მოღალატე შეყვარებული და ცოლი წვეულებიდან
25-11-2018
მოღალატე შეყვარებული და ცოლი წვეულებიდან
მეგობარი მყავს ერთი - დათუნა, რომელიც ძალიან მიყვარს და მის ოჯახში სტუმრობას არაფერი მირჩევნია. ცოლი ისეთი ჰყავს, ზოგჯერ მგონია, მას ბევრად უფრო ადრე ვიცნობდი და ის უფროა ჩემი ახლობელი.

ჭკვიანიცაა ეკა, მხიარულიც და საქმიანიც. ნახევარ საათში ისეთ სუფრას გაშლის, გეგონება მთელი კვირა გაუტარებია სტუმრების მოლოდინშიო...

არადა, ვიდრე ეკას შეირთავდა ცოლად, დათუნა ნინისთან ერთად ცხოვრობდა. მართალია, ოფიციალურ ქორწინებაში არ ყოფილან და არც შვილების გაჩენას ჩქარობდნენ, მაგრამ მაინც რძლად მიგვაჩნდა იგი და
ვერც წარმოვიდგენდით, თუ ოდესმე ერთმანეთს დაშორდებოდნენ...

დაახლოებით ოთხი წლის წინ კი, როცა მეგობრებმა ახალი წლის ერთად შეხვედრა გადავწყვიტეთ და ერთ-ერთ რესტორანში შევიკრიბეთ, დათუნას მოსვლა დააგვიანდა და როცა გამოჩნდა, მარტო იყო:

- ნინი სადაა?! - ერთხმად ვიკითხეთ ყველამ.

- გათხოვდა! - გვითხრა მოკლედ და გაღიმება სცადა,
თუმცა, არ გამოუვიდა და როცა თავადაც მიხვდა, რომ ატირებას აღარაფერი უკლდა, კონიაკის ბოთლს წამოავლო ხელი და მოიყუდა. სანამ მოვიფიქრეთ და წავართვით, უკვე განახევრებული ჰქონდა. - არაფერი მკითხოთ მეტი იმ მოღალატეზე, მისი სახელის ხსენებაც არ მინდა! - იყვირა მერე და დავინდეთ. ვცადეთ, ისეთი სახეები მიგვეღო, ვითომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. თანაც, ახალი წელი დგებოდა და არ გვინდოდა ცუდზე ფიქრი. ყველას ჩვენი გეგმები და ოცნებები გვქონდა. ჰოდა, გავერთეთ და დათუნა მიგვავიწყდა კიდეც. თუმცა, ის მაინც შევამჩნიე, რომ ბევრს სვამდა და თუ სადმე მარტო დარჩენილ გოგოს მოჰკრავდა თვალს, ყველას ეტორღიალებოდა.

- მიხედეთ, ამ უტვინოს, თავი არ მოაკვლევინოს ვინმეს! - გავაფრთხილე ბიჭები, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან დათუნა ორმა ზორბა ბიჭმა გვერდზე გაათრია და ვიდრე ჩავერეოდით, ცხვირიც გაუხეთქეს. თურმე, ერთ-ერთის ცოლს გადაჰკიდებია...

გვეგონა, ტვინის შერყევა მაინც დაემართებოდა გალახულს და მიწაზე დაგდებულს, ისე უაზროდ ატრიალებდა თვალებს. "სასწრაფოს" გამოძახება დავაპირეთ, როცა ვიღაც გოგომ შეგვაჩერა:

- ექიმი ვარ და დამაცადეთ, მე მივხედავ...

გასინჯა და უცებ მიხვდა:
- ბევრი დაულევია და ამიტომაა უგონოდ. მანქანით ვარ და მე წაგაყვანინებთ სახლში, მაინც მივდიოდი, თქვენ მისამართი მითხარით...

ასეთ მდგომარეობაში მყოფი მეგობარი ალბათ, არ უნდა გვენდო უცხოსთვის, მაგრამ ისე ძალიან გვინდოდა საახალწლო წვეულებაზე დაბრუნება, ნამუსი დავივიწყეთ და დათუნა მანქანაში "ჩავდეთ", თავად კი საქეიფოდ შევბრუნდით...

...ერთმანეთს რამდენიმე დღის შემდეგ შევხვდით და რომ მოვიკითხეთ, დათუნამ გულმოსულმა შემოგვხედა:
- უპატრონოდ რომ გამომიშვით გალახული და უგონოდ მთვრალი, არც ერთი არ შეგაწუხათ ნამუსმა?!

- რა მოხდა მერე, მშვენიერი გოგო გამოგყვა. თანაც, ექიმი ვარო, გვითხრა და აღარ გიდარდეთ! - ყველას მაგივრად უპასუხა სოსომ.

- მეორე დილით მაგ გოგოსთან ერთად გავიღვიძე ლოგინში და ისიც არ მახსოვს, რაიმე მოხდა თუ არა ჩვენ შორის...

- არც გოგოს ახსოვს?!

- თავად არაფერს ამბობს და მე მერიდება კითხვა.

- რა მოხდა მერე, გაერთეთ და დაიშლებით! - ხელი ჩაიქნია ვაჟამ.

- სამი დღეა მივლის და ჩემს სახლშია. დააწკრიალა ჩემი "ბუნაგი", უგემრიელეს სადილებს აკეთებს და ახლა როგორ ვუთხრა, წადი-მეთქი?!

- სამი დღე რომ შენთანაა, პატრონ-მომკითხავი არ ჰყავს?! - გამიკვირდა.

- საქმროსთან კამათი მოსვლია. უფრო სწორად, გაუგია, რომ ცოლიანია ის კაცი, ვინც თავი შეაყვარა და ჩვენს ქალაქში ჩამოიყვანა, რათა ახალ წელს ერთად შეხვედროდნენ... გამწარებული წამოსულა რესტორანში, რომ დამთვრალიყო და... კიდევ კარგი, ვერ მოასწრო ბევრის დალევა, თორემ გალახვას გადარჩენილს, ავარიაში მომიღებდა ბოლოს...

- რას აპირებ?! - ვეღარაფერი ვურჩიეთ მეგობარს.

- რა ვიცი! - აიჩეჩა მხრები: - გაგდებით ვერ გავაგდებ და თავად წავა ალბათ, როცა მოსწყინდება ჩემ გვერდით ყოფნა...

...ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ ეკა არსადაც აღარ წასულა. თავად დათუნამაც აღარ გაუშვა, რადგან მიხვდა, სანთლით რომ ეძებნა, უკეთეს გოგოს ვერსად იპოვიდა და ახლა სამი წლის გიოს მშობლები არიან. ის კი უკვე გითხარით, რომ ეკამ თავისი კარგი ქალობით ისე შეგვაყვარა თავი, დათუნაზე მეტადაც კი გვიყვარს თითქოს...

ნინუცა კი, საახალწლოდ რომ მიატოვა ჩვენი მეგობარი, რამდენიმე თვეში დაშორდა ქმარს და ახლაც ძალიან ნანობს დათუნას დაკარგვას.

ინგა ჯაყელი
გიორგი სიჭინავა
27 დეკემბერი 2018 00:28
ამაზეა ნათქვამი ბედის ირონიააო.

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები