"ვერაფრით ვახერხებ ქმარი შევიყვარო" - კვირის პალიტრა

"ვერაფრით ვახერხებ ქმარი შევიყვარო"

ადრე, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ვოცნებობდი, ნეტავ ისეთი გარეგნობა მქონდეს, რომ ბიჭები ჩემზე გიჟდებოდნენ და ვინმემ მომიტაცოს-მეთქი.

ჰოდა, ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ეს ოცნება ამიხდა, მაგრამ...

ისეთმა კაცმა მომიტაცა, რომელიც არც კი მესიმპათიურებოდა. უსიყვარულოდ, უცხო გარემოში ცხოვრება ჯოჯოხეთია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ვერსად წავალ. მშობლებმა ჩემს წაყვანაზე უარი განაცხადეს და ისეთ ადამიანთან დამტოვეს, რომელიც მძულს. გული მტკივა, დედამ რომ გამიმეტა. მე და ჩემი ქმარი ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ცხადია, შორიდან ვიცნობდი, მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდი, მე თუ ვუყვარდი. ვცდილობ, შევეგუო ჩემს მდგომარეობას და ქმარი შევიყვარო, მაგრამ არაფერი გამომდის. მას ჩემს მოტაცებაში ჩემი მეგობარი გოგო დაეხმარა, რის გამოც სამუდამოდ დავკარგე. ამას წინათ იმ გოგოს გათხოვების ამბავი გავიგე. კარგ სიტუაციაში არ მოხვედრილა. ვერ ვიტყვი, გამიხარდა-მეთქი, მაგრამ სადღაც, გულის კუნჭულში «სამართალმა პური ჭამას» განცდა მქონდა. მაგრამ სხვისი ცუდი ამბებით ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება.

ჟურნალი "გზა"