"უქმრო ქალს სხვანაირად უყურებენ, ბავშვებს მამა უნდათო"
04-11-2018
"უქმრო ქალს სხვანაირად უყურებენ, ბავშვებს მამა უნდათო"
ქალბატონი, რომელიც მედგრად დაუდგა თავს დატეხილ პრობლემებს, დღეს სრულიად თავისუფალია და გადაწყვეტილებებსაც თამამად იღებს. ქალბატონი ლალის ამბავს, ოდნავი კორექტირებით ჟურნალი "გზა" გთავაზობთ:

"მოკლედ, როცა გავთხოვდი, ჩემი მეუღლე ხშირად ნასვამი ან მთვრალი იყო... როცა მივხვდი, რომ ვერ დადგებოდა მისგან ოჯახის კაცი, უკვე გვიანი იყო, მაშინდელი მენტალიტეტით, დანიშნულების დაშორება არ შეიძლებოდა, მკვლელობა მოჰყვებაო. მერე შევეგუე ბედს და დავკარგე საკუთარი "მე".

ნელ-ნელა გავხდი ნერვიული, შვილზე მოძალადე ქალი, რომელიც ამ ფორმით ქმრის სმას აპროტესტებდა...
ქმრის ლოთობას არც შვილის შეძენამ უშველა. პირველი შვილის, გიოს დაბადებისას ძლივს უპოვიათ მთვრალი და საორდინატოროში მიაძინეს. როცა შვილის დაბადება ამცნეს, ვერც მიხვდა, რა ხდებოდა მის თავს... ერთი კვირის თავზე ისეთი ნაბეგვი მოიყვანა ვიღაცამ სახლში, დილით არც ახსოვდა, რატომ, სად, ვინ, რისთვის გალახა. მაშინ ჩემი მშობლების
სახლში ვცხოვრობდით. წავედით სოფელში და იქ ხომ კვირაობით საძებარი იყო, თუმცა ჩემ გარდა არავინ ეძებდა. - დალევს და მოვაო, - ცხონებული მამამთილი მეტყოდა. მულები და დედამთილი ჩემზე ბრაზობდნენ, რომ მაღიზიანებდა მისი სმა და "გასტროლები"...
23-ის ვიყავი მაშინ, ცხოვრებას ლამაზ ფერებში ვხედავდი, ვერ ვეგუებოდი რეალობას... გადავწყვიტე, შვილები აღარ გამეჩინა... ჩემმა მეჯვარემ მოინდომა, განათლება მიმეღო და ჩემს მშობლებს შეუთანხმდა. ფასიან ფაკულტეტზე ჩამაბარებინეს, მოსამზადებელი თანხა ჩემებმა გადამიხადეს, პირველი კურსის თანხა - მეჯვარის მეუღლემ და ბინაშიც მათთან ვიყავი. მერე ძმის სახლი შემოგვთავაზეს და ჩემი მეუღლეც ჩამოიყვანეს, რადგან ხელოსნობა შეეძლო და - სამუშაოს იშოვის, ბინასაც იყიდითო, მეუბნებოდნენ...

