"გაჩერდი, თორემ ვიტყვი, შენ რა ქალიც ხარო". ქალი პასუხობდა, - "კარგი, არ თქვაო" - ადვოკატის მოგონებები - კვირის პალიტრა

"გაჩერდი, თორემ ვიტყვი, შენ რა ქალიც ხარო". ქალი პასუხობდა, - "კარგი, არ თქვაო" - ადვოკატის მოგონებები

ნინო ლალიაშვილი თითქმის 20 წელია, ადვოკატად მუშაობს და ბევრი საინტერესო საქმე განუხილავს. მკვლელიც დაუცავს და მეუღლეებს შორის საოჯახო დავაშიც ჩარეულა. ახალგაზრდა, ენერგიული ქალბატონი დატვირთული რეჟიმის და თეთრად გათენებული ღამეების მიუხედავად, ბედნიერია, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა უწევს. ამბობს, რომ ეს მისი მოწოდებაა და არჩეული პროფესიით კმაყოფილია. ჟურნალისტებთან ურთიერთობა დიდად არ უყვარს, მაგრამ უწევს, რადგან ხშირად ხმაურიან საქმეებში ბრალდებულებს იცავს. როგორც ყველა ქუთაისელს, მასაც იუმორის საოცარი გრძნობა აქვს...

21 წლის ასაკში ქუთაისში თავისი საადვოკატო ფირმა გახსნა და ამ სფეროში თავის დამკვიდრებაც შეძლო. იურისტმა მოგვიანებით სწავლა მოსკოვში გააგრძელა და იქ დიპლომატიის უმაღლესი სკოლა დაამთავრა, თუმცა მაინც ადვოკატობამ გადაწონა და ამ გზას გაჰყვა. ადვოკატობის პარალელურად, სეუ-ში ლექციებს კითხულობს და ამ ამპლუაშიც თავს კარგად გრძნობს.

- საგამოძიებო სფერო სულ მიზიდავდა, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტი რომ დავამთავრე, ადამიანის უფლებების დაცვისკენ "გადავიხარე" და ადვოკატობა ვარჩიე. ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ. ყველაფერი იმდენად მიმაქვს გულთან, ხშირად ეს ჩემს ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. ვფიქრობ, რომ არა ეს თვისება, შესაძლოა, ჩემგან ადვოკატი არ დამდგარიყო. თავიდან გამოუცდელობას ვაბრალებდი ამ ყველაფერს, მაგრამ 20 წელზე მეტია ამ სფეროში ვარ და დღემდე, თითოეულ საქმეზე ვნერვიულობ. თავიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებში ვიყავი ჩართული, მერე სისხლის სამართალშიც მოვსინჯე ძალა. ჯერ ახლობელი ადამიანების დახმარება დავიწყე და ისე გამიტაცა, 10 წელზე მეტია, სისხლის სამართლის საქმეების კუთხითაც აქტიურად ვმუშაობ. მძიმე დანაშაულებში ბრალდებულებიც ბევრჯერ დამიცავს, მაგრამ როცა არაძალადობრივ დანაშაულზე, ფინანსურ დანაშაულებზე ვმუშაობ, უფრო მომწონს. ყველაზე დიდი მიღწევაა, როცა საქმეს იგებ და შენი შრომის შედეგს ხედავ.

- მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი გაქვთ...

- ასეა. პროცესზე რა მოხდება, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია... ზოგჯერ შექმნილ სიტუაციას კარგ ხასიათზეც მოვყავართ. 70 წელს გადაცილებული მამაკაცი მეუღლეს დაშორდა და განქორწინების საქმე იხილება. მე ქალს ვიცავ. რამდენჯერმე დაიძაბა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა. მთელი პროცესის განმავლობაში მამაკაცი ქალს ასე აჩუმებდა, - "ახლა გაჩერდი, თორემ ვიტყვი, შენ რა ქალიც ხარ". ქალი პასუხობდა, - "კარგი, არ თქვა". იმდენჯერ თქვა ეს ფრაზა მამაკაცმა, რომ ყველა დავინტრიგდით. როცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, მოსამართლემ ვეღარ მოითმინა და უთხრა, ერთი გვითხარი, მეუღლეს რა საიდუმლოს უნახავო. გარკვეულწილად ჩვენი ბრალიც იყო, მამაკაცმა ეს საიდუმლო რომ გაამხილა. მიხვდა, ნამდვილად აგებდა პროცესს და მოსამართლის კითხვამაც შეაგულიანა, თითქოს რევანში აიღო და თქვა, - იცით, მოსამართლე, რას აკეთებდა ჩემი მეუღლე? ღამღამობით დგებოდა და სახლის უკან მიიპარებოდაო. უცებ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. გვგონია, ცოლს ღალატში ამხელს. პაუზის მერე განაგრძო, - ეს ქალი იქ სიგარეტს ეწეოდაო. ქალბატონმაც საკმაოდ დაიმორცხვა, დარბაზში კი ისეთი სიცილი ატყდა, ერთმანეთს ორივე გაოცებული უყურებდა... საბოლოოდ მაინც განქორწინდნენ. შესარიგებლად ვადა მაინც მისცა მოსამართლემ, მაგრამ მათ ეს გადაწყვეტილი ჰქონდათ.ყველა საქმე თავისთავად რთულია. სისხლის სამართლის საქმეების დროს ადვოკატი არჩევს დაცვის ტაქტიკას და ამის მიხედვით მიჰყავს პროცესი. თუმცა შეიძლება, უცებ ისე აირიოს სიტუაცია სასამართლო დარბაზში, რომ შენმა დასაცავმა შენთან შეუთანხმებლად ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.

- გქონიათ ასეთი შემთხვევა?

- ყაჩაღობის საქმე იხილებოდა, ბრალდებულს ვიცავდი. ყაჩაღობასთან ერთად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაც ედებოდა ბრალად. არ აღიარებდა დანაშაულს. აცხადებდა, რომ საერთოდ არ იყო იმ ადგილას, ამიტომ მეც დარწმუნებული ვიყავი მის უდანაშაულობაში. პროცესები ფინალამდეა გასული. პროკურორი გამოდის და თავის პოზიციას აფიქსირებს, განსასჯელი ზის ჩემ უკან, უშუშებო საბრალდებო სკამზე. გადმოიხარა ჩემკენ და მეუბნება, - დანაშაული უნდა ვაღიარო. გაიგე? უნდა ვაღიაროო. გაოგნებულმა შევხედე და გაჩუმება ვურჩიე, მაგრამ არ ჩუმდება, მხარზე გამუდმებით მიკაკუნებს და ჩამჩურჩულებს, უნდა ვაღიაროო. უკვე პროკურორი ასრულებს თავის სიტყვას, ეს კი ვერ გავაჩერე, გადავყავი ხელი და ხელზე ისე ძლიერად ვუჩქმიტე, აყვირდა, - "ვაიმეეე". უცებ პროცესი გაჩერდა და ყველა ბრალდებულისკენ იყურება. უნდათ გაიგონ, რა ხდება, ის ვერც ამბობს ვერაფერს. მოსამართლეს გაეცინა, არ ვიცი, გვიყურებდა თუ არა. პაუზის შემდეგ გავაგრძელეთ პროცესი. გაჩუმდა და დარჩა ძველ პოზიციაზე. საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგა. ჩემგან მიყენებული ტკივილი ასე ვთქვათ, ღირდა. დიდ სასჯელს ასცდა, საკმაოდ დიდი მუხლი იყო, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.

- დამნაშავეს ბრალის აღიარება რატომ დაუშალეთ?

