როგორ "გადაიქცა" ფლირტი სიყვარულად - კვირის პალიტრა

როგორ "გადაიქცა" ფლირტი სიყვარულად

ზაფხულში სასიყვარულო ურთიერთობები რომ პიკს აღწევს, ამას ის ამბავიც მოწმობს, რომელიც ახლა უნდა გიამბოთ.

ნიკა მხატვარია. 30-ს გადასცილდა, მაგრამ ცოლის შერთვას არ ჩქარობს: - ხელოვანი კაცი ვარ, ბევრი გატაცება, ახალი შეგრძნებები და ვნებები მჭირდება, რომ საქმე კარგად ვაკეთო, ოჯახი კი ტვირთია, ხელს შემიშლის ხატვაშიო... ამიტომაც, სადაც თავს ამოჰყოფს - მთაში თუ ბარად, სოფლად თუ ქალაქში, როგორც კი, მომხიბვლელ ქალს მოჰკრავს თვალს, მაშინვე ფლირტს იწყებს, რათა მერე ამ გრძნობით დამუხტულმა ხატოს და ხატოს.

ბოლო ორი წელია, ზღვა აიჩემა. ივნისის ბოლოს ჩაალაგებს ბარგი-ბარხანას და ქალაქიდან გადის.

წელსაც ადრიანად მიაშურა ქობულეთს და მეგობართან დაბინავდა. ივლისის დასაწყისიდან დამსვენებლებმა იმატეს. მისი მეგობრის სახლში ერთი ოთახი იქირავა სამმა გოგონამ. ნიკამ ერთს დაასო თვალი - ნინაკას, თუმცა სამივეს ხშირად ხატავდა და ეს ძალიან ახალისებდათ გოგონებს... ნიკა მალე დარწმუნდა, რომ ნინაკა საკმაოდ მტკიცე ნებისყოფის გოგონა იყო და "ცანცარა" მხატვარს თავს არ გაუყადრებდა.

ერთ დღეს, მზე ამოიწვერა თუ არა, სანაპიროზე გავიდა. ბრტყელი ქვა მოეწონა და მასზე მზის ამოსვლა დახატა. გოგონები, მათ შორის ნინაკაც, აღფრთოვანებულები დარჩნენ. ამან წაახალისა და ახლა ზღვის ქაფში ნინაკა ჩახატა.

ესეც ძალიან ლამაზი გამოვიდა... ხატავდა, ერთი მეორეზე უკეთესი გამოსდიოდა და მიხვდა, რომ აქამდე ფლირტს და გატაცებებს არ უქნია ის, რაც ქნა სიყვარულმა - მოულოდნელმა, ნამდვილმა გრძნობამ.

გოგონების ოთახში ქვების ტევა აღარ იყო. მთელი ოთახი სხვადასხვაფრად ბრწყინავდა. ნახატების უმეტესობაში ნინაკას სახე ჩანდა... ყველა მიხვდა, ნიკას და ნინაკას ცხოვრების გზები რომ უკვე გადაკვეთილი იყო.

ნინაკა ცოტა ხნით ჩამოვიდა თბილისში, მაგრამ მალე კვლავ ზღვისპირეთში აპირებს წასვლას, სადაც შეყვარებული მხატვარი ელოდება. გადაწყვეტილი აქვთ, ულამაზესი ქვების გამოფენა მოაწყონ, რომელსაც სახელად ერქმევა "ნიკა და ნინაკა".