"დედას გამოუცხადა, ამ კაცს თუ გაჰყვები ცოლად, გადავიკარგები და ვეღარასოდეს მნახავო" - კვირის პალიტრა

"დედას გამოუცხადა, ამ კაცს თუ გაჰყვები ცოლად, გადავიკარგები და ვეღარასოდეს მნახავო"

კახაბერ ფიფია (რესპონდენტის თხოვნით, გვარი შეცვლილია, - ავტ.) ორი წლის წინ გაათავისუფლეს პატიმრობიდან - ფინანსური მაქინაციების გამო შვიდი წელი იხდიდა სასჯელს რუსთავის მეორე კოლონიაში.

კახაბერი დღეს ტაქსისტობით ირჩენს თავს. სანამ ციხეში მოხვდებოდა, ოჯახი დაენგრა და სასოწარკვეთილმა შურისძიება გადაწყვიტა - ცოლყოფილის მოკვლაც კი უნდოდა. თუმცა, კარგა ხნის ტანჯვის მერე თავს მოერია და მიხვდა, რომ შვილს დედას ვერ მოუკლავდა და უმძიმეს ცოდვას ვერ დაიდებდა. მერე ბაბუის დანატოვარი საკუთარი სახლი გაყიდა, შვილს ბინა უყიდა და თვითონაც ცალკე დასახლდა. ცხოვრება გაგრძელდა. აღარ უნდოდა წარსულის გახსენება, რადგან როცა ტკივილი თავს ახსენებდა, მოსვენებას კარგავდა.

მერე ქეთი გამოჩნდა, ახალგაზრდა ქვრივი, რომელსაც ხუთი წლის გოგონა ჰყავდა. ჯერ მოეწონა და მისი მფარველობის სურვილი გაუჩნდა, მერე შეეჩვია... ქეთი ისტორიკოსი იყო, სასიამოვნო მოსაუბრე. ქეთისთან კახაბერს ავიწყდებოდა გადატანილი უსიამოვნება. ქალის სიმშვიდე კაცსაც გადაედებოდა ხოლმე. კახაბერი ქეთის ბავშვსაც დიდ ყურადღებას აქცევდა, საჩუქრებს არ აკლებდა, დედა-შვილი სასეირნოდ დაჰყავდა.

როცა კახაბერი მიხვდა, რომ მას მეორედ ესტუმრა სიყვარული, გადაწყვიტა, ქეთის ხელი ეთხოვა. ქალიც დათანხმდა. მალე ჯვარიც უნდა დაეწერათ, მაგრამ კახაბერი დააპატიმრეს.

- ციხეში მეტად აფასებ იმას, რასაც თავისუფლებაში მყოფი ვერც კი ამჩნევდი. ყველაფერს სხვანაირად ხედავ და აცნობიერებ. თუ მთლად ნამუსგარეცხილი და ღირსებააყრილი არ არის კაცი, ფიქრს და გადაფასებებს იწყებს, - მეუბნება კახაბერი.

პატიმრობისას ქეთი ხშირად აკითხავდა, წერილებსაც სწერდა, ამანათებსაც უგზავნიდა... ერთი სიტყვით, ყურადღებას არ აკლებდა. კახაბერი ლამის თითებზე ითვლიდა ბოლო დღეებს, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩაიკრავდა საყვარელ ქალს გულში, მაგრამ... გამოვიდა და კვლავ პრობლემამ იჩინა თავი. ქეთის გოგონა გაზრდილი დახვდა - ცამეტი წლისა ხდებოდა. ერთ დროს მზრუნველი კაცი არ მიიღო, დედასაც განუცხადა:

- ამ კაცს თუ გაჰყვები ცოლად, გადავიკარგები და ვეღარასოდეს მნახავ. ჩვენ, ორნი, ძალიან კარგად ვართ ერთად, მესამე სულაც არ არის საჭიროო. იმდენი ქნა გოგომ, ორი მოყვარული ადამიანი ერთმანეთს დააშორა. რა ექნა დედას - შვილი არჩია. ბედს შეეგუა და კახაბერთან ურთიერთობა გაწყვიტა. დღემდე მხოლოდ ტელეფონით (ისიც, როცა შვილი შინ არ არის) ელაპარაკებიან ერთმანეთს.

