"ქორწილის ხარჯებიც დეტალურად ჰქონდა ჩამოწერილი და ყველაფრის ანაზღაურებას ითხოვდა" - კვირის პალიტრა

"ქორწილის ხარჯებიც დეტალურად ჰქონდა ჩამოწერილი და ყველაფრის ანაზღაურებას ითხოვდა"

ნინო ლალიაშვილი თითქმის 20 წელია, ადვოკატად მუშაობს და ბევრი საინტერესო საქმე განუხილავს. მკვლელიც დაუცავს და მეუღლეებს შორის საოჯახო დავაშიც ჩარეულა. ის ჟურნალ „გზასთან“ რამდენიმე საქმეს იხსენებს:

ნინო ლალიაშვილი: - განქორწინებისას როცა ცოლ-ქმარი ნივთებზე დაობს, პროცესზე უხერხული სიტუაცია იქმნება ხოლმე. ერთი დავა მახსენდება. რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ცოლ-ქმარი იყრებოდა. ქალის ინტერესებს ვიცავდი. ისეთ წვრილმან ნივთებზე დაობდა მამაკაცი, გაოცებული დავრჩი. უკან დასაბრუნებელი ნივთების დიდი არზა ჰქონდა ჩამოწერილი. ჩამონათვალში ეწერა 3 ლარი. დავინტერესდი, ეს 3 ლარი რა თანხა იყო. ტაქსით მოვიდა სახლში და 3 ლარი გადავიხადეო. ვერ გავიგე? - ვკითხე მამაკაცს. ცოლმა განმარტა, სახლთან ახლოს კი ვმუშაობდი და ფეხით დავდიოდი სამსახურში, მაგრამ იმ დღეს ძალიან წვიმდა, ტაქსი გავაჩერე, ფული არ მქონდა და მეუღლეს დაურეკე, რომ ჩამოსულიყო და ტაქსის ფული გადაეხადა, ის სამი ლარი აქვს ჩაწერილიო. არადა, 3 წლის ცოლ-ქმარი იყვნენ. ქორწილის ხარჯებიც დეტალურად ჰქონდა ჩამოწერილი და ყველაფრის ანაზღაურებას ითხოვდა.

- დააკმაყოფილა სარჩელი მოსამართლემ? - არ აუნაზღაურდა, ეს მხოლოდ მისი განცხადება იყო და სათანადო ჩეკები ვერ წარმოადგინა. ზოგჯერ ნივთებიც კი მოაქვთ პროცესზე და კომიკური სიტუაცია იქმნება. გგონია, სოლიდურ ადამიანთან გაქვს საქმე და პროცესზე ისე ამაზრზენად იქცევა, ისეთ მეწვრილმანეს ხედავ, გაოცებული რჩები.

იხილეთ ასევე: "გაჩერდი, თორემ ვიტყვი, შენ რა ქალიც ხარო"