9 წელი ვიცხოვრეთ ნაძალადევში და ვინ იცის, რამდენი ბინის ფული წავიდა მის სასმელში. რამდენი შიმშილი, სიცივე გადავიტანეთ, მაშინ, როცა თვითონ ჰარი-ჰარალეთი ცხოვრობდა! ქუჩის ქალებს სახლში მოათრევდა, ლოთებთან მეგობრობდა, იკარგებოდა! ერთხელ ლამის ტელევიზიაში გამოვაცხადე... ჩემი თავი მეზიზღება, იმ წლებს რომ ვიხსენებ. როგორ სასტიკად ვექცეოდი ჩემს შვილს! არ იყო გიორგი საცემ-საყვირალი ბავშვი! როგორ იტანდა მძიმე ცხოვრებას! რა ერქვა ჩემს სტუდენტობას, ვერ გეტყვით... ძალიან მომინდა მეორე შვილის გაჩენა და ვუთხარი ჩემს ქმარს, - სმას თავი დაანებე და შვილს გავაჩენ-მეთქი... - ვინ გეხვეწებაო?! მაშინ გადავდგი პირველი, საშინელი ნაბიჯი ცოდვისკენ... კიდევ ორჯერ გამეორდა ეს... მერე 12 წლის გიო გამიხდა ძალიან ცუდად და უკვე გადავწყვიტე, გამეჩინა მეორე... მეგონა, მთავარი გავლილი მქონდა... ბევრჯერ მანატრებინა ქმარმა 9 თვის მანძილზე, - ნეტავ მკვდარი დაიბადოს-მეთქი! რა არ გადავიტანე, მაშინ უკვე ბოლნისში ვიყავით... ცოცხალი კი დაიბადა ბავშვი, მაგრამ 11 თვით იყო მოვლინებული ამქვეყნად მხოლოდ... ამის მერე ბევრი რამ გადაფასდა ჩემს გონებაში. ვიფიქრე, ბიჭი წამოიზრდება და ჩემი ქმარიც შეიცვლება-მეთქი... ბედის ირონიაა! მერე ქმარი წავიდა უკრაინაში ოჯახის "ასაშენებლად". თავისთვის მოიწყო კიდეც ცხოვრება... მე კი უკრაინაში ჩასული, მუხლებზე ხოხვით, ასეთ კაცს ვეხვეწებოდი, არ მიმატოვო-მეთქი! მეგონა, მარტო ვერაფერს შევძლებდი, თუმცა, არასოდეს დამიკრეფია გულხელი! და როცა ისევ ჩემი მეგობრების წყალობით გონება გამინათდა, მივხვდი, რომ უმისოდ უკეთ ვცხოვრობდი... ეს, მოკლედ, რამდენადაც შემეძლო, ისე მოვყევი.

ახლა იმაზე ვნერვიულობ, რატომ უფრო ადრე არ წავიდა-მეთქი! ჰოდა, შენმა წერილმა ეს გამახსენა. მამაჩემი მომხრე იყო თავიდანვე, ოჯახი დამენგრია, მე გავჯიქდი და არ დავეთანხმე! ნეტავ, დამეჯერებინა! ახლა კი მსგავს ოჯახებს რომ ვაწყდები, მიკვირს, როგორ ჩერდებიან-მეთქი? ერთი ძალიან ახლობელი ქალია, ალკოჰოლიკი ჰყავს ქმარი, მამამთილი და მაზლი. ორი შვილის დედაა. ოღონდ ეს თავად ხშირად სცემს ქმარს, ბავშვები ქუჩაში არიან ხშირად, კი არ აშავებენ რამეს, მაგრამ ხომ არაა სასურველი, გარეთ პორწიალი? რა მითხრა ამ ქალმა, იცით? უქმრო ქალს სხვანაირად უყურებენ, ბავშვებს მამა უნდათო! ყბა ჩამომივარდა: რომელი მამა ან ქმარი, ქუჩაში რომ სძინავს და შენ რომ საქვეყნოდ სცემ-მეთქი?! ძალიან მაინტერესებს, როგორ წარიმართება ამ ოჯახის ბედი! მე დანგრეული ფსიქიკა, ჯანმრთელობა და აუწყობელი ცხოვრება შემრჩა ქორწინებიდან... არ ვიცი, რატომ გიყვები ამას, თითქოს აღსარებას გაბარებდე, მაგრამ მომეშვა რომ მოგიყევი.
პ.ს. რაც შეეხება იმ ოჯახს, რომელზეც საუბარი გვქონდა წინა წერილში, გამოგვეხმაურა ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთები ზემო იმერეთის ერთ სოფელში და მზადაა, დაუთმოს იმ ოჯახს ხანგრძლივი სარგებლობით..."

როლანდ ხოჯანაშვილი
ჟურნალი "გზა"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით