"პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა მომავალ ქმარს შევხვდი..." - კვირის პალიტრა

"პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა მომავალ ქმარს შევხვდი..."

ქუთაისელმა მზიამ იტალიიდან დაგვირეკა და აი, რას მოგვიყვა: - ვინც მიცნობს, არც ჩემს უნამუსობას დაიჯერებს და არც ავხორცობას, მაგრამ რადგან შვილები ჩემს ყოფილ ქმართან რჩებიან და ჩემთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევენ მამის ნათესავები, მინდა, მათ მივაწვდინო ხმა და ვუთხრა, რომ დედას ისინი საკუთარ თავს ურჩევნია, მათ ღალატს გულში არასოდეს გავივლებდი...

თექვსმეტი წლის გოგო ისე წამომიყვანა დედამთილმა მშობლების სახლიდან, თავისი შვილი არც მაჩვენა: მორცხვია და არ შეუძლია ქალის "გადასანახულებლად" სიარული. ვინც მე მენდომება, ცოლად მხოლოდ იმას მოიყვანსო...

ახლაც მიკვირს, როგორ დავუჯერე და გამოვყევი უცხო ქალს ქუთაისში ან ჩემს მშობლებს როგორ არ შეეშინდათ, - იქნებ იმ ქალის შვილი მორცხვი კი არა, ლოთი ან ნარკომანი იყო? მაგრამ იმდენად ღარიბები ვიყავით, აღარაფერს დაეძებდნენ, ოღონდ "ზედმეტი" მჭამელი მოეშორებინათ თავიდან...

პირველი იმედგაცრუება მაშინ განვიცადე, როცა მომავალ ქმარს შევხვდი - მე თანატოლ ბიჭს ველოდი და 37 წლის კაცი დამხვდა. მოგვიანებით კი გერიც გამომიჩინეს: თორმეტი წლის გოგონა, რომელზეც მხოლოდ ოთხი წლით ვიყავი უფროსი. ნათესავებმა მითხრეს სიმართლე: ჩემი ქმრის - მერაბის უსაქმურობასა და უჟმურობას ვეღარ გაუძლო თურმე მისმა პირველმა ცოლმა და დაშორდა.

იმ ქალის დადანაშაულება რომ არ შეიძლებოდა, მალე მივხვდი, როცა მერაბი საუკეთესო სასმელ-საჭმელს ითხოვდა და არ კითხულობდა, საიდან უნდა მოგვეტანა მე და დედამისს, რომელიც ბაზარში მძიმე ტომრებს ეზიდებოდა და ხილ-ბოსტნეულს ყიდდა. თეძოზე წამოწოლილს რომ ვუთხარი: ის ტომრები მაინც მიატანინე ბაზრამდე, მიყვირა, მერე დამარტყა: ეგღა მაკლია, ტომრები ვათრიოო...

ზედიზედ ორი გოგონა გამიჩნდა და ამის გამოც ამომიჩემა: ბიჭი ვერ გამიჩინე, უჯიშო ხარო და ისე მომაბეზრა თავი, გასაქცევი რომ მქონოდა, კარგა ხნის წინ მივატოვებდი... ათი წლის რომ გახდა უფროსი შვილი, მხოლოდ მაშინ მოვახერხე იტალიაში სამუშაოდ წამოსვლა, რაზეც უარი არ უთქვამს ჩემს ქმარს. ოღონდ ფული გამეგზავნა მისთვის და ყველაფერზე თანახმა იყო.

იტალიაში მამიდაშვილი დამხვდა, რომელმაც სამსახური დამახვედრა: ორმოცი წლის მამაკაცი ავარიის შემდეგ ინვალიდის ეტლში იჯდა. ტრაგედიის შემდეგ და მას მერე, რაც საყვარელმა ადამიანებმა მიატოვეს, ამ ღალატით ძალზე გულნატკენი და დაბოღმილი იყო. მამიდაშვილმა გამაფრთხილა: არავინ იცის, მერამდენე დამხმარე ქალი გამოაგდო სახლიდან. ბოლომ ერთი კვირაც ვერ გაუძლოო...

სხვა გზა არ მქონდა და მაინც დავრჩი. ჯოვანიმ მოკლედ ამიხსნა ჩემი მოვალეობები. მიუხედავად იმისა, რომ იტალიური თითქმის არ მესმოდა, მაინც ვახერხებდი მასთან კონტაქტს...

ორი დღის მისული ვიყავი, საფულე რომ ვნახე ბაღში დაგდებული. მოპარვა არ ვიკადრე და ჯოვანის მივუტანე: გაკვირვებულმა შემომხედა და საფულე რომ ჩამომართვა, მადლობა გადამიხადა...

კიდევ ორი დღის შემდეგ სეიფის კარი დარჩენოდა ღია, სადაც ფულის გარდა, ოქროც ეწყო. მაშინვე დავუძახე და ვთხოვე, სხვა დროს მეტი სიფრთხილე გამოეჩინა: პატიოსნების მეტი არაფერი გამაჩნია და არ მინდა, ჩემში ეჭვი შეგეპაროს-მეთქი...

მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე გამეორდა და როცა დარწმუნდა, ქურდი არ ვიყავი, დამიტკბა - ჩემი ვინაობითა და წარმომავლობით დაინტერესდა. მეც ყველაფერი გულახდილად ვუამბე ზარმაც ქმარსა და შვილებზე, რომელთა გამოც გადმოვიხვეწე...

რამდენიმე თვეში ჯოვანიმ მითხრა, რომ მოიხიბლა ჩემი კარგი დიასახლისობით, ერთგულებით, მერე კი ცოლობა მთხოვა: ვხედავ, ქმარი არ გიყვარს და შვილებსაც აქ ჩამოგაყვანინებო. თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ იყო დასაკარგი ადამიანი. ჩემს ქმარს, რომელმაც ჩემთან ქორწინების გაფორმებაც არ ისურვა, არ ხარ ჩემი ღირსიო, არც შვილებზე უნდა ჰქონოდა პრეტენზია, მაგრამ ჩემი გათხოვება რომ გაიგო, ისე მოუწამლა ბავშვებს გონება, ჩემთან კონტაქტზე უარს ამბობენ. არადა, მე და ჯოვანის ძალიან გვინდა, მათ ყველაფერი საუკეთესო მივცეთ.

- ჩვენ რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?!

- თუ ჩემზე დაწერთ, ასე ჩემს შვილებს მივაწვდენ ხმას და მიხვდებიან, ვინ ვარ მე და რას წარმოადგენს მათი მამა, რომელსაც მათ თვალწინაც ხშირად ვუცემივარ... ქალი კარგ ცხოვრებას არ გაურბის და თუ არ დამიჯერებენ, მამა მათაც ბევრ სიმწარეს ანახვებს. ჩემი გერი გათხოვდა და საკუთარი ოჯახი აქვს, თორემ მასაც წამოვიყვანდი და ვუპატრონებდი, რადგან ძალიან მიყვარს და საკუთარი შვილებისგან არ ვარჩევდი...

ნათქვამია: ცალ-ცალკე ყველა მართალიაო და რადგან მზიას ქმარმა საუბარზე უარი მითხრა, დასკვნის გაკეთებისგან თავს შევიკავებთ. თუ ამ მასალის დაბეჭდვის შემდეგ რაიმე სასიკეთოდ შეიცვლება, მზია დაგვპირდა, რომ აუცილებლად გაგვაგებინებს... ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ ამბის ყველა გმირს იმის მიღება ვუსურვოთ, რაც დაუმსახურებია...

ინგა ჯაყელი ჟურნალი "გზა"