"ნეტავ, საყვარელთან ერთად არ დამენახა..."
"ნეტავ, საყვარელთან ერთად არ დამენახა..."
"ძალიან გთხოვთ, მომეცით საშუალება, ყველაფერი გიამბოთ. იქნებ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მაინც მიხვდეს ჩემი მამამთილი, რომ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვა, როცა ჩემში "ჩამშვები" დაინახა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დედამთილთან, ქმართან ურთიერთობა ამრეოდა..." - ეს წერილი 23 წლის იამ მოგვწერა. გოგონას ერთ-ერთ პარკში შევხვდი. მისმა მონათხრობმა და მამამთილის შურისძიების მეთოდებმა, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაკვირვა.

- ნაადრევად, 18 წლის ასაკში გავთხოვდი. მომავალი მეუღლე ნათესავის ქორწილში გავიცანი. იქ იყვნენ მისი მშობლებიც.
სამამთილოსაც ისე მოვეწონე, გახარებული ამბობდა: ამ ქორწილში ჩამოსვლა, ქეიფის გარდა, იმიტომაც ღირდა, ეს გოგონა რომ გაგვეცნოო. მერე ჩემს მშობლებსაც დაელაპარაკნენ: თქვენი შვილი რძლად გვინდა და თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, მოგვათხოვეთო. დედამ "დამიცვა", - არსად გვეჩქარება, ჯერ რა დროს მისი გათხოვებააო? მაგრამ ხომ იცით, სოფელში მცხოვრებ
ადამიანებს როგორ უჭირთ თავის გატანა, შვილისთვის განათლების მიცემა და მამამ თქვა: დავფიქრდეთ, ნუ ავჩქარდებით, იქნებ ბავშვებს მართლა მოსწონთ ერთმანეთიო. ქორწილის მეორე დღეს კახას მშობლები თბილისში დაბრუნდნენ, კახა კი ნათესავის ოჯახში დატოვეს. ის ჩემზე 5 წლით იყო უფროსი, არსად სწვალობდა და ეტყობა, მისი დაოჯახება ამიტომაც ეჩქარებოდათ.

- შენს მშობლებს რამ მოაწონა უსაქმური სასიძო?

- უსაქმური არ იყო, მუშაობდა. მართალია, უნივერსიტეტში არ სწალობდა, მაგრამ ინგლისური იცოდა, კომპიუტერის აწყობა ეხერხებოდა და სამსახურიც ჰქონდა, თან - რამდენიმე ადგილას მუშაობდა და ხელფასიც კარგი ჰქონდა; თავს იმის უფლებასაც აძლევდა, თანხა სურვილისამებრ გაეფლანგა. მაგალითად, ქორწილის დღეს დამკვრელები გაამდიდრა. ნეტავ გენახათ, მათკენ მიმავალ კახას რომ დაინახავდნენ, სიხარულისგან როგორ ჭყვიტინებდნენ. როგორც მერე გავიგე, დაახლოებით 200 ლარამდე უჩუქებია მათთვის.

- ცოლობაზე როგორ დაგითანხმა?
- ეს არ გასჭირვებია (იღიმის). მეორე დღესაც შევხდი. მეც ძალიან მომეწონა თბილისელი ბიჭი და მომავალში თბილისში ცხოვრების პერსპექტივაც. მანამდეც მყავდნენ თაყვანისმცმელები, მაგრამ ისეთები, რომლებიც მშობლების ხელებს შეჰყურებდნენ და ხშირად, ჯიბეში გახვრეტილი თეთრიანიც არ ეგდოთ, ისევე, როგორც მე... მეორე დღესაც მშვენივრად გავერთეთ ქორწილის ნასუფრალზე, მესამე დღეს კი შინ მომადგა, ჩემს მშობლებს კიდევ ერთხელ დაელაპარაკა. დედამ უთხრა, - მინდოდა, ჯერ ესწავლა. ნიჭიერი მოსწავლე იყოო. კახა დაპირდა, სწავლის გაგრძელება რა პრობლემაა? თანაც, სტუდენტი შვილისთვის ბინის დაქირავებაც აღარ მოგიწევთ და აღარც მისი სწავლის ფულის შოვნაზე ფიქრი დაგჭირდებათო. მამას სიხარულისგან ლამის ტვინში სისხლი ჩაექცა, - არიქა, ეშველა ჩემს გოგონასო, მაგრამ უთხრა: შვილო, ჯერ კარგად დაფიქრდი და თუ რამდენიემ დღის შემდეგაც ამ აზრზე იქნები, მოდი და ია დანიშნეო. ძალიან ბედნიერი ვიყავი მშობლების გადაწყვეტილებით. ისინიც გახარებულები იყვნენ, ოჯახის უფროსი ქალიშივილი რომ დააყენეს გზაზე, რადგან შინ ჩემნაირი კიდევ სამი ჰყავდათ (იღიმის)... მოკლედ, კახა წავიდა, მე სოფელში დავრჩი, მაგრამ გული მას გავატანე.