ვერ ვითმენ და კახაბერს პატიმრობის წლებზე ვეკითხები:

- იმ შვიდი წლის განმავლობაში როგორ ცხოვრობდით, დრო რით გაგყავდათ?

- კითხვა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ როცა სამსახური დავიწყე, ე.ი. 22 წლის ასაკიდან, კითხვისთვის ვეღარ ვიცლიდი. იქ წიგნებს მივუბრუნდი და ადრე წაკითხული რომ ხელახლა წავიკითხე, ბევრი ახალი აღმოვაჩინე. პატიმრობისას ფიქრი შემიყვარდა, ფიქრი და შეფასებები. იქ ყველას აქვს თავისი სამუშაო.

მეც ვმუშაობდი... იცით, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ისტორიაა, ერთმანეთს თან რომ ჰგავს, თან - არა. ზოგი პირწავარდნილი ყაჩაღია და დარწმუნებული ვარ, გათავისუფლების მერეც იყაჩაღებს, ზოგი უნებლიე დამნაშავეა, ცხოვრებამ ან უცებ შექმნილმა სიტუაციამ რომ უბიძგა დანაშაულისაკენ, მაგრამ საოცარი იცით, რა იყო? ქალის გამო ბევრი იხდიდა სასჯელს. ერთი საყვარლის მკვლელობისთვის იჯდა. გიორგის ცოლი გარიგებით შეურთავს. ვერ აეწყო თურმე ცოლ-ქმრის ურთიერთობა. ოჯახიც ვერ დაანგრია - ორი შვილი ჰყავდათ. მერე ერთი ქალი შეუყვარდა.

რას არ აკეთებდა მისი გულისთვის. ის ქალიც არ იყო გულგრილი, მაგრამ რახან ვერ დაქორწინდნენ, ქალმა განუცხადა, მთხოვნელი მყავს და ცოლად იმას მივყვებიო. თავდაპირველად ეგონა, ქალი აგულიანებდა, რათა ოჯახიდან წამოსულიყო, მაგრამ როცა იგი მართლაც ნახა უცხო მამაკაცთან ერთად, ეჭვიანობამ დაუბინდა გონება, სახლთან ჩაუსაფრდა და მოკლა...

კიდევ იყო ერთი პატიმარი - ცოლს დაუბეზღებია - სახელმწიფოს შემოსავალს უმალავსო. რაღა თქმა უნდა, ფინანსურმა პოლიციამ იმ კაცს სამსახურში ბევრი დარღვევა აღმოუჩინა. კაცს საყვარელი ჰყოლია,  გამწარებულ ცოლს ქმრის თავიდან მოშორება უნდოდა და მოიშორა კიდეც. მოგვიანებით კი ქმარს შეუთვალა, - მოვიდეს ახლა შენი "ტურფა" და იმან გიპატრონოსო...

ერთ 23 წლის ბიჭს ღვიძლი შვილივით ვპატრონობდი (ჩემი შვილი 20 წლისაა ახლა). მან შეყვარებულის წაქეზებით მეგობარი მოკლა... ალბათ, გული დაგიმძიმეთ ამდენი საზარელი ამბის გახსენებით, მაგრამ იცით, რისი თქმა მინდა? ქალს ძალიან ბევრი რამე შეუძლია. მიკვირს, რატომ ჰქვია იმ არსებას სუსტი, რომელსაც ერთი ხელის დაკვრით შეუძლია კაცს გონება დაუბნელოს, ცივ ქვაზეც დაასახლოს და დააქციოს კიდეც, სიყვარულიც დათესოს და შუღლიც...

ქეთისნაირი ქალი იშვიათია. ჩვენ ერთად ბედნიერი ვიქნებოდით, მაგრამ ისევ და ისევ ქალი (მართალია, პატარა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?) ჩადგა ჩვენ შორის და თავისი ეგოისტური გრძნობით დაგვაშორა ერთმანეთს.

ჩემს ვაჟს ვურჩევ, - ეკლესიური ქალი შეირთოს ცოლად. უცოდველი არავინ არის, მაგრამ ის, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, თუ ფარისევლურად არ იქცევა და უფლისაც გულით სჯერა, ასე სასტიკად არ მოიქცევა.

მე საპატიმროში ქალის ხელით მოხვედრილი ბევრი ვნახე და ამ ფაქტმა ძალიან შემძრა...