- მართლა მჯეროდა, რომ ეს ადამიანი უდანაშაულო იყო. არ ვიცი, რატომ მოუნდა უცებ აღიარება. შესაძლოა იფიქრა, აქ ვერ გავიტან ჩემს სიმართლესო. იმ საქმეში კიდევ სხვა პირებიც ფიგურირებდნენ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ მასზე ზეწოლაც მოხდა. სამოქალაქო საქმეების განხილვის დროსაც ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა მხარე რაღაც ინფორმაციას ასაჯაროებს და ჰგონია, ეს ჩვენება მისთვის სასიკეთოა, პირიქით კი გამოდის. ასეთ დროს ბევრჯერ ფეხი მიმირტყამს კლიენტისთვის ან მიბწკენია, მაგრამ იმ ერთხელ ძალიან მწარედ გამომივიდა. სამოქალაქო დავა იხილებოდა. ჩემი მოწინააღმდეგის ადვოკატი მეგრული კილოთი მთელი პროცესის განმავლობაში აცხადებდა, ეს ბავშვი არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შვილი, რადგან მათ ოჯახი არ შეუქმნიათო. დიდხანს ვუხსნიდი, ოჯახის შექმნის გარეშეც რომ შეიძლებოდა გაჩენილიყო ბავშვი.

- განქორწინებისას როცა ცოლ-ქმარი ნივთებზე დაობს, პროცესზე უხერხული სიტუაცია არ იქმნება?

- ერთი დავა მახსენდება. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ცოლ-ქმარი იყრებოდა. ქალის ინტერესებს ვიცავდი. ისეთ წვრილმან ნივთებზე დაობდა მამაკაცი, გაოცებული დავრჩი. უკან დასაბრუნებელი ნივთების დიდი არზა ჰქონდა ჩამოწერილი. ჩამონათვალში ეწერა 3 ლარი. დავინტერესდი, ეს 3 ლარი რა თანხა იყო. ტაქსით მოვიდა სახლში და 3 ლარი გადავიხადეო. ვერ გავიგე? - ვკითხე მამაკაცს. ცოლმა განმარტა, სახლთან ახლოს კი ვმუშაობდი და ფეხით დავდიოდი სამსახურში, მაგრამ იმ დღეს ძალიან წვიმდა, ტაქსი გავაჩერე, ფული არ მქონდა და მეუღლეს დაურეკე, რომ ჩამოსულიყო და ტაქსის ფული გადაეხადა, ის სამი ლარი აქვს ჩაწერილიო. არადა, 3 წლის ცოლ-ქმარი იყვნენ. ქორწილის ხარჯებიც დეტალურად ჰქონდა ჩამოწერილი და ყველაფრის ანაზღაურებას ითხოვდა.

- დააკმაყოფილა სარჩელი მოსამართლემ?

- არ აუნაზღაურდა, ეს მხოლოდ მისი განცხადება იყო და სათანადო ჩეკები ვერ წარმოადგინა. ზოგჯერ ნივთებიც კი მოაქვთ პროცესზე და კომიკური სიტუაცია იქმნება. გგონია, სოლიდურ ადამიანთან გაქვს საქმე და პროცესზე ისე ამაზრზენად იქცევა, ისეთ მეწვრილმანეს ხედავ, გაოცებული რჩები.

- ხშირად აკავებენ მოძალადე ქმრებს, ასეთი დავებიდანაც ხომ არ გაიხსენებთ რამეს?

- საკმაოდ მომრავლდა მოძალადე ქმრების დაკავება. ბოლო დროს მათ აუცილებლად პატიმრობას უსჯიან. 6, 9 ან 12 თვით უშვებენ ციხეში. თავიდან ცოლები აჭერინებენ, მაგრამ სასამართლოზე უნდა ნახოთ თქვენ ეს ცოლები. ხშირად სხედან პროცესზე, როგორც მეუღლის გულშემატკივარი. ჰაეროვან კოცნას უგზავნიან დარბაზიდან ბრალდებულს ან უღიმიან, ამხნევებენ. ჩვენების შეცვლასა და დუმილის უფლების გამოყენებაზე არ ვსაუბრობ. საპროცესო კოდექსში არის მუხლი, ახლო ნათესავის წინააღმდეგ შეუძლია ადამიანს არ მისცეს ჩვენება და ამ მუხლს იყენებენ მერე სასამართლოში, არ აძლევენ ჩვენებას. დააჭერინებენ და მერე ციხეში დადიან პაემნებზე, მიაქვთ სანოვაგე და გამოსვლის შემდეგ ისევ ერთად არიან.სამოქალაქო დავების დროს ისეთი მამებიც მინახავს, შვილის აღიარება რომ არ უნდათ. ერთ ცნობილ მამაკაცს შვილის აღიარება და ალიმენტის გადახდა არ უნდოდა. ბავშვის დედა ითხოვდა ალიმენტს და ერთ-ერთ პროცესზე მოყვანილი ჰყავდა ბავშვი. ძალიან უნდოდა საკუთარი შვილი ენახა მამას. მოსამართლესაც სურდა, ამ მამაკაცს შვილის სიყვარული გაღვიძებოდა, მაგრამ მახსოვს მამის არანორმალური პროტესტი, როცა უთხრეს, რომ შეეძლო ენახა თავისი 4 წლის გოგონა, მან უარი განაცხადა დანახვაზეც კი. არადა, 2 წელი ერთად ცხოვრობდნენ. მოსამართლემ საკმაოდ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ეჭვი გვქონდა, ეს ბიჭი შემოსავლებს მალავდა, არ უნდოდა შვილისთვის ალიმენტი გადაეხადა... თუმცა, ისეთ მამებსაც შევხვედრივარ, რომლებიც შვილის ნახვის უფლების მოსაპოვებლად იბრძვიან. მომწონს ასეთი საქციელი.

- მახსოვს, მკვლელობაში ბრალდებულს იცავდით, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლის საყვარელი მოკლა. ახლახან შევიტყვე, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ეს წყვილი ისევ ერთად ყოფილა...

- მძიმე ფაქტი მოხდა. იმ ღამით მეუღლემ ცოლი ვერ ნახა სახლში და ძებნა დაიწყო. მეზობლის სახლში შუქი დაინახა. წესით, იქ არავინ უნდა ყოფილიყო. დაეჭვდა და გაჰყვა კვალს. ფაქტზე შეუსწრო ცოლს მეზობელთან. შეძრწუნებულმა აიღო იქვე დაგდებული ჯოხი და ამ ჯოხით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ორივეს. მისი მეუღლე გადარჩა, მამაკაცი კი გარდაიცვალა. ცალსახად, აფექტში იყო ჩადენილი მკვლელობა. ჩემი დასაცავი ამბობდა, მეზობლის ჭიშკარში შესულს, ცოლის ვნებიანი კვნესის ხმა რომ შემომესმა, გავგიჟდიო. ამის შემდეგ მისი მეხსიერება ფრაგმენტულია, რაც აფექტს ახასიათებს. წინ გადაეღობა მეზობელი მამაკაცი და ჰკითხა, შენ აქ რა გინდაო? ვერ იხსენებდა ბრალდებული, რა უპასუხა. არც ის ახსოვდა, ჯოხი საიდან გაჩნდა მის ხელში და მერე რა მოხდა. სახლში რომ დაბრუნებულიყო, იქიდან დანა წამოეღო და დანაშაული მერე ჩაედინა, აფექტის საკითხი შესაძლოა ეჭვქვეშ დამდგარიყო, მაგრამ მან იქვე დაგდებული ჯოხი აიღო და მამაკაცს ურტყა. ამბობდა, ცოლის შიშველ მხარს ამ მამაკაცის ზურგს უკან მოვკარი თვალი და მერე არაფერი მახსოვსო. არც ის ახსოვს, ცოლს ჯოხი რამდენჯერ ჩაარტყა. გონს რომ მოვედი, მიწაზე ვეგდე და ვკანკალებდიო. როგორც ჩანს, დანაშაულის შემდეგ ცოლის გადარჩენას ცდილობდა და მოსასულიერებლად წყალს ასხამდა. ეს შეცოდების მომენტიც აფექტისთვისაა დამახასიათებელი. ყველა გარემოება ადასტურებდა აფექტს, მაგრამ ის მაინც განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და 16 წელი მიუსაჯეს. შემდეგ ამნისტია შეეხო, სასჯელი გაუნახევრდა, რეალურად 6 წელი იჯდა ციხეში და გათავისუფლდა. ამ მძიმე ფაქტის მიუხედავად, ერთი დღეც არ ყოფილა, ცოლ-ქმარს ერთმანეთისთვის არ ეგულშემატკივრა. ცოლი ციხეშიც აკითხავდა მას და დღესაც ერთად ცხოვრობენ...

- რა შემთხვევაში არ დაიცავთ ბრალდებულს?

- იშვიათად ვიღებ მკვლელობის საქმეებს. როცა მჯერა ბრალდებულის პოზიციის, მაშინ ვიცავ. ხშირად მითქვამს უარი ბრალდებულის დაცვაზე. საქმეებს ვარჩევ. არასრულწლოვნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მხილებულს არასოდეს ვიცავ!

- რა განცდაა ადვოკატისთვის, როცა მოსამართლეს გამამართლებელი განაჩენი გამოაქვს ან პირიქით - გამამტყუნებელი?

- სამოქალაქო საქმეების დროს უფრო გათვლადია, რა შედეგი შეიძლება დადგეს. იცი საქმის სუსტი და ძლიერი მხარე, კლიენტსაც წინასწარ ამზადებ მოსალოდნელი შედეგისთვის. მთავარია, ყველა საქმეს გულით მიუდგე და მაქსიმუმი გააკეთო. გამამართლებელი განაჩენი - ეს უბედნიერესი წუთები და საოცარი განცდაა. მაშინ ხვდები, რომ ეს პროფესია ღირდა ამ ემოციებისთვის. საოცარია, როცა შენ თვალწინ იცვლება სიტუაცია, იღება შენი დასაცავისთვის კარი და ის თავისუფლდება, ეხუტება ნათესავებს, რომელთა შეხების უფლებაც არ ჰქონდა. როცა საქმეს ვიღებ, ვითავისებ მათ მდგომარეობას. ყველაზე მეტად განვიცდი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას. პროკურატურა პატიმრობას რომ ითხოვს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ქირურგი ვარ, ჩემ წინ არის მომაკვდავი პაციენტი და აუცილებლად უნდა ვუშველო. ხანდახან მავიწყდება მისი ჩადენილი ქმედება და ის, რომ არავინ გამოუშვებს გარეთ; მე მაინც თავგანწირვით ვიცავ.ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს და ხშირად, საკუთარი შვილისთვის არ მრჩება დრო, მაგრამ ტელეფონის ზარს ყოველთვის ვპასუხობ. გირეკავს, სჭირდები და შეიძლება, ერთი სიტყვა მნიშვნელოვანი იყოს მისთვის.ასაკოვან ქალბატონს ვიცავდი, ოჯახის წევრს უჩიოდა. ქალს სიმსივნე ჰქონდა და რამდენჯერმე მივაკითხე სახლში. ერთ დღეს დამირეკა. არ მომეწონა მისი ხმა, მოვიმიზეზე დოკუმენტაციის წამოღება და შინ მივაკითხე. დიდხანს ვილაპარაკეთ. რომ გამოვდიოდი, მითხრა, - შენ რომ არ მოსულიყავი, ისე ცუდად ვიყავი, ვფიქრობდი, წამლები დამელია და თავი მომეკლაო. ამ ამბის შემდეგ არც ერთ ზარს აღარ ვტოვებ უპასუხოდ. გიყურებენ როგორც გადამრჩენელს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ საკუთარ თავსაც და პროფესიასაც.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"