როგორ ვენდო საზაფხულო რომანს?!
ორი კვირაა, გონიოში ვარ... საგონებელში ჩავვარდი - არ ვიცი, ვენდო თუ არა ბიჭს, რომელიც ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, რაიმე საგულისხმოს მირჩევთ. ჯერ იმას გეტყვით, რატომ არ ვენდობი ბიჭებს, ან რატომ ვუყურებ ყველას ეჭვის თვალით.

შარშან ჩემმა მეგობარმა ლიკამ ბათუმში ერთი შეხედვით ძალიან კარგი ბიჭი გაიცნო და რომანი გააბა. ლევანი მართლაც გამორჩეული გახლდათ თავის მეგობრებში. ისინი  იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ, მე, ლიკა და ნათია კი უცხო ენების ფაკულტეტზე ვსწავლობთ. ერთ კერძო
სახლში გვქონდა ოთახები დაქირავებული.

ლევანმა ლიკას დაადგა თვალი. ჩვენც არ გვაკლებდა ყურადღებას. გვეხათრებოდა, მაგრამ ბიჭები საღამოობით კაფეებში გვპატიჟებდნენ და ერთ თეთრს არ გვახდევინებდნენ. მოკლედ, ლევანსა და ლიკას შორის რომანი გაიბა. ჩვენი წამოსვლის წინადღეს ლევანი ძალიან დაღვრემილი იყო, ლიკას უთხრა, - მეც შენთან ერთად წამოვიდოდი, მაგრამ
საქმე გვაქვს ერთ კაცთან, რომელიც თურქეთიდან უნდა ჩამოვიდეს, თუმცა სულ მალე თბილისში შევხვდებით ერთმანეთსო.

გაილია დათქმული დრო, მერე აგვისტოც, ლევანი კი არა და არ ჩანდა. მისი მობილური ჯიუტად იტყობინებოდა, - აბონენტი გასულია მომსახურების ზონიდანო. მე და ნათიამ უნივერსიტეტში მოვიკითხეთ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები, მაგრამ  იქ ვერც ერთი აღმოვაჩინეთ. ლიკამ მტკივნეულად გადაიტანა ლევანის დაკარგვა.

გაზაფხული იყო. საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვედი და რუსთაველის გამზირს გავუყევი. ერთ-ერთ კაფეში ლევანს მოვკარი თვალი, მშვენიერი გოგონა ახლდა. თითქოს თავში დამკრესო - კაფეში მოურიდებლად შევედი, სკამზე ჩამოვჯექი და ლევანს თვალებში მივაჩერდი.
- გამარჯობა, ლევან, ვერ მიცანი? - ვკითხე და მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე.

იცოცხლე, დაიბნა. ჯერ თვალები აახამხამა, როგორც ეს ცრუპენტელებს სჩვევიათ, მერე ვითომ დაფიქრდა, ჭერში აიხედა და ბოლოს - ააა, კი, როგორ არა, შარშან ერთად არ ვისვენებდით ბათუმშიო? - მოჩვენებითი სიხარულით თქვა. უკან არ დამიხევია: - ამ გოგონას თანდასწრებით გითხრა, რაც გეკუთვნის, თუ მარტო ვისაუბროთ-მეთქი. გოგონა მიხვდა, რომ ლევანს დიდი გასაჭირი ადგა და გაცლა ამჯობინა. ლევანს ვკითხე:

რატომ მოიქეცი ასე, რა საჭირო იყო ამდენი ტყუილი-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? ეს საკურორტო რომანი იყო და სულაც არ ვაპირებდი ამ ურთიერთობის გაგრძელებას, როდის იყო, კაცებს ცოლად მოჰყავდათ ის გოგოები, რომლებთანაც საკურორტო რომანს აბამენო. გაოცებული შევცქეროდი და მახსენდებოდა, რა დღეში იყო ბათუმში, ლამის ნემსის ყუნწში ძვრებოდა, რომ ლიკასთვის თავი შეეყვარებინა... ვერ მოვითმინე, კარგად მივალანძღე და გამოვბრუნდი.

ამ ზაფხულს კი, როცა მეც გამომიჩნდა თაყვანისმცემელი, პირი არ ვუჩვენე. მეგობრებს ვუთხარი, - ლევანის მერე მათ ვეღარ ვენდობი-მეთქი. არადა, გოგოები ჩამჩიჩინებენ, ყველას ერთ ტაფაში ჩაყრა არ შეიძლებაო. თორნიკე მართლაც ძალიან მომწონს, ისიც იურიდიულზე სწავლობს და როცა ეს გავიგე, სიცილი ამივარდა, ნეტავ, ბიჭები საზაფხულოდ ერთნაირ "სცენებს" ხომ არ დგამენ საკურორტო რომანის გასაბმელად-მეთქი. არ ვიცი, ვენდო თუ არა თორნიკეს.

ქეთი კ., თბილისი-გონიო

natia
14 სექტემბერი 2010 22:08
კარგად დაფიქრდი და ისე გადაწყვიტე.....ეცადე კარგად გაარკვიო ვინ არის და რას წარმოადგენს...წარმატებები...
eka
13 სექტემბერი 2010 19:20
ბიჭების გაგება ძნელია ძალიან... მართალია ერთ ტაფაში არ უნდა მოვხარშოთ ყველა, მაგამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა... მთავარია თავი გააკონტროლო და იმ ზომამდე არ მიხვიდე,რომ გონება დაგებინდოს... ასე რომ ვთქვათ ჭკუა არ უნდა დაკარგო.ბიჭების დიდი ნაწილი საკურორტო რომანებს გართობად მიიჩნევენ, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობენ. გქონდეს მასთან ურთიერთობა, მაგრამ გონების კარნახს უსმინე და არა გულის ამ შემთხვევაში...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები