"სიმართლის გაგების შემდეგ, დედამთილმაც შემიძულა და ქმარსაც შეაძულა ჩემი თავი" - კვირის პალიტრა

"სიმართლის გაგების შემდეგ, დედამთილმაც შემიძულა და ქმარსაც შეაძულა ჩემი თავი"

თათა ბავშვთა სახლში გაიზარდა. ოთხი წლის იყო, მეზობლებმა დედამისი პოლიციაში რომ დაასმინეს და ქალის დასჯა მოითხოვეს: დროზე მოაშორეთ ამ უზნეოს საბრალო ბავშვი, სანამ არა მარტო მის სულს, ფიზიკურ არსებობასაც საფრთხეს შეუქმნისო...

ქალი თავს მეძაობით ირჩენდა. ისიც კი არ იცოდა, თათა ვისი შვილი იყო და დროზე რომ მიმხვდარიყო ორსულობას, არც გააჩენდა ალბათ პატარას...

მამაკაცები სახლში მიჰყავდა. სვამდა და გალეშილი ორგიებს აწყობდა, რისი მოწმეც პატარა, შეშინებული გოგო იყო. დედა ხშირად სახლიდანაც აგდებდა და მეზობლები რომ ხედავდნენ სადარბაზოში, დახურულ კართან ჩაძინებულს, დედამისს ამიტომაც უჩივლეს.

ბავშვთა სახლში ნამდვილად არ იყო იდეალური პირობები, მაგრამ იქაურობა მაინც სამოთხედ მოეჩვენა და შეიყვარა, რადგან არც არავინ სცემდა, საჭმელიც ჰქონდა და საწოლიც. დედას კარგა ხანს არ გახსენებია და ამას არც დარდობდა. პირიქით, თავადაც ცდილობდა სასტიკი დედის დავიწყებას.

დედა მაშინ მივიდა, თოთხმეტი წელი რომ შეუსრულდა და მისი სახლში წაყვანა მოინდომა: მოვხუცდი, ავად ვარ და პატრონობა მჭირდება. იმიტომ გაგაჩინე, რომ მომხედო და მიპატრონოო...

ქალი მართლაც, მძიმედ იყო დაავადებული და ორმოცი წლის ასაკში ასი წლის დედაბერივით გამოიყურებოდა. რადგან მამაკაცები აღარ ეკარებოდნენ, წამოზრდილი შვილის ჩაგდება უნდოდა მათ ხელში...

არც თათამ გაიკარა და არც სახელმწიფომ ანდო შვილი. ქალი მალე გარდაიცვალა. თექვსმეტი წლის თათა მისი ერთადერთი ჭირისუფალი გახლდათ. ვერ შეძლო და დედის უკანასკნელ გზაზე გაცილებაზე უარი ვერ თქვა...

გოგონამ ინტერნატი წარჩინებით დაამთავრა და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა. ძალიან უნდოდა მასწავლებლად დაბრუნებულიყო იმ ბავშვთა სახლში, სადაც თავად გაიზარდა და სხვა პატარებისთვის მიეცა ის სითბო და სიყვარული, ასე რომ სჭირდებოდა მარტო დარჩენილს...

თათას შესახებ წლების წინ დავწერე ერთ-ერთ ჟურნალში. მერე ისე მოხდა, რომ მისი კვალი დავკარგე და აღარ ვიცოდი, როგორ წარიმართა გოგონას ბედი. რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში ახალგაზრდა ქალმა შემაჩერა და მორიდებით მკითხა: თქვენ ხომ ის ჟურნალისტი ხართ, ჩემზე რომ დაწერეთ და მკითხველისგან გამოგზავნილი უამრავი საჩუქარი მომიტანეთო?

გავიხსენეთ ძველი ამბები, მერე კი ვკითხე: როგორ ხარ-მეთქი? უნიფორმაზე დაიხედა:

- ვერ დავამთავრე ინსტიტუტი... მეორე კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი, უფრო სწორად, მომიტაცა მომავალმა ქმარმა. პატრონი მე არ მყავდა, რომ დავეცავი და დარჩენა მომიხდა. დათოს ქალაქში ბინა არ ჰქონდა და იმ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, დედაჩემისგან რომ მერგო მემკვიდრეობით. როცა დავფეხმძიმდი, წოლითი რეჟიმი დამჭირდა და სოფელში წავედი. დედამთილი თავიდან კარგად შემხვდა, მაგრამ მერე ვიღაცამ ჩემ შესახებ უამბო: დედამისი ბოზი იყო და თავადაც არ იცოდა, რომელი კაცისგან შეეძინა შვილი. ეს გოგო ბავშვთა სახლში გაიზარდაო...

ბავშვთა სახლში რომ გავიზარდე, იცოდნენ, მაგრამ თავის დროზე სიმართლე ვერ გავამხილე და მოვიტყუე, - დედ-მამა ავარიით დამეღუპა-მეთქი. სიმართლის გარკვევის შემდეგ, დედამთილმაც შემიძულა და ქმარსაც შეაძულა ჩემი თავი. სამწუხაროდ, ხელი მოწერილი არ გვქონდა და იოლად გამომაგდეს სახლიდან, წლინახევრის შვილთან ერთად. საბედნიეროდ, ბინა მაინც მქონდა, სადაც ღამის გათევა შეიძლებოდა. ერთი წელიწადი ძალიან გამიჭირდა. სამათხოვროდაც კი გავდიოდი ქუჩაში, ბავშვისთვის საჭმელი რომ მომეტანა. მერე მეზობელი დამეხმარა. შევეცოდე, რომ დაინახა, დედაჩემისგან განსხვავებით, როგორ ვზრუნავდი შვილზე და ნამუსზე ხელის აღებაც არ მიფიქრია. ჰოდა, მან დასუფთავების სამსახურში მომაწყო და კარგი ანაზღაურება მაქვს. ექვს საათზე უკვე ქუჩაში ვარ და ცხრაზე სახლში მისვლასაც ვასწრებ, რომ ნუციკო, რომელიც უკვე ხუთი წლისაა და ძალიან ჭკვიანი გოგოა, საბავშვო ბაღში მივიყვანო. როცა შინ არ ვეგულები, ვიცი, ეშინია ბავშვს, მაგრამ არასოდეს ტირის და მოთმინებით მელოდება. ის ჩემი ერთადერთი იმედი და სიხარულია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ უზრუნველი მომავალი შევუქმნა და არავინ წამოაძახოს, ცუდი დედა გყავდა და შენც უნამუსო იქნებიო... ღვთის წყალობით, მე და ჩემს შვილს გვაქვს ყველაზე მთავარი - ჯანმრთელობა და ამიტომ სხვას აღარ შევაწუხებთ. სამსახურიც მაქვს და ხელფასსაც არა უშავს. ინსტიტუტშიც მინდა თავი აღვიდგინო და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე მასწავლებელი გავხდები.

- ძალიან ვამაყობ შენით! - გადავეხვიე თათას, რომელმაც უკან დაიხია:

- არ დაგსვაროთ...

- ნეტავ, ყველა შენსავით სუფთა იყოს!..

ინგა ჯაყელი ჟურნალი "გზა"