მამაკაცში საფრთხეს ვხედავ. ჰოდა არც გავთხოვილვარ. ოჯახის გარეშე და უშვილოდ დარჩენაზე უფრო დიდი სასჯელი კიდევ არ ყოფილა არაფერი დედამიწაზე :(( ყოველ დილას მამაჩემს ვლანძღავ და ვაგინებ ამისთვის და იმედია იქიდან მაინც ხედავს, რა დამიშავა, თუმცა რაღა დროსია... რამდენს ცოდავენ მშობლები და როგორ უმახინჯებენ შვილებს ცხოვრებას...

მია
15 მარტი 2019 12:43
ასე გვამწარებდა მამა მთელი ბავშვობა, ჩვენ არ გვცემდა მაგრამ დედას რომ სცემდა ჩვენი გამწარებული იყო , აბა რა. დედა სახლიდან ვერ აგდებდა, უარესს შვებოდა მერე. იმდენი ქნა ამ პირუტყვმა კაცმა, ჩვენი ულამაზესი, 40 წლის დედა სიმსივნით გარდაგვეცვალა . მე 20 წლის ვიყავი და უმცროსი 8 წლის. იმ დღიდან შევიძულე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დედის კუბოსთან წარბაწეულმა გადმომხედა და “ ჩემსას ელოდებოდით და აგე...ო”არ გავთხოვილვარ, ყველა ახალგაზრდა ბიჭიში, მის სახეს ვხედავდი და თავი მძულდა. ერთ წელში ცოლი მოიყვანა. არც მივკარებივართ შვილები.არ უკითხავს გვშიოდა თუ გვწყუროდა.იმ ქალთან ოც წელზე მეტი იცხოვრა უშვილძიროდ. სიბერეში მოუნდა შვილებთან ურთიერთობა, ერთმა მიიღო, ცოდოაო... მე არ გავიკარე.უცხოეთში ვცხოვრობ და რომ ჩამოვდიოდი, მკვდარზე თუ ცოცხალზე ვცდილობდი არ შევხვედროდი.სამი წლის წინ გარდაიცვალა, არცერთი შვილი არ მივიდა მის არც პანაშვიდზე და არც დაკრძალვაზე.მას უდიდესი წვლილი აქვს ჩვენს დამახინჯებული სულებზე და უფალმა და დედაჩემმა გასცეს იმ ქვეყნად პასუხი.მეზობლის ლოთი ბიჭი გარდაიცვალა და მთელი დღე ვიტირე, ამ დროს მისი სიკვდილი რომ მითხრეს, ძარღვი არ გამტოკებია. და არც მრცხვენია...
ამას პირველად ვწერ,და ვისაც არ გამოუცდია, ნუ გამოხვალთ ადვოკატები.
ნუ ამახინჯებთ შვილების სულებს დედებო. გეხვეწებით, შეიცოდეთ ისინი.მე ლამის 60 წლის ვხვდები, დედაჩემის დრო სხვა იყო, ეხლა მთელი ქვეყანა დგას თქვენს გვერდით! მოსცილდით და მოაცილეთ შვილები პირუტყვ კაცებს, თორემ მსგავსები გაიზრდებიან ბიჭები და უბედურები გოგოები
Ninanina
15 მარტი 2019 12:28
კარგია რომ წასასვლელი გაქვთ, სხვას არც ეგ არა აქვს

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?