დაგვიანებული პაემანი - კვირის პალიტრა

დაგვიანებული პაემანი

"კვირის პალიტრა" რომ სიურპრიზების გაზეთია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა 30 აგვისტოს ნომერი შევიძინე. თქვენს ერთ-ერთ საინტერესო რუბრიკაში წავიკითხე წერილი "მიხაკები თოვლზე".

ეს ამბავი მე შემემთხვა. დაბადების დღე 1-ელ იანვარს მაქვს. ვცხოვრობდი თბილისურ ეზოში, პირველ სართულზე. ერთ ახალწლის დილას კარი გავაღე და თვალი მომჭრა თოვლზე აბდღვრიალებულმა მიხაკებმა. ზუსტად 32 ცალი იყო, სწორედ იმდენი, რამდენი წლისაც იმ დღეს გავხდი.

მე ისევ იქ ვცხოვრობ, ოღონდ ჩვენი სახლის ადგილას ახალი კორპუსი დგას. ამ კორპუსის მეორე სადარბაზოს მეშვიდე სართულზე ვცხოვრობ და ამ წერილის ავტორს შვილიშვილთან ერთად ვეპატიჟები სტუმრად.

ალბათ, ეს იქნება სიყვარულის ისტორიაში ყველაზე დაგვიანებული და უკანასკნელი პაემანი. გმადლობთ, მარინა, რომ ამ გაუსაძლის ცხოვრებაში ადამიანებს ულამაზებთ ცხოვრებას.

პატივისცემით - ნუნუ

თბილისი, 31 აგვისტო, 2010