- რამდენ ხანში შეხვდით ისევ ერთმანეთს?

- ზუსტად ერთი თვის თავზე მამასთან და მეგობარ ბიჭთან ერთად გვესტუმრა, მამას ჩემი ხელი სთხოვა. კახას მამამ თითზე ნიშნობის ბეჭედი მომარგო და თქვა: დღეიდან შენ ჩემი შვილი ხარ, მე კი შენი მამა. კახა თუ გაწყენინებს, ჩემთან ექნება საქმეო. თავი რომელიმე ზღაპრის გმირი მეგონა. მეშინოდა, ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო და თვალის გახელის შემთხვევაში, ზღაპარი არ დასრულებულიყო... კახამ პირობა შესარულა და ხელი შემიწყო სწავლის გაგრძელებაში. უნივერსიტეტში ვსწავლობ, ინგლისური ენის კურსებზეც დავდიოდი, რადგან სოფელში ამ ენის შესწავლა შეუძლებელი იყო. მეუღლის მშობლები ცდილობდნენ, ჩემთვის კომფორტი შეექმნათ და მათ მეც გამუდმებით თვალებში შევციცინებდი. სასწავლებლიდან დაბრუნებული სახლს ვალაგებდი, კერძებს ვამზადებდი და როგორც კარგ დიასახლისს შეეფერება, ოჯახის წევრებს ისე ვხვდებოდი. მოკლედ, ძალიან ბედნიერ, შეკრულ ოჯახად ვცხოვრობდით. დედამთილი ამბობდა: იმ სოფელში ოქროს კვერცხი ვიპოვეთ, რომლიდანაც ულამაზესი წიწილა გამოიჩეკა და ის ახლა ჩვენს სახლში იზრდება. მადლობა, რომ შინ დაბრუნებულს მანებივრებ და აქაც საქმე არ მხვდებაო. მოკლედ, ერთმანეთის პატივისცემაში ვიყავით. სულ მეშინოდა, ასეთი დიდი ბედნიერების. მქონდა მოლოდინი, რომ ერთ დღესაც შესაძლებელი იყო, რაღაც მომხდარიყო და ჩემი ბედნიერებაც დასრულებულიყო, მგარამ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, ამის მიზეზი მამამთილი თუ გახდებოდა.

- მამამთილი საყვარელთან ერთად, რა ვითარებაში გამოიჭირე?

- მაღლივ კორპუსამდე რაღაც მანძილს ფეხით გავდიოდი. შორიდან მამამთილის მანქანა რომ შევნიშნე, გამიკვირდა, - აქ რა უნდა-მეთქი? წესით, სამსახურში უნდა ყოფილიყო, თავის საქაღალდეებში თავჩარგული. შემეშინდა, - დავიჯერო, ჩემს გასაკონტროლებლად მოვიდა-მეთქი? ჯერ ვიფიქრე, ისე მოვიქცევი, თითქოს ვერ დავინახე-მეთქი, მაგრამ მერე სკუთარ თავს გავუბრაზდი: "დასამალი რა გაქვს? უნდა მიხვიდე და უთხრა, რომ ტყუილად შიშობს, რომ მის შვილს არასდროს უღალატებ!" ჰოდა, იმის ნაცვლად, რომ სასწავლებელში შევსულიყავი, გზიდან გადავუხვიე, მის მანქანას მივადექი. ის და მისი ქალი ისე იყვნენ ლაპარაკში გართულები, მხოლოდ მაშინ შემამჩნიეს, როცა მათ თავს დავადექი. მეც გვიან შევნიშნე, მანქანაში ქალი რომ იჯდა, თორემ შეიძლებოდა, უკან დამეხია...

- რომ დაგინახა, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- აღელდა, მე კი მოვუბოდიშე და სწრაფად გავეცალე... იმ დღეს ლექციაზე დაშტერებული ვიჯექი და ლექტორმაც შენიშვნა მომცა. ვუთხარი, - თავს შეუძლოდ ვგრძნობ-მეთქი და სახლში გამიშვა. ქუჩაში ვიხეტიალე, მერე სახლთან ახლოს, პარკში ჩამოვჯექი და დავფიქრდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი? დედამთილის მოტყუება ჩემთვის ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ვიცოდი, არც მამამთილის "ჩაშვება" ივარგებდა. ამიტომ ვარჩიე, პირში წყალი ჩამეგუბებინა. ფიქრებმა შემიყოლია და შინ მისვლა დამაგვიანდა. შესაბამისად, მხოლოდ სახლის მილაგება მოვასწარი. ჯერ კახა მოვიდა, მერე - დედამთილი. მამათილმა რომ დაიგვიანა, ჯერ ცოლმა დაურეკა, მერე შვილმა, - სად ხარ, რა ხდებაო? - უჩემოდ ივახშმეთ, მაგვიანდებაო. კახასთვის უკითხავს: ჩემი რძალი როგორ არის? ხომ კარგ ხასიათზეაო? როცა გაიგო, რომ კარგად ვიყავი, ეტყობა, შვებით ამოისუნთქა და ცოტა ხანში შინ მობრძანდა. თვალებში მიყურებდა, აინტერესებდა, რას ვფიქრობდი, რისი გამკეთებელი ვიყავი. მუცლის ტკვილი მოვიმიზეზე და საძინებელ ოთახში გავედი. ცნობისთვის, ამ დროისთვის უკვე 2 თვის ფეხმძიმე ვიყავი. დილით ოთახიდან გვიან გავედი. მამამთილი სახლში დამხვდა და მითხრა, - მოდი, დავილაპარაკოთო. - სალაპარაკო არაფერია, თქვენი თავისა, თავადვე იცით, მაგრამ ეს რომ ნატამ (ჩემმა დედამთილმა) გაიგოს, გული ძალიან ეტკინება-მეთქი. - მერე საიდან გაიგებს, ამის თქმას შენ ხომ არ აპირებო? - კარგი იქნებოდა, რომ შემეძლოს, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ, ასეთი გმირიც არ ვარ. ამიტომ, თქვენი არ იყოს, მეც ტყუილში მომიწევს ცხოვრება-მეთქი. დამიწყო ახსნა, - ის ქალი ჩემი საყვარელი კი არა, უბრალოდ, ძველი ნაცნობია. რაღაც პრობლემა ჰქონდა, დამირეკა, უნდა გელაპარაკოო და უარს ხომ არ ვეტყოდი? თან, უნივერსიტეტშიც საქმე ჰქონდა და იქ ამიტომ მივედიო. არადა, ის გოგო მის ძველ ნაცნობს კი არა, სტუდენტს უფრო ჰგავდა, ძალიან ახალგაზრდა იყო. ვუთხარი, - არაფრის ახსნა არ არის საჭირო. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ ცოლს უერთგულებთ, მე კი ამ საქმეში ჩარევის უფლება არ მაქვს და გთხოვთ, ნურაფერში გამრევთ-მეთქი.

ეტყობა, ჩემი სიტყვები არ მოეწონა, რადგან მას მერე, სულ ეჭვის თვალით მიყურებდა, ჩემს დამცირებას ცდილობდა და ცოლს ჩემზე რაღაცებს ეჩურჩულებოდა. არ ვიცი, ნერვიულობამ იმოქმედა თუ რა იყო, მაგრამ მუცელი მომეშალა. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ კიდევ უფრო მეტად დავეჩაგრე. კახას ეუბნებოდა, - რა გახდა, ამდენხანს შვილიშვილი რომ ვერ მაჩუქეთო?.. ერთხელ ყური მოვკარი, ცოლს ეუბნებოდა: ჯერ ვერ დაფეხმძიმდა, ახლა კი, როცა გვეგონა, გვეშველა, მუცელი მოეშალა. ეს და კახა ერთად დიდხანს ვერ გაძლებენო. დედამთილმა რა უპასუხა, არ ვიცი, რადგან ამ სიტყვების გაგონებამ ჩემზე ცუდად იმოქმედა და გონება დავკარგე.

- როცა მამამთილთან მარტო რჩებოდი, არაფერს ეუბნებოდი? არ საყვედურობდი, რომ უსამართლოდ გექცეოდა?
- ერთხელ ვუთხარი: გავიგონე, ჩემზე რაც თქვით-მეთქი. გაიცინა: აბა, რა გეგონა? ხომ იცი, სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა არ შეიძლებაო! - კი, მაგრამ მე ხომ არავისთვის არაფერი მითქვამს და რაღას მერჩით-მეთქი? - ჩემთვის ჭკუის დარიგების უფლება არ გაქვს. სოფლიდან, ჯურღმულიდან გამოგათრიე, შენ კი ახლა მტრად გადამექეციო. ვუმტკიცებდი, ასე არ არის, ძალიან მინდა, მხარში ამოგიდგეთ და თუ მეცოდინება, რომ იმ ქალთან აღარაფერი გაკავშირებთ, მეც სუფთა სინდისით ვიცხოვრებ, გულში ბოღმას არ დავიტოვებ-მეთქი. დამცინა: მეტი საქმე არ მაქს, "ბულკივით" გოგო რძლის გამო მივატოვო. ხმასაც ვერ ამოიღებ. თუ ზედმეტს იტყვი, ამ სახლს დატოვებო... ბოლო დროს ურთიერთობა დედამთილთანაც დამეძაბა. სულ ჰგონია, რომ ვატყუებ; ეჩვენება, რომ უნივერსიტეტში ვიღაცებს ვეპრანჭები და სულ დაკითხვას მიწყობს, - სად იყავი, რას აკეთებდიო? ამას წინათ მითხრა: გინეკოლოგთან უნდა წაგიყვანო, მართლა უშვილოდ არ დატოვო ჩემი ვაჟიო. მისგან ეს ყველაფერი მწყინს, მაგრამ ხმასაც ვერ ვიღებ: ბოლოს და ბოლოს, მას ხომ პირველად თავად ვუღალატე, როცა ქმრის უსაქციელობის შესახებ არაფერი ვუთხარი? ჰოდა, ახლა შედეგს ვიმკი და როცა გულს მტკენს, ღიმილით ვეუბნები: ნუ გეშინიათ, კახას და საკუთარ თავს ბავშვს აუცილებლად გავუჩენ-მეთქი...

- კახა ვერაფერს ხვდება?

- ბოლო დროს მგონი, მამამ კახასაც მიაწოდა "შხამი" და ახლა მასაც ვეღარ ვცნობ - სულ ცუდ ხასიათზეა, ბუზღუნებს, თითქოს ეჭვიანობს კიდეც და რამდენჯერმე შევუსწარი, ჩანთას, ტელეფონს რომ მიმოწმებდა. აღარ ვიცი, ამ ყველაფერს როდემდე ავიტან. უკვე ისეთი დაძაბული ვარ, შეიძლება, ნებისმიერ დროს "ავფეთქდე" და სიმართლე ვთქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევში, ისევ მე დამადანაშაულებენ. მამამთილი დამემუქრა: რამეს თუ იტყვი, იცოდე, მეც შემიძლია იმის თქმა, რომ თავად დაგინახე ვიღაც ბიჭთან ერთად, მაგრამ შვილის გამო პირში წყალი ჩავიგუბე. იცოდე, ცოლი დამიჯერებს, შენ კი კახა აუცილებლად გაგაგდებს სახლიდანო. დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება... ერთ წამში აღმოვჩნდი ჯოჯოხეთში და გამოსავალს ვერ ვპოულობ. არადა, მართლა მიყვარს ქმარი, დედამთილი და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, მამამთილის მიმართ დღემდე თბილი გრძნობა მაქვს. ერთადერთი, რისი გაგებაც მსურს, ის არის, რომ მას საყვარელი აღარ ჰყავს. ასეთ შემთხვევაში ვიფიქრებ, რომ სწორად მოვიქეცი, როცა სიმართლე დავმალე. ვიფიქრებ, რომ ამ საქციელით მათი ოჯახი დანგრევისგან ვიხსენი, მაგრამ მამამთილი სულაც არ ცდილობს, დამარწმუნოს, რომ ცოლის ერთგულია.

ლიკა ქაჯაია
ჟურნალი "გზა"
Vika
15 იანვარი 2019 00:46
Suleli gogo.jer ra gekitxeba mamamtilis mankana sad ikneba teritoriulad romeli satic arunda ikos shen unda gkitxos wasvla wamosvla???an tavze ras adgebodi obexesavit???uaresi damodzgvra kaci titis tola martla churvidan gamosulma!!!!sxvis saqmeahi nu yof cxvirs da shegeferebina is bedniereba rac gkonda.!suleli
სოფი
09 იანვარი 2019 11:24
აუ რა დებილი გოგო ხარ! რას დემაგოგობ და ჭკუას არიგებ მიხედე რა შენ საქმეს! გამოვიდა აქ სინდისის დედა!! რა შენი საქმეა შენი მამათილის ცხოვრება?? ოჯახი თავზე გენგრევა შენ თავს მიხედე!
ანი
10 დეკემბერი 2018 12:44
ქმარს რომ უთხრა არა? დაასწარი მაინც და დამშვიდდები